დიდღელეს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდღელეს მღვიმე
კოორდინატები: 42°23′24″ ჩ. გ. 42°37′44″ ა. გ. / 42.39000° ჩ. გ. 42.629000° ა. გ. / 42.39000; 42.629000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 395 მ
შეფარდებითი სიმაღლე 60 მ
სიგრძე 295 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
დიდღელეს მღვიმე — საქართველო
დიდღელეს მღვიმე
დიდღელეს მღვიმე — იმერეთის მხარე
დიდღელეს მღვიმე

დიდღელეს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ყუმისთავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4–5 კმ-ზე, ადგილ მელოურის მიდამოებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოსუნელას ტაფობში, ზღვის დონიდან 395 მ სიმაღლეზე.[1] შესასვლელი იხსნება 20 მ-იანი ქარაფის ფსკერზე. მღვიმის სიგრძეა 295 მ, ფსკერის ფართობი 1100 მ², სიღრუის მოცულობა 3650 მ³. გამომუშავებულია სდდ 250–270° ვალანჟინურ-ჰოტრივული ასაკის სქელ და საშუალოშრეებრივ სდდ 250–270° აზიმუტითა და 25–30° კუთხით დაქანებულ გადოლომიტებულ კირქვებში.[2]

მღვიმეში იზომება ნაპრალთა რამდენიმე სისტემა, რომელთა შორის შვეული და ციცაბოდვარდნილი დჩდ 270–280° და მერიდიანული (მცირე გადახრებით) სისტემებია გაბატონებული. შესასვლელთანაც და საკუთრივ მღვიმეებშიც შეინიშნება ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიენტირებული, ტექტონიკური ბუნების დიაგონალურ ნაპრალთა შედარებით სუსტად გამოხატული სისტემები. მღვიმის დაახლოებით შუა მონაკვეთში, დერეფანი სუბმერიდიანული მიმართების, მაგრამ საწინააღმდეგოდ დაქანებულ, ორ კარგად განვითარებულ, ერთმანეთთან და შეთავსებულ ღია რღვევის გადაკვეთის ხაზზე გაჩენილ ხვრელს მიუყვება. დიდღელეს მღვიმე დაღმავალი, საფეხურებრივია.[2]

შესასვლელიდან მე-100 მ-ზე დერეფანი აწყდება ეროზიულ საფეხურს. აქვე გვირაბს მარჯვნიდან ჯერ კიდევ სუსტად დამუშავებული, დატოტვილი განშტოება უერთდება. ოკინკილეს სერზე სათავეს იღებს ნაკადული, რომელიც გაედინება რა ტაფობის ფსკერზე, მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალებში იჟონება. წყალდიდობისას ნაპრალები ჭარბ წყლებს ვერ ატარებენ და შესასვლელთან ჩნდება დროებითი ტბა. ზედაპირზე მღვიმის შესასვლელთან დაკარგული ნაკადი მღვიმეში კონცენტრირდება ვიწრო, დატოტვილ მარჯვენა განშტოებაში და გასდევს მღვიმეს მთელ სიგრძეზე. ნაკადი გზადაგზა ჭორომებს, ევორზიულ ორმოებს, ხოლო დერეფნის ბოლოს სიფონს აჩენს. აკვალანგების გამოყენებით გადალახულია სამი, უაღრესად ვიწრო სიფონი, რომელთა საერთო სიგრძე 20 მ-ს არ აღემატება.[2]

მღვიმის ფსკერი მოფენილია ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდებით. ბოლო მონაკვეთზე როგორც ფსკერზე, ასევე კედლებზე, შესანიშნავადაა გამოხატული კარული ღარები.[3] დიდღელეს მღვიმესთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წყალტუბო. მანძილი წყალტუბოსა და სოფელ ყუმისთავს შორის 7,5 კმ-ია, ხოლო სოფელ ყუმისთავსა და დიდღელეს მღვიმეს შორის 7 კმ. დიდღელეს მღვიმე ბუნების ძეგლია.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 43
  2. 2.0 2.1 2.2 ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა, თბ., 2016, გვ. 56–57
  3. ავტორთა კოლექტივი. წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., 2009, გვ. 43–44
  4. დაცული ტერიტორიების სააგენტო | დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი