ლერწამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლერწამი
Arundo donax
Arundo donax
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ლერწამი
ლათინური სახელი
Arundo

ლერწამი (Arundo) — ერთლებნიანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მსხვილფესურიანი ბალახებია. აქვთ უხვად შეფოთლილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ, სისქე 4 სმ აღწევს.

ლერწამის 3 სახეობებიდან ერთი Arundo formosana — ტაივანის ენდემია, მეორე Arundo plinliana — გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ხოლო მესამე Arundo donax — ევრაზიის და აფრიკის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკულ ქვეყნებში.

საქართველოში იგი გვხვდება კოლხეთის დაბლობზე, აგრეთვე მტკვრის, ალაზნისა და ივრის ქვემო წელის ჭალებში. იზრდება წყალსატევების სანაპიროებზე, მდინარისპირა და ზღვისპირა ქვიშებზე.

გამოიყენება საწვავად და საშენ მასალად, ჭიგოებად და ღობედ, ჭილობის, კალათებისა და სხვა საქსოვად. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში. აშენებენ სარწყავი არხების ნაპირებისა და ქვიშიანი ადგილების გასამაგრებლად. მის ახალგაზრდა ყლორტებს საქონლის საკვებად იყენებენ. დეკორატიულია, ხშირად აშენებენ ბაღ-პარკებში შუა აზიასა და ამიერკავკასიაში. ინტროდუცირებულია ბევრ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქიმერიძე კ., ქსე, ტ. 6, გვ. 199, თბ., 1983