ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა — საინჟინრო ჰიდროტექნიკური ნაგებობა აღმოსავლეთ საქართველოში. სარწყავი სისტემის ერთი მთავარი სათავე-ნაგებობა აშენებულია მდინარე ალაზანზე სოფ. დუისთან, მეორე — მდინარე ილტოზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი). მთავარი არხი გადის ალაზნის ვაკეზე, გრძელდება ივრის ზეგანზე და ელდართან უერთდება მდინარე იორს. მისი საერთო სიგრძე თითქმის 214 კმ-ია, წყალგამტარობა 24 მ³/წმ. სარწყავი სისტემის მთლიანი სიგრძე შეადგენს 2420 კმ-ს და რწყავს 108,4 ათ. ჰა მიწას. ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა დაიწყო 1965 წელს. მთავარი არხის მშენებლობის პირველი რიგი (სიგრძე 78 კმ) გადის პანკისის ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირზე და შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთს მდინარე ფაფრისხევამდე. ეს მონაკვეთი ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარეზე. რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 41,1 ათ. ჰა მიწას. მეორე რიგის მშენებლობა დაიწყო მდინარე ფაფრისხევიდან. აქედან არხი 15,3 კმ საერთო სიგრძის 3 გვირაბით კვეთს გომბორის ქედს, გადის გარეკახეთში სოფ. არაშენდასთან და აღწევს ოლეს წყალსაცავს. წყალსაცავიდან გამოსული არხი რწყავს ოლე-ნაომარის, ტარიბანის, ნატბეურის ვაკე-ტაფობებს და ელდარის დაბლობს. ივრის ზეგანზე მთავარი არხის საერთო სიგრძე შეადგენს 135,8 კმ-ს და რწყავს 67,3 ათ. ჰა მიწის ფართობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]