ბიჭვინთის ფიჭვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჭვინთის ფიჭვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  წიწვოვანნი
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ფიჭვი
სახეობა:  ბიჭვინთის ფიჭვი
ლათინური სახელი
Pinus pityusa, Pinus brutia var. pityusa
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 33990

ბიჭვინთის ფიჭვი (ლათ. Pinus pityusa, Pinus brutia var. pityusa) — მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 -მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს 10-16 სმ სიგრძის ღია მწვანე ფერის წყვილ-წყვილად მჯდომი წიწვები, კვერცხისებრ-კონუსისებრი მოწითალო-წაბლა და პრიალა გირჩები (სიგრძით 6-10 სმ), რომლებიც ან მარტოულია, ანდა ორად ან ოთხად შეკრებილია და თითქმის მჯდომარე. ბიჭვინთის ფიჭვი მესამეული პერიოდის რელიქტია, კავკასიის ენდემი. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300-400 მ-ზე, თუმცა ფსირცხაში 900 მ აღწევს.

იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე; ბიჭვინთის კონცხზე 298,7 ჰა-ზე ქმნის წმინდა ერთასაკოვან კორომს, რომლის ნაწილი ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალს წარმოადგენს. წმინდა კორომს ქმნის იგი ჯანხოთშიც (გელენჯიკის რაიონი). მთის კალთებზე ბიჭვინთის ფიჭვის მცირე კორომები მუხის სარტყელშია მოქცეული. აქ შერეულია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია; ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას, ნაკლებად უძლებს ყინვას. თესლმსხმოიარობას იწყებს 10-15 წლის ასაკში.

დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. იყენებენ აგრეთვე ტყის გასაშენებლად. მისი მერქანი უფრო ნაკლები ღირსებისაა, ვიდრე ჩვეულებრივი ფიჭვისა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. სამხრეთ ყირიმში იზრდება მისი სახესხვაობა (ლათ. Pinus pithyusa var. stankewiczi), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ცალკე სახეობად (ლათ. Pinus stankewiczi) მიიჩნევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]