არწივის ხეობა
არწივის ხეობა | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | კახეთის მხარე |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | დედოფლისწყარო |
ფართობი | 1 კმ² |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
არწივის ხეობა — ბუნების ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი — კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე.[1]
არწივის ხეობა ქალაქ დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის — კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის („ბერდვოჩინგი“). არწივის ხეობა ბუნების ძეგლია.