თამელი
თამელი (ლათ. Sorbus torminalis) — ტანმაღალი (25 მ) ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი მეტად ლამაზი ფოთლები და ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მურა ყვითელი ან წითელია, თეთრად დაწინწკლული, შემოდგომით თანდათანობით ლურჯდება; თავდაპირველად მაგარი და მწკლარტეა, ყინვის შემდეგ კი — წვნიანი და ტკბილი.
გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი), სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; უმთავრესად მთის ფოთლოვან ტყეებში ხარობს. შერეულია მუხნარში, რცხილნარში, წაბლნარსა და წიფლნარში ერთეულ ხეებად ან ჯგუფებად.
ნორჩი ხე საკმაოდ ჩრდილის ამტანია, ასაკთან ერთად სინათლეს მეტად საჭიროებს. საკმაოდ ყინვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ მომთხოვნი. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში; საკმაო რაოდენობით შეიცავს შაქარს, მისგან არაყსაც ხდიან. აქვს მაგარი და გამძლე მერქანი, რომელსაც სახარატო და საავეჯო წარმოებაში იყენებენ. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 465.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 583.