შინაარსზე გადასვლა

მდელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვავილოვანი მდელო

მდელო — ეკოსისტემის ტიპი, რომლის ავტოტროფული კომპონენტი წარმოდგენილია უპირატესად მეზოფილური და მეზოტროფული მრავალწლიანი ბალახებით, რომლებიც მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ვითარდებიან. მდელოების უმრავლესობა გაჩნდა ჭრისა და ხანძრების შედეგად ამოყრილი ტყეებისა და ბუჩქნარების, დამშრალი ჭაობებისა და ტბების ადგილას. ბუნებრივი მდელოები ყალიბდებიან ხანგრძლივად წყლით დაფარულ ჭალებში, ზღვის სანაპიროებსა და ლიმანების ნაპირებზე სტეპის რეგიონებში, მთის ზედა სარტყლებში და სხვ. მდელოსათვის დამახასიათებელია ნიადაგის ზედა ფენის — კორდის წარმოქმნა, რომელშიც ჩაზრდილია ბალახების ფესვები და ფესურები. მთლიანი ფიტომასიდან მიწისქვეშა ნაწილი, ჩვეულებრივ, 3–5 და მეტჯერ აჭარბებს მიწისზედას. მდელოს საზოგადოებებში, ძირითადად, დომინირებენ მარცვლოვნები და ისლისებრნი. მდელო ძვირფასი საკვები სავარგულია, გამოიყენება როგორც სათიბი და საძოვარი; დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონური და სხვადასხვაწლიური ცვალებადობა და სწრაფი ცვლილებები ძოვების, თიბვისა და მელიორაციის ზემოქმედების შედეგად. განარჩევენ კონტინენტურ, ჭალის და მაღალმთიან მდელოებს.[1]

კონტინენტური მდელოები მდინარეთა ჭალებს გარეთ მდებარეობს. განირჩევა მშრალი ხეობების (წყალგამყოფებზე და ფერდობებზე, დატენიანებული მხოლოდ ატმოსფერული ნალექების ხარჯზე) და ბარის (ახლო გრუნტისწყლებიან დაბლობებზე) მდელოები. მშრალი ხეობის მდელო წარმოიქმნება ტყის ზონაში ნატყევებზე, ტყის ეწერ და რუხ ნიადაგებზე. ბარის მდელოები გავრცელებულია ტყის, ტყესტეპისა და სტეპის ზონებში; მისი ნიადაგი უფრო მდიდარი, ხოლო ბალახთდგომა უფრო მოსავლიანია. ჭალის მდელოები დაკავშირებულია წყალდიდობის დროს დატბორილ მდინარეთა ხეობებთან. გავრცელებულია ტუნდრიდან უდაბნოებამდე; ყველაზე დიდი ფართობით წარმოდგენილია ტყისა და ტყესტეპის რაიონებში. ისინი უფრო მოსავლიანი და სახეობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია, ვიდრე კონტინენტური მდელოები. მაღალმთიანი მდელოები (სუბალპური და ალპური) გავრცელებულია ტენიანი, საკმაოდ თბილი კლიმატის მქონე მთის რაიონებში (მ.შ. ალპები, კარპატები, კავკასიონი, ტიან-შანი, ალთაი, ურალი და სხვ.), ტყის ზედა საზღვრის მაღლა და ტყის სარტყელში, განადგურებული ტყეების ადგილზე. სუბალპური მდელო შედარებით მაღალი ბალახითაა წარმოდგენილი და გამოიყენება როგორც სათიბი და საძოვარი. იგი ალპურ მდელოზე უფრო მოსავლიანია. ამ უკანასკნელს დაბალი ბალახთდგომა აქვს, იყენებენ საძოვრად. პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მდელოებს აკულტივირებენ (ასწორებენ ბურცობებს, აფხვიერებენ კორდს, შეაქვთ სასუქები, თესენ ძვირფას ბალახებს და ა.შ., ტენის ნაკლებობის შემთხვევაში რწყავენ, ჭარბად დატენიანებულ მდელოებს აშრობენ).[1]

  1. 1.0 1.1 Баландин С. А. Луг // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 95.