სულორი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია მდინარის შესახებაა. კურორტისა და სოფლის შესახებ, იხილეთ სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი); საფეხბურთო კლუბის შესახებ, იხილეთ სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ სულორი.
სულორი
Sulori River in Vani.JPG
მდინარე სულორი ვანში
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქები ვანი
სათავე 41°56′30″ ჩ. გ. 42°40′41″ ა. გ. / 41.94167° ჩ. გ. 42.67806° ა. გ. / 41.94167; 42.67806
სათავის მდებარეობა თაფლოვანი, მესხეთის ქედი
სათავის სიმაღლე 2 140 მ
შესართავი რიონი
42°06′26″ ჩ. გ. 42°30′48″ ა. გ. / 42.10722° ჩ. გ. 42.51333° ა. გ. / 42.10722; 42.51333
შესართავის მდებარეობა ვანი, საქართველო
შესართავის სიმაღლე 40 მ
სიგრძე 33 კმ
აუზის ფართობი 189 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.95 მ³/წმ
სულორი (მდინარე) (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

სულორიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში. მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი. მდინარე სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, თაფლოვანის მაღლობიდან, ზღვის დონიდან 2140 მ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე რიონს მარცხენა მხრიდან, შავი ზღვის შესართავიდან 113-ე კმ-ზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 189 კვ. კმ. საშუალო სიმაღლე 800 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნები იცის მთელი წლის განმავლობაში, წყალდიდობა გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,95 მ³/წმ.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულორის ქსელი წარმოდგენილია მცირე მდინარე შენაკადებით, რომელთა საერთო სიგრძე 144 კმ-ია და ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ლოკალიზებული. სათავიდან 10-15 კილომეტრის შემდეგ მდინარეს მარცხენა მხრიდან უერთდება ზედა და ქვედა ლოკნარი (6,20 და 7,90 კმ) , კურორტ სულორთან, ასევე მარცხენა მხრიდან უერთდება მდინარე გელასკურა (ღელესყურე, 7,8 კმ), რამდენიმე კილომეტრში სოფელ ისრითის სიახლოვეს, სულორს მარჯვნიდან თავისი უდიდესი შენაკადი, ძულუხურა (12,6 კმ) უერთდება, ქალაქ ვანში კი — მდინარე ჭიშურა (8,4 კმ), მარცხენა მხრიდან.

მდინარე სათავეს იღებს ლობოროტის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, თაფლოვანას მთის (2322,6 მ) აღმოსავლეთით 1 კმ-ში, 2140 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდინარე რიონს მარცხენა მხრიდან ქალაქ ვანის ჩრდილო-დასავლეთით. მდინარის სიგრძე 34 კმ-ია, საერთო ვარდნა 2100 მეტრი, საშუალო ქანობი 61,8%. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი 189 კვ. კმ, აუზის საშუალო სიმაღლე კი 800 მეტრია.

მდინარის აუზი ასიმეტრიული ფორმისაა. მისი ზედა ზონა, სათავიდან სოფელ სულორამდე, მთიანი რელიეფით ხასიათდება, რომელიც ძლიერ დანაწევრებულია შენაკადების ღრმა ხეობებით. სოფელ სულორის ქვემოთ მდინარის აუზი მკვეთრად გადადის რიონის დაბლობზე.

აუზის ზედა ზონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, თიხაფიქლები, ხოლო ცალკეულ ადგილებში კირქვები, ტუფები და ბაზალტები. აუზის ქვედა ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ზედა ზონაში გავრცელებულია ტყის ყავისფერი, ქვედა ზონაში კი ყვითელმიწა ნიადაგები. ამ ზონაში გვხვდება ალპური მცენარეულობა და მარადმწვანე ბუჩქნარი, მდინარის ხეობაში კი მურყნარი. აუზის ქვედა ზონის დიდი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. მდინარის ხეობა სათავეებში V-ეს ფორმისაა, სოფელ ისრითიდან სოფელ ციხესულორამდე ტრაპეციული ფორმის, ხოლო ქვემოთ არამკაფიოდ არის გამოხატული. სათავეებში ხეობის ფსკერის სიგანე 2-8 მეტრია, სოფელ ციხესულორის ქვემოთ 600-700 მეტრი, ხოლო ცალკეულ ადგილებში (სოფლების დიხაშხოსა და სალხინოს მიდამოებში) — 1,5-2,0 კმ. მდინარის ორმხრივი ტერასები ათვისებულია სახნავებით და ბაღებით. ტერასების სიმაღლე ხეობის ფსკერიდან 2-და 50 მ-მდე, სიგანე კი 100-დან 500 მ-მდე იცვლება. ტერასებზე გავრცელებულია თიხნარი ნიადაგები.

მდინარის ჭალის სიგანე 40-50 მეტრი, სიმაღლე კი 0,2-0,3 მეტრია. იგი გვხვდება მხოლოდ სოფელ სულორის ტერიტორიაზე. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში ჭალა იფარება 0,7-0,9 მეტრის სიმაღლის წყლის ფენით.

ჰიდროლოგიური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე სულორის ხეობა სოფელ სულორის სიახლოვეს

მდინარის სიგანე სათავეებთან 1-2 მ-ია, შესართავთან 20 მ-მდე. საშუალოდ — 10 მ. სიღრმე 0.2 დან 2 მ-მდე, ვანთან — 0.6მ. საშუალო სიჩქარე — 0.7-1.0 მ/წმ, შესართავთან — 0.3-0.5 მ/წმ. ახასიათებს წყალუხვობა 6-8-ჯერ წელიწადში. საშუალო თვიური წყლის ხარჯი 5.94-7.55 კუბ. მ/წმ.

ნიადაგის აგებულება მდინარის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ქვიშნარით, მერგელებით, ბაზალტ-ანდეზიტით და კირქვებით. ქვემო წელი — ალუვიალური თიხა-ქვიშებით. წყალი სუფთა, გამჭვირვალეა, ვარგისია სასმელად.

მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილი და ძირითადად დაუტოტავია. სათავეებში მდინარის კლდოვანი კალაპოტი ქმნის რამდენიმე ჩანჩქერს, რომელთაგან ყველაზე მაღალია (10-12 მ) სათავიდან 3 კმ-ში არსებული ჩანჩქერი. ქვემოთ მდინარე გაედინება კლდეების ნამსხვრევებითა და დიდი ლოდებით ჩახერგილ კალაპოტში და ქმნის ჭორომებს, რომლებიც გვხვდება ყოველ 10-30 მეტრში. რიონის დაბლობზე გამოსვლის შემდეგ იცვლება მდინარის ხასიათი. მიედინება ერთ კალაპოტში, რომლის ფსკერი მთელ სიგრძეზე ხრეშითა და ქვა-ქვიშითაა დაფარული, დინება შედარებით ნელია. ნაკადის სიგანე იცვლება 1-2 მეტრიდან (სათავეებში) 20 მეტრამდე (შესართავთან), სიღრმე 0,2-დან 2,0 მ-მდე, სიჩქარე კი 2,5-3,0 მ/წმ-დან 1,0-0,7 მ/წმ-მდე.ვანიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება რიონის დაბლობზე,

მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით და წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნის დონეები ხშირად აღემატება თოვლის დნობით გამოწვეული წყალდიდობის დონეებს. მდინარე გამოიყენება ირიგაციული და ენერგეტიკული დანიშნულებით. მდინარეზე არსებობს სულორის ჰესი და ციხესულორის სარწყავი სისტემა. მოწყობილია არხები წისქვილებისთვის.

სარეწაო მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე სოფელ სულორში

მდინარე სენსიტიურია, არასარეწაო მნიშვნელობის, სტატუსი შეიძლება შეფასდეს, როგორც სატოფე-სანასუქო-გამოსაზამთრებელი. განვითარებულია სამოყვარულო თევზჭერა. მდინარეში ბინადრობს 14 აბორიგენული თევზის სახეობა.

სახეობა ლათინური სახელი ტოფობის პერიოდი
1 კოლხური ხრამული Capoeta sieboldi მაისიდან აგვისტომდე
2 კოლხური ტობი Chondrostoma colchicum აპრილიდან სექტემბრამდე
3 კოლხური წვერა Barbus tauricus escherichii ივნისიდან სექტემბრამდე
4 კოლხური ტაფელა Rhodeus colchicus მარტიდან აგვისტომდე
5 გოჭა (ველური კობრი) Cyprinus carpio მაისიდან აგვისტომდე
6 ღლავი (ლოქო) Silurus glanis მაისიდან აგვისტომდე
7 დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი Gobio gobio მაისიდან სექტემრამდე
8 კოლხური თრისა Chalcalburnus chalcoides მაისიდან ივლისამდე
9 კავკასიური ქაშაპი Leuciscus cephalus orientalis აპრილიდან ივლისამდე
10 სამხრეთული ფრიტა Alburnoides bipunctatus fasciatus მაისიდან აგვისტომდე
11 ანგორული გოჭალა Noemacheilus angorae მაისიდან ივლისამდე
12 ჩვეულებრივი გველანა Cobitis taenia მაისიდან აგვისტომდე
13 კავკასიური მდინარის ღორჯო Neogobius cephalarges constructor მაისიდან აგვისტომდე

ჰესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს სოფელ სალხინოში აშენდა სულორჰესი, რომლის არხის სათავე იყო სოფელ დიხაშხოში. ეს ჰესი მხოლოდ დიხაშხოსა და სალხინოს ამარაგებდა ელექტრო ენერგიით. აშენების შემდეგ ჰესი და სათავე არცერთხელ არ გარემონტებულა, ხოლო რაც რიონჰესი აიგო, სულორჰესი მივიწყებულ იქნა, რადგან ვანს რიონჰესი აძლევდა ელექტრო ენერგიას. არხის სათავე დღემდე გამოიყენება როგორც საბანაო ადგილი და სოფელ დიხაშხოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2007 წელს სულორის ელექტრო სადგურზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და იგი ამჟამად სრულიად განახლებულია.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]