ყორუღის აღკვეთილი
ყორუღის აღვეთილი | |
---|---|
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | საგარეჯო |
ფართობი | 2068 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ყორუღის აღკვეთილი — აღკვეთილი მდებარეობს კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შედის მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
იგი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. აგებულია ძირითადად შუა მიოცენის ზღვიური მოლასური ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით, ზოგჯერ ბაზალტური კონგლომერატებით, მერგელებით, ოოლითური და ქვიშიანი კირქვებით. სასარგებლო წიაღისეულის საბადოები აღკვეთილის ტერიტორიაზე ცნობილი არ არის.[1]
ყორუღის აღკვეთილში მდინარე ივრის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: ტირიფი, ხვალო ანუ ჭალის ვერხვი, ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა-ფშატა და სხვ. ჩვეულებრივია ლიანები: აღმოსავლური კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება.[2]