შინაარსზე გადასვლა

სუფსა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სუფსა (მრავალმნიშვნელოვანი).
სუფსა

ხიდი მდინარე სუფსაზე ძიმითსა და ნასაკირალს შორის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე
ქალაქები ჩოხატაური
სათავე მეფისწყარო
41°50′24″ ჩ. გ. 42°39′21″ ა. გ. / 41.84000° ჩ. გ. 42.65583° ა. გ. / 41.84000; 42.65583
სათავის მდებარეობა მესხეთის ქედი
სათავის სიმაღლე 2800 მ
შესართავი შავი ზღვა
42°01′09″ ჩ. გ. 41°45′09″ ა. გ. / 42.01917° ჩ. გ. 41.75250° ა. გ. / 42.01917; 41.75250
შესართავის მდებარეობა სოფელი გრიგოლეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 117[1] კმ
აუზის ფართობი 1130 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 4 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 46 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 700 მ³/წმ
სუფსა — გურიის მხარე
სუფსა
სუფსა
— სათავე, — შესართავი
სუფსა ვიკისაწყობში

სუფსამდინარე დასავლეთ საქართველოში, ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარე გურიაში. სუფსა ერთადერთი მდინარეა, რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება. გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური.

სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ გრიგოლეთთან. სიგრძე 117 კილომეტრი, მდინარის აუზის ფართობი 1130 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია გუბაზეული, ბახვისწყალი, ბარამიძისწყალი, შუთი. აუზის ჩრდილოეთი საზღვარი გურიის ქედს გასდევს, სამხრეთი — მესხეთის ქედსა (ზემო დინებაში) და ნასაკირალის სერს (ქვემოწელში). აუზი აგებულია ტუფოგენური ქანებით, ქვაშაქვებით, ქვიშნარ-კონგლომერატული ნალექებით, თიხებით. სათავის მონაკვეთზე აუზი შემოსილია სუბალპური მდელოს მცენარეულობით, 2000 მ-ზე ქვემოთ — ტყით, რომლის შემადგენელია სოჭი, ფიჭვი, წიფელი, რცხილა, მუხა და სხვა. სოფელ ბუკისციხის ქვემოთ აუზის დიდი ნაწილი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. იცის წყალმოვარდნები (წელიწადში 16—27-ჯერ). გაზაფხულის წყალდიდობა შედარებით ხანმოკლეა. მდინარის წყლის რეჟიმი უმთავრესად დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობაზე, მაქსიმალური ხარჯი სოფელ ხიდმაღალასთან 700 მ³/წმ აღწევს, მინიმალური ხარჯი ქვემო დინებაში 4 მ³/წმ, საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან — 46 მ³/წმ.

სახელწოდება სუფსას თავდაპირველი ფორმაა სურ-ფსა. მდინარე სათავეს სურების მთებში იღებს. მისი სახელი სურების წყალს უნდა ნიშნავდეს. მდინარე სუფსა მოგროსის ბერძ. Μῶγρος[2] სახელით და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, პლინიუს უფროს და ფლავიუს არიანეს. ახ. წ. IV საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი. სუფსაზე ნაოსნობა XIX საუკუნემდე გრძელდებოდა. 1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად სუფსაზე სამდინარო ნავები მდინარე ბახვისწყლის შესართავამდე, ზღვიდან 26 კმ დაშორებით ადიოდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის ასეთი 25-30 ბრტყელძირიანი ნავი იყო, თითოეულის ტვირთმზიდაობა 1,5-დან 5 ტონამდე ადიოდა.[3]

  1. საქართველოს სტატისტიკური ცნობარი: 2007, თბილისი, 2008, გვ. 12.
  2. Dictionary of Greek and Roman Geography (1854), MOGRUS.
  3. ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001