მურყანი
მურყანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Alnus serrulata | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Alnus | ||||||||||||||
|
მურყანი, თხმელა (ლათ. Alnus) — მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ზაფხულმწვანე ხეებია, იშვიათად ბუჩქები (საქართველოში მხოლოდ ხეები). 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ალჟირში.
საქართველოში 2 სახეობაა: შავი მურყანის ანუ თხმელას (Alnus barbata) სიმაღლეა 30-38 მ. მუქი რუხი დაშაშრული ქერქი, სუსტად შებუსვილი ან შიშველი ფოთლები აქვს. გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობებში, მთაში ზღვის დონიდან 1800 მ აღწევს და ტერასების გაყოლებით შერეულფოთლოვან ტყეებში გვხვდება.
ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს - მურყნარს, სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში; ნაცარა მურყნის (Alnus incana) სიმაღლეა 15-18 მ.
გლუვი ქერქი აქვს, ფოთლები ქვედა მხრიდან რუხია, ხავერდისებრი. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება წიფლნარში, შერეულფოთლოვან ტყეში, ძირითადად მთის ხეობების გაყოლებით ზღვის დონიდან 1500-1900 მ-ზე. იშვიათად ეშვება ქვევით. გვხვდება მდინარისპირი ტერასებზე და მცირე ფართობებზე წმინდა მურყნარს ქმნის.
ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წლამდე). მურყანი მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. გირჩების ნაყენს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს და ნაწილობრივ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად ხმარობენ. ადრე გაზაფხულზე შაქართან შერეულ მურყნის მტვერს ფუტკრის საკვებად იყენებენ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.