ჯანდარის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა
კოორდინატები: 41°25′30″ ჩ. გ. 45°13′01″ ა. გ. / 41.42500° ჩ. გ. 45.21694° ა. გ. / 41.42500; 45.21694
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 291,4 
სიგრძე 6,4 კმ
სიგანე კმ
ფართობი 10,6 კმ²
მოცულობა 51 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 7,2 
საშუალო სიღრმე 3,75 
გამჭვირვალობა
ჯანდარის ტბა — საქართველო
ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა — აზერბაიჯანი
ჯანდარის ტბა
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ჯანდარის ტბა (აზერ. Candargöl) — ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე,[1] ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75 მ, მაქსიმალური სიღრმე 7,2 მ. ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც.

აქ განვითარებულია ხისტი ჭაობის მცენარეულობა, ძირითადად ლელი და ლაქაში. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად ვერხვი, ტირიფი და იალღუნია წარმოდგენილი. ტბის შემოგარენშია ნახევარუდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი სახეობები — ძეძვი, მწარე აბზინდა და Botriochlora ischaemum.[2]

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 წითელთავა ყვინთია; 200-300 წითელი იხვი; 10000-15000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა.[2]

ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება გარდაბნის არხი. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.

ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ტბა დააშრეს, ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს.[3] ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.

ჯანდარის ტბით ირწყვება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიწები. XX საუკუნის 60-იან წლებში იქთიოლოგმა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი. იგი საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა მტკვრის ნაფოტა, კობრი, ჭანარი, ლოქო, სქელშუბლა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  2. 2.0 2.1 ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში
  3. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 538, თბ., 1987 წელი.