ცუცხვათის მღვიმოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცუცხვათის მღვიმოვანი
ცუცხვათის მღვიმოვანის გეგმა
ცუცხვათის მღვიმოვანის გეგმა
კოორდინატები: 42°16′24″ ჩ. გ. 42°51′16″ ა. გ. / 42.273583° ჩ. გ. 42.854583° ა. გ. / 42.273583; 42.854583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 250–400 მ
სიგრძე 800-900 მ
შესასვლელთა რაოდენობა მრავალკარიანი
ამგებელი ქანები კირქვა
ცუცხვათის მღვიმოვანი — საქართველო
ცუცხვათის მღვიმოვანი
ცუცხვათის მღვიმოვანი — იმერეთის მხარე
ცუცხვათის მღვიმოვანი

ცუცხვათის მღვიმოვანი — მრავალსართულიანი კარსტული მღვიმე საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის სამხრეთით,[1] ოკრიბა-არგვეთის სერზე, ზღვის დონიდან 250–400 მ სიმაღლეზე. მღვიმური კომპლექსი გამომუშავებულია ცუცხვათის ქვაბულში გამდინარე პატარა მდინარე შაბათაღელის მიერ 6–7 ჰა ფართობზე, ქვედაცარცული ასაკის მასიურ კირქვებში. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსურმა ექსპედიციამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ლევან მარუაშვილი მღვიმოვანის 75 მეტრიან ვერტიკალურ ჭრილში 13 სართული გამოყო. მდინარის დონიდან ყველაზე მაღალ მღვიმემდე 60–70 მ-ია.[2]

თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი — მდინარე შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება. მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე 200 მ, სიგანე 10–30 მ, სიმაღლე 10–28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები, ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.[3]

განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12–13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის — VII–IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს — შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა. თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.[3] პალეოლითიდან დაწყებული გვიანფეოდალურ ხანამდე გამოიყენებოდა ადამიანების მიერ ჯერ როგორც საცხოვრისი და შემდგომ როგორც გამაგრებული სახიზარი.[4] ცუცხვათის მღვიმოვანი ბუნების ძეგლია.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნიკა თუშაბრამიშვილი. საქართველოს მღვიმეები
  2. წიქარიშვილი, კუკური, საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013
  3. 3.0 3.1 იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე[მკვდარი ბმული]
  4. ლევან მარუაშვილი, მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973.
  5. ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი