სურო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურო
სურო  (Hedera helix)
Hedera helix
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: არალიისებრნი
გვარი: სურო
ლათინური სახელი
Hedera

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სურო (Hedera) — მცენარეთა გვარი სუროსებრთა (არალიისებრთა) ოჯახისა. მხოხავი ბუჩქებია, მოსაკიდი ფესვებით ხეებზე, კლდეებზე, ხისა და ქვის კედლებზეა აყოლილი. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი პრიალა ფოთლები, მარტივ ქოლგა ყვავილედად შეკრებილი მწვანე ყვავილები, მომრგვალო, შავი კენკრა ნაყოფი. ყვავილობას შემოდგომაზე იქყებს და იანვარ-თებერვლამდე აგრძელებს. ნაყოფმსხმოიარობს ზამთარში. დაჩრდილული ადგილებისა და ტყეების მცენარეებია. გვარში 15 სახეობაა, საქართველოში იზრდება 3: კოლხური სურო (Hedera colchica) უმთავრესა დასავლეთ საქართველოშია გავრცელებულ, აღმოსავლეთში მხოლოდ ქართლში გვხვდება, საქართველოს ფარგლებს გარეთ — ჭანეთში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მიწაზე გაფრთხმული ყლორტების ფოთლები სქელია, ფართო კვერცხისებრი, ხოლო ძირში გულისებრი, სანაყოფე ყლორტებისა — რომბისებრი. იზრდება კოლხურ და წიწვოვან ტყეებში. კავკასიურ სუროს (Hedera caucasigena) აქვს დანაკვთული სამკუთხაკვერცხისებრი ფოთლები, რომლის ზემო მხარეზე თეთრი ძარღვებია. გავრცელებულია მთელ საქართველოში. აგრეთვე კავკასიის, შუა ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე აზიისა და ირანის ტყეებში. პასტუხოვის სუროს (Hedera pastuchovii) მიწაზე გართხმული ყლორტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებრია, მთლიანი ან დანაკვთული, მხოხავი ყლორტებისა — მოგრძოკვერცხისებრი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში გავრცელებულია ქართლსა (საგურამოს ქედი) და კახეთში, გვხვდება აგრეთვე აზერბაიჯანში და ირანში კასპიისპირეთში. სამივე სახეობა კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სურო&oldid=2585189“-დან