ტობის I მღვიმე
ტობის I მღვიმე | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°28′38″ ჩ. გ. 42°27′31″ ა. გ. / 42.4773833° ჩ. გ. 42.458667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 670 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 67 მ |
სიგრძე | 750 მ |
ტობის I მღვიმე, თურჩუ-ტობის მღვიმე, ონიორეს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე. მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტობის აუზში, ზღვის დონიდან 670 მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი ქარაფის გასწვრივ იხსნება. მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სწორხაზოვნად. შესასვლელიდან 50–55 მ-ზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და აწყდება 21 მ სიმაღლის ჩანჩქერს. აქ დარბაზის სიმაღლე 30 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძე 750 მ-ია. ქიმიური ნალქებიდან გვხვდება ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები; მექანიკურიდან — ნგრევის ადგილობრივი მასალა. ჰავა დინამიკურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 14,5°C, ხოლო ჩანჩქერთან 12,5°C. შეფართებითი სინოტივე სიღრმეში 100%-ს აღწევს. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომლის დებიტი 1,43 მ³/წმ, ხოლო წყლის ტემპერატურა 10,2°C შეადგენს. იგი მდინარე თურჩუს მიწისქვეშა გაგრძელებას წარმოადგენს.[2] მღვიმიდან გამომავალი ნაკადი შესასვლელთან ეფექტური ფორმის — ონიორეს ჩანჩქერს წარმოშობს. წყლიან დერეფნებში ოთხი სიფონური ტბაა, ერთ-ერთი მათგანის სიგრძე 60 მ-ზე მეტია.[1] მღვიმე ძნელი მისადგომია. შედგენილია გეგმა და ჭრილი. ბუნების ძეგლია.[3]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 98
- ↑ ავტორთა კოლექტივი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 79.
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები