ჯავახეთის ზეგანი
ჯავახეთის ზეგანი | |
---|---|
![]() ჯავახეთის ზეგნის ლანდშაფტი | |
კოორდინატები: 41°30′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ. / 41.500° ჩ. გ. 43.500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | დიდი აბული |
სიმაღლე | 3305 მ |
![]() |
ჯავახეთის ზეგანი — ვულკანური ზეგანი სამხრეთ საქართველოში.
ჯავახეთის ვულკანური ზეგანი ძირითადად აგებულია ეფუზიური ქანებით. მის ზედაპირზე ფართოდაა გავრცელებული ზედა პლიოცენური დოლერიტული განფენები, რომლის საგებშიც განლაგებულია ნეოგენური ასაკის გოდერძის ვულკანოგენური წყება. ალაგ-ალაგ გავრცელებულია ტბიური ნალექებიც. რელიეფში დომინირებს 1500-2200 მ სიმაღლეზე აზიდული ვაკეები, რომლებიც გართულებულია ტბებით და ჭაობებით მოფენილი ტაფობ-ქვაბულებითა და მდინარეების კანიონისებრი ხეობებით. ზეგნის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რელიეფში ლავების დანაოჭების შედეგად განვითარებულია სერები და ხეობები (აზმანის, მურაკვალის, ტაბისყურის, კოდალის სერები, ზემო ქციის ხეობები, ტაბისყურის ქვაბული).
ჰავა ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე გარდამავალია. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია. საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6 °C შეადგენს, იანვარში -5°C-დან -10°C-მდე მერყეობს, ხოლო ივლისში 15-16°C-ს აღწევს. აბსოლუტური მინიმუმი -34°C-დან -41°C-მდე ეცემა, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 30-35°C-მდე ადის. წლიური ნალექების რაოდენობა 600-750 მმ-ია.
ჰიდროგრაფიული ქსელი მდინარეებითა (მტკვარი, ფარავანი, ქცია, ბარალეთისწყალი და სხვა) და ლავური ვოკლუზებით არის წარმოდგენილი. მდინარეები ზედა დინებაში მცირე ვარდნით ხასიათდება, ხოლო ქვედა დინებაში კი - დიდით. ტბების უმრავლესობა გამდინარე და მტკნარია, მხოლოდ კარწახის ტბა შეიცავს მომლაშო წყალს. წყაროები გამოირჩევა დიდი დებიტით, დაბალი ტემპერატურითა და მტკნარი წყლით.
რეგიონში გავრცელებულია მთის სტეპური მცენარეულობა და მდელოს ბალახეული საფარი. ალაგ-ალაგ ხელოვნურად გაშენებული ტყეებია. ფლორა და ფაუნა მდიდარია ბორეალური ელემენტებით.
ცხოველთა სამყაროდან ძირითადად გავრცელებულია — ტურა, მელა, ხოლო ფრინველთა სამყაროდან — გნოლი, კავკასიური როჭო, კაკაბი, მწყერი, კასპიური შურთხი, გარეული იხვი, მტრედი და სხვა. ტბებსა და მდინარეებში მრავლადაა თევზის სახეობები, როგორიცაა კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა.
-
ჯავახეთის მტკვარი ფარავნის ტბასთან
-
ლანდშაფტი ფარავნის ტბასთან
-
ჯავახეთი. ლანდშაფტი
-
ჯავახეთის მტკვარი ნაისასთან
-
ლანდშაფტი სოფელ ბარალეთთან
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 525.
- კუკური მეტრეველი, ჯავახეთი[მკვდარი ბმული], თბ. 2010, ISBN 978-9941-0-3008-6