ზაქარია გურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაქარია გურული
Huruli Z.jpg
დაბ. თარიღი 1878
დაბ. ადგილი წერაქვის სამონასტრო კომპლექსი
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი 1937(1937-12-01)
გარდ. ადგილი Tara

ზაქარია გურული (დ. 1878, სოფ. წერაქვი, ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრა — გ. 1 დეკემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, ქართველი სოციალ-დემოკრატების საკმაოდ ცნობილი წარმომადგენლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა წირქვალის ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა 1890 წელს, ჭიათურის ოთხვთვიანი ტექნიკური კურსები 1902 წელს.

1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ მენშევიკების ფრაქციაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში შორაპნის მაზრაში. იყო „წითელი რაზმების“ ორგანიზატორი. 1906 წელს, რეაქციის დაწყების შემდეგ, დააპატიმრეს სისხლის სამართლის დებულების 102-ე მუხლის ძალით და იმყოფებოდა ქუთაისის ციხეში, საიდანაც ამავე წლის 13 ივლისს (ძველი სტილით) გაიქცა. ის ხელმძღვანელობდა გვირაბის გაყვანას, რომლის საშუალებითაც 1907 წელს სიკვდილმისჯილი და კატორღაში გასაგზავნი პოლიტპატიმრები ქუთაისის ციხიდან გაიქცნენ. 1907-1910 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული („მენშევიკების“) ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი. 1910 წელს მცირე ხნით მეორედ დააპატიმრეს ბაქოში. მესამე დაპატიმრების შემდეგ, 1910 წლის 10 ივლისს (ძველი სტილით), იონა ნოეს ძე ავალიანის ყალბი პასპორტით კვლავ ქუთაისის ციხეში გადაგზავნეს, სადაც 1905 წლის „ჭიათურის საქმეზე“ სასამართლომ ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო. გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში. 1912 წლის მარტში (ძველი სტილით) დააპატიმრეს და ხუთი წლის ვადით როსტოვში გადაასახლეს, საიდანაც ამავე წლის აგვისტოში გაქცევა მოახერხა და დაბრუნდა ჭიათურაში; აგრძელებდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობას და თანამშრომლობდა პრესაში სხვადასხვა ფსევდონით. 1912 წლის 14 ოქტომბერს (ძველი სტილით) კვლავ დააპატიმრეს ტფილისში - მიხეილ პეტრეს ძე შაქარაშვილის ყალბი პასპორტით და დააბრუნეს როსტოვის მხარეში (ნოვოჩერკასკში), საიდანაც მიმალვა მაინც მოახერხა და დაბრუნდა კავკასიაში. მუშაობდა ბაქოში, ტფილისსა და დასავლეთ საქართველოში. 1915 წელს, სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „თანამედროვე აზრის“ რედაქციის დაპატიმრების შემდეგ, თავად არალეგალურად ხელმძღვანელობდა განახლებულ რედაქციას. 1916 წელის 14 სექტემბერს ჭიათურის სადგურზე კვლავ დააპატიმრეს რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრობის ბრალდებით და გადაასახლეს ირკუსტსკის გუბერნიაში, ვერხოლენსკში, სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგების მასობრივი დაპატიმრების პირველი ტალღისას, 1921 წლის 30 აპრილს სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს ჭიათურაში და ქუთაისის ციხიდან გადაგზავნეს თბილისში, საქართველოს ჩეკაში, შემდგომ კი მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ იზოლაციის წესით. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. სსრკ შინსახკომის კომისიის 1923 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში 3 წლით. 1926 წლის 15 იანვარს, სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადაასახლა ტამბოვში. 1928 წლის 21 დეკემბერს კვლავ 3 წლით გაუხანგძლივა გადასახლების ვადა. 1931 წლის 14 დეკემბერს კი სსრკ-ის 12 პუნქტში ცხოვრება აუკრძალა და გადასახლების ადგილას დატოვა 3 წლით. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ გადაასახლეს ომსკის მხარეში. ცხოვრობდა ქალაქ ტარში. 1935 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში. მარქსიზმ-ლენინიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თხოვნით დაწერა მცირე მოგონება 1904-1905 წლებში ჭიათურის მაღაროს მუშებს შორის იოსებ სტალინის მუშაობის შესახებ, სადაც ობიექტურად გადმოსცა მისი საქმიანობის ხასიათი. მოგონება არასოდეს გამოქვეყნებულა. კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, სავარაუდოდ, 1936 წელს და გადაასახლეს ციმბირში. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის 16 სექტემბერს. სსრკ შინსახკომის ომსკის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 26 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1937 წლის 1 დეკემბერს, ქალაქ ტარში. რეაბილიტირებულია 1957 წლის 4 დეკემბერს, ომსკის სამხარეო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგონება = MÉMOIRES : 1903-1921 (ავტორი). - პარიზი, გამომც. ვალიკო ჩუბინიძე, 1951. - 94გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]