შინაარსზე გადასვლა

წალკის წყალსაცავი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°37′10″ ჩ. გ. 44°02′53″ ა. გ. / 41.61944° ჩ. გ. 44.04806° ა. გ. / 41.61944; 44.04806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალკის მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე)
ზღვის დონიდან 1506
ფართობი 33,7 კმ²
მოცულობა 0,312 კმ³
უდიდესი სიღრმე 25
საშუალო სიღრმე 9,3
აუზის ფართობი 1060 კმ²
წალკის წყალსაცავი — საქართველო
წალკის წყალსაცავი
წალკის წყალსაცავი — ქვემო ქართლი
წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს აშენებულია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს თებერვალ-მარტში. წყლის დაგროვება იწყება აპრილში და გრძელდება ივლისამდე, შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 სმ-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.

წყალი ყველაზე ცივია თებერვალში (0,2 °C), თბილი აგვისტოში (18,7 °C). დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ-ს აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი წალკა, ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხადიკის ტბა, სანთის ტბა და სხვა.[1]

  • აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
  • საქართველოს გეოგრაფია, წიგნი I, გვ. 52, თბ., 2005.