მოცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოცვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Ericales
ოჯახი:  მანანასებრნი
გვარი:  მოცვი
ლათინური სახელი
Vaccinium

მოცვი (ლათ. Vaccinium) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია.

აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი — მთის მოცვი (ლათ. Vaccinium myrtillus), ლურჯი მოცვი (ლათ. Vaccinium uliginosum) და წითელი მოცვი (ლათ. Vaccinium vitis-idea) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი — კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში.

მთის მოცვი მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც — დეკიანებში. ბევრია მთათუშეთში, წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლის-აგვისტოში.

მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმება ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]