კარწახის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარწახი (მრავალმნიშვნელოვანი).
კარწახის ტბა
კარწახის ტბა
კარწახის ტბა
კოორდინატები: 41°12′53″ ჩ. გ. 43°12′53″ ა. გ. / 41.2149139° ჩ. გ. 43.2149639° ა. გ. / 41.2149139; 43.2149639
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
თურქეთის დროშა თურქეთი (არტაანის პროვინცია)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1799 
ფართობი 26,3 კმ²
მოცულობა 19,3 კმ³
საშუალო სიღრმე 0,7 
მაქსიმალური სიღრმე
მარილიანობა 880 
აუზის ფართობი 158 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კარწახი
კარწახის ტბა — საქართველო
კარწახის ტბა
კარწახის ტბა — თურქეთი
კარწახის ტბა
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

კარწახის ტბა, ხოზაფინის ტბა — ტბა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე.[1] მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე მტკვრის აუზში, ზღვის დონიდან 1799 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 26,3 კმ², აუზის ფართობი 158 კმ², საშუალო სიღრმე 0,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 1 მ, წყლის მოცულობა 19,3 მლნ. მ³. სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს ფარგლებშია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი — თურქეთში.[2]

აუზის რელიეფი ვულკანური წარმოშობისაა, სუსტად დანაწევრებული. კარწახის ტბის აუზი ხასიათდება ძალიან სუსტად განვითარებული მდინარეთა ქსელით. აღსანიშნავია მდინარე კარწახი, რომელიც ტბას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთვის. კარწახის ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა. უკავია კარწახის სინკლინური ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. გეგმაში არასწორი ოვალური ფორმისაა. სანაპირო ხაზი უმნიშვნელოდ არის შეჭრილ-შემოჭრილი.[2]

ტბის თურქულ ნაწილში არის კუნძულები. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს ივნისში, მინიმალურს — თებერვალში. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (880 მგრ/ლ). დეკემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე დაფარულია ყინულით.[2] ტბის მიდამოებშია ბუნებრივი სუბალპური ტყე.[3]

კარწახის ტბა წყლის ფრინველთა სამფლობელოა. მასზე აღრიცხულია 59 სახეობის ფრინველი, აქედან 20 წყალმცურავია. აქვე წეროებზე და ხუჭუჭა ვარხვებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. კარწახის ტბასა და მის შემოგარენში მთის სტეპებსა და გასტეპებულ მდელოებზე 2004 წელს აღმოაჩინეს საქართველოს ფლორაში აღწერილი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი Dasiphora fruticosa, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება საქართველოში.[3]

ტბის ნაპირზე დგას ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შეიარაღებული ძალების სათვალთვალო კოშკი, საიდანაც შეიძლება ფრინველებზე დაკვირვება. ტბაში ევტროფიკაციული პროცესები საშუალოზე დაბალი ინტენსივობისაა.[4]

კარწახის ტბა წარსულში ტბის კალმახით ყოფილა სავსე. დღეისათვის გვხვდება კობრი.[5]

მახლობლად გაშენებულია სოფელი კარწახი.

ტბა აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს ნაშრომში „საქართველოს გეოგრაფია“:[6]

ვიკიციტატა
„ხოლო კვალად გოკიისწყლის შესართავის, ჯავახეთის მტკვრის სამჴრით, მაღლა მინდორსა ზედა, მთის ძირად, არს ტბა კარწახისა, დიდი და აღვსილი თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 228, თბ., 2009.
  2. 2.0 2.1 2.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. 3.0 3.1 ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება
  4. სამცხე-ჯავახეთი. ცნობარი. თბილისი. 2016
  5. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
  6. ბატონოშვილი ვახუშტი. საქართველოს გეოგრაფია. რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი. 1904