ნიკიფორე იმნაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმნაიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიკიფორე იმნაიშვილი (დ. 1888, ოზურგეთის მაზრა, შუხუთი — გ. 1 ოქტომბერი, ხონი, გ. 1937, 13 დეკემბერი) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკიფორე იმნაიშვილი დაიბადა 1888 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ შუხუთში. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომის წინააღმდეგ მოწყობილ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში, რის გამოც დააპატიმრეს და ერთი თვით იჯდა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა პარტიაში მუშაობას; იყო რსდმპ ქუთაისის კომიტეტის მდივანი და ახალგაზრდათა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის გამოც 1906 წელს მეორედ დააპატიმრეს და სამი თვით იჯდა ციხეში ადმინისტრაციული წესით. 1907 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა გერმანიაში. სწავლობდა ჰალეს უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე; პარალელურად მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში ფსევდონიმებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1912 წელს, დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად მიხაილოვის (ხაშურის) გიმნაზიაში. მუშაობდა ადგილობრივ რკინიგზელთა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში. 1912 წელს ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველომ დააპატიმრა, მაგრამ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო მალევე გაათავისუფლა. კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1915 წელს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო გორის მუშათა და ჯარისკაცთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარე და რსდმპ გორის კომიტეტის ხელმძღვანელი; ასევე, რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო განათლების, საბიბლიოთეკო, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეგლამენტო კომისიების წევრი. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ „სხიველები“ დარჩნენ საქართველოში და აგრძელებდნენ საკუთარი გაზეთის გამოცემას, რის გამოც 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახურა გაზეთი და დააპატიმრა იმნაიშვილი კირილე ნინიძესთან და მუხრან ხოჭოლავასთან ერთად. მეორედ დააპატიმრეს 1922 წლის 23 მაისს, 26 მაისისათვის დაგეგმილი დემონსტრაციების წინ პოლიტიკური ლიდერების მასობრივი დაპატიმრებების დროს. ტუბერკულოზის გამო თავდებობით გაათავისუფლეს 6 ოქტომბერს. გათავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბათუმში სამკურნალოდ, შემდგომ მცირე ხნით ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში და თბილისში დაბრუნდა 1923 წლის ზაფხულში, სადაც მალევე 1923 წლის 29 აგვისტოს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური არალეგალური საქმიანობის ბრალდებით. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე (სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად) გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. "პარიტეტული კომიტეტის პროცესზე", 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. ბრალდების უსაფუძვლობის გამო გაათავისუფლა სასამართლომ. მესამედ დაპატიმრებული იყო 1931 წელს და ციხეში იჯდა 1932 წლის მაისამდე. შემდგომ მცირე ხნით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც მალე დაითხოვეს. იყო საქართველოს სსრ დერმატოლოგიური ინსტიტუტის დოცენტი, პედაგოგი. 1937 წელს, 14 ივნისს, დიდი საბჭოთა ტერორის პერიოდში დააპატიმრეს საკუთარ ბინაზე, გლდანის ქუჩა N23-ში. 20 სექტემბერს წარუდგინეს საბრალდებო დასკვნა, გამართეს სასამართლო სხდომა, მიუსაჯეს სიკვდილი და იმავე დღეს დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 256.