ქართული ნეკერჩხალი (ლათ.Acer ibericum) — ტანდაბალი, 10 მეტრამდე სიმაღლის ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა.[1] პატარა ლამაზი ვარჯით, ყლორტები მოყავისფროა, მეჭეჭებით აღჭურვილი, ტოტები და ღერო დაფარულია მუქი ნაცრისფერი ქერქით. ფოთლები ხორციანი და წვრილია, 25-40 მმ სიგრძისა და 35-70 მმ სიგანის, სამნაკვთიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე და მბრწყინავი, ქვედა მხრიდან კი — ბაცი მწვანე. ფოთლის ყუნწი მოწითალოა 20-40 მმ-მდე. წვრილი მოყვითალო-მწვანე ფერის ყვავილები შეკრებილია მცირერიცხვოვან (6-8), აღმამდგომ მტევნისებრ ყვავილედებში. ნაყოფი ორმაგი ფრთიანი კაკალია. ფრთები თითქმის ურთიერთპარალელურია. ნორჩობაში ფრთები მოწითალოა. თესლები მომრგვალო წახნაგოვანი. ქართული ნეკერჩხალი ძლიერ სიმშრალის ამტანი მცენარეა, რის გამოც კარგია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ადგილების გატყიანებისთვის. იგი სიცივის ამტანია, გავრცელებულია როგორც დაბლობ ადგილებში ისე მთებში.
ქართული ნეკერჩხალი ველურადაა გავრცელებული ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში და ძირითადად ტყისპირებსა და ღია ადგილებში. საქართველოში იგი ჩვენი ნათელი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი მცენარეა. განსაკუთრებით ხშირია შირაქიდან ალაზნისკენ დაქანებულ ფერდობთა ხევებში და სხვა. მდინარის კანიონებით (ქცია, მაშავერა, ბოლნისისწყალი) შეჭრილია მთების შუა სარტყელშიც. აღნიშნულ ნეკერჩხალთან ძალიან ახლოს დგას მონპელიეს ნეკერჩხალი (ლათ.Acer monspessulanum), რომელიც დასავლეთ ევროპის სამხრეთ ქვეყნებშია გავრცელებული.