შინაარსზე გადასვლა

მელოურის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელოურის მღვიმე
კოორდინატები: 42°23′14″ ჩ. გ. 42°37′40″ ა. გ. / 42.3873500° ჩ. გ. 42.627833° ა. გ. / 42.3873500; 42.627833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 424 მ
სიგრძე 3000 მ
მისასვლელი კარსტული ძაბრის ფსკერი
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
ჰავა დინამიკური
მელოურის მღვიმე — საქართველო
მელოურის მღვიმე
მელოურის მღვიმე — იმერეთის მხარე
მელოურის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

მელოურის მღვიმე, სამგლიას მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვილიშორთან, ადგილ მელოურის ტერიტორიაზე. შესასვლელი იხსნება შერეულ მეჩხერ ტყეში მდებარე კარსტული ძაბრის ფსკერზე, ზღვის დონიდან 424 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირზე ძირითადად გავრცელებულია თხელი და საშუალოშრეებრივი კარბონატული ქვიშაქვები. შრეებრიობის დაქანების აზიმუტი 260°–270°/15; კარგადაა გამოხატული დიაგენეტური ნაპრალები 100°–105°/15, 15°–20°/80°–85°; ეს ნაპრალები როგორც წესი, ერთი შრის ფარგლებს სცილდება და რამდენიმე შრეს მოიცავს.[2]

მღვიმის შესასვლელს გააჩნია მართი სამკუთხედის ფორმა, რომელსაც სიგანე 5 მ, სიმაღლე 2 მ აქვს. იხსნება ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე. ძაბრის სიღრმე 8–10 მ-ია, ფსკერის ფართობი 3 მ². მღვიმის შესასვლელი ნაწილი ძლიერაა დანაპრალებული, რამაც წინა ნაწილის ნგრევა გამოიწვია, ნაპრალების ხშირ ქსელში გამოიკვეთება 140°–320° და 100°–280°-ის მიმართულების ნაპრალები. ქანების შრეების წოლის ელემენტებია: ვარდნის აზიმუტი 250–12–15, მიმართება 160°–240°.[2]

დღეისათვის გავლილი და აგეგმილია 3 კმ სიგრძის მღვიმური დერეფნები და დარბაზები. გავლილია დამატებით 2 კმ-იანი დერეფანი, მაგრამ არაა აგეგმილი. მელოურის მღვიმეში აღსანიშნავია ვერტიკალური ნაპრალი 40°–184°, რომელიც კალციტის ქერქით და ნაღვენთებით არის ამოვსებული. ეს ნაპრალი, მის შუა ნაწილში იკვეთება 270°–290° ვერტიკალური ნაპრალით, რომელთა გადაკვეთის ადგილებში გაჩენილია ვრცელი დარბაზები.[2]

გეგმაში მღვიმე გვაგონებს ზედაპირული მდინარის სისტემას: გააჩნია მსხვილი ძირითადი ნაწილი და შედარებით ვიწრო შენაკადები (დერეფნები). მღვიმეში კარგად იკვეთება მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავებული ორი მონაკვეთი ფართო დარბაზებისა და ნაპრალური გასასვლელების სახით. ფართო ნაწილი მშრალ-გალერეულ სტადიაშია, მაგრამ ჭერის ნგრევას ადგილი უნდა ჰქონოდა მდინარეულ-დერეფნულ სტადიაში: „მცირე სიღრმეზე განვითარებული მღვიმის თაღის ნგრევა, როგორც წესი ხდება წყლიან-გალერეულ სტადიაში“.[3] ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სტალაგმიტები, რომელთაგანაც ზოგიერთის ზომა 2 მ-მდე აღწევს, დაზრდილია ჭერიდან მორღვეულ ლოდებზე. მღვიმეში არსებული ფართო და მაღალჭერიანი დარბაზები მდიდარია დიდი ზომის სტალაქტიტ-სტალაგმიტებით, კალციტის ქერქით, ნაღვენთი კედლებითა და მოფარდაგებებით. ქვედა სართულებზეა ჰელიქტიტები. ნაღვენთების ფერი ღია-მოყავისფროა. გვხვდება ტალახის სტალაგმიტებიც. მღვიმეში ჰაერის მკვეთრი მოძრაობა მის ვიწრო ნაპრალებსა და ქვედა სართულზე აღინიშნება.[4]

დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წარმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი, რომელიც კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს.[5] მღვიმური ამომავსებლებიდან ძირითადი ადგილი უკავია გრავიტაციულ გროვებს. ბუნების ძეგლია.[6]

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 65
  2. 2.0 2.1 2.2 ავტორთა კოლექტივი. წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., 2009, გვ. 45–47
  3. ლევან მარუაშვილი. ქუთაისისა და წყალტუბოს რაიონების „წკვარამები“, 1941, ტ. III, გვ. 177–186
  4. ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა, თბ., 2016, გვ. 57–58
  5. საქართველოს ეროვნული პარკები | მელოურის მღვიმის სპელეო ტური
  6. დაცული ტერიტორიების სააგენტო | მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი