სილიბისტრო ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სილიბისტრო ჯიბლაძე
Silibistro Jibladze.jpg
ფსევდონიმი/ები სილვა
დაბ. თარიღი 1859
დაბ. ადგილი ამაღლება, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 1922
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა რევოლუციონერი, პოლიტიკოსი
მამა ბესარიონ ჯიბლაძე

სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე (ფსევდ. „სილვა“, „ს“) (დ. 1859, ამაღლება — გ. 17 თებერვალი, 1922, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დიაკვნის ოჯახში. 1872 წელს 13 წლის ასაკში შევიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. სკოლის ინსპექტორ ლიაძის დასაცავად, რომელიც ლიბერალური კურსის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ჯიბლაძემ და ეგნატე ინგოროყვამ (ნინოშვილი) გაფიცვა მოაწყვეს, რის გამოც ნინოშვილი გარიცხეს სკოლიდან. მისადმი სოლიდარობის ნიშნად სწავლა შეწყვიტა ჯიბლაძემაც, მაგრამ ნინოშვილის თხოვნით დაბრუნდა სასწავლებელში და ნინოშვილს ეხმარებოდა საშინაო განათლების მიღებაში. 1879 წლიდან, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ სტუდენტად ითვლებოდა, მაგრამ მალევე დაიწყო აკრძალული ლიტერატურის კითხვა და ფარული წრეების ჩამოყალიბება. 1885 წელს, მეექვსე კურსზე ყოფნისას, როცა საავადმყოფოში იწვა, მისი ოთახი გაჩხრიკეს და უპოვეს აკრძალული ლიტერატურა. სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის გადაწყვეტილებით გარიცხეს „მგლის ბილეთით“. ამ გადაწყვეტილების გამო ჯიბლაძემ ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე სცემა და თმით ათრია, რის გამოც 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს ხარკოვში, ხოლო შემდეგ კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს ვადა.

1889 წელს გათავისუფლდა საჯარიმო სამხედრო სამსახურიდან და დაბრუნდა თბილისში. მეგობრებმა სამკურნალოდ გაგზავნეს აბასთუმანში, შემდეგ კი დააწყებინეს მუშაობა „საფილოქსერო კომიტეტში“, რომელიც წარმოადგენდა ფილოქსერასთან ბრძოლის ორგანოს და სადაც მრავლად იყვნენ დასაქმებული სასწავლებლებიდან გარიცხული ახალგაზრდები, რომლებიც ნაროდნიკული შეხედულებების იყვნენ და კომიტეტის საქმიანობას და პროვინციებში ხშირ მოგზაურობას გლეხთა გასანათლებლად და რევოლუციური პროპაგანდისთვის იყენებდნენ. კომიტეტში ჯიბლაძე გაეცნო მარქსიზმის საფუძვლებს და 1892 წლის დეკემბრიდან, ზესტაფონში გამართული „მესამე დასის“ დამფუძნებელი ყრილობიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1894 წ. 7 მაისს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული „მესამე დასის“ პროგრამა.1897 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მატერიალური საწყობის გამგედ, აქტიურად იყო ჩართული მუშათა წრეების ჩამოყალიბებაში რკინიგზის სახელოსნოებსა და სხვადასხვა ფაბრიკებში. 1898 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატთა თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე. 1900 წელს გაემგზავრა პეტერბურგში რსდმპ ცენტრთან კავშირის დასამყარებლად. 1901 წლის 22 მარტს დააპატიმრა ჟანდარმერიამ და ვასილ ცაბაძესთან ერთად გადაასახლა გორში, სადაც მათ ხელოსანთა შორის ჩამოაყალიბეს არალეგალური ორგანიზაციები და მალე შექმნეს გორის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. იმავე წლის აგვისტოში გორიდან გურიაში გადასახლების შემდეგ იქცა გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთ ორგანიზატორად. 1903 წელს აირჩიეს რსდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრად. იმავე წელს დააპატიმრეს და ქუთაისისა და ფოთის ციხეებში ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ 5 წლით გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც ამნისტიით დაბრუნდა 1905 წლის გაზაფხულზე. პარტიაში დაწყებული განხეთქილების შემდეგ იქცა მენშევიკების ლიდერად და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა ტერორისტული აქტების განხორციელებას სადამსჯელო ოპერაციების მონაწილეთა წინააღმდეგ. 1906 წლის იანვარში მისი ორგანიზებით მოკლეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი. თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“.

1909 წლის 3-9 იანვარს მონაწილეობდა რსდმპ პარიზის კონფერენციაში. 1909 წლის 23 სექტემბერს ის ჟანდარმერიამ დააპატიმრა თუმანოვის ქუჩაზე და 1910 წელს გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ხუთი წლით გადაასახლეს დონის როსტოვში, საიდანაც 1910 წლის მაისში გაიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში, იყო რსდმპ პეტროგრადის კომიტეტის წევრი. 1913 წელს მცირე ხნით არალეგალურად იმყოფებოდა თბილისსა და ბაქოში. 1914 წელს გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა თბილისია და ჭიათურის პარტიულ ორგანიზაციებში. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბორჯომის კონფერენციაში. იყო ქშწკგს წევრი. 1915 წლის 28 აგვისტოს კვლავ დააპატიმრეს თბილისში, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ციხიდან გაათავისუფლეს პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს წევრად. 1919 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 12 მარტს, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, გახსნა დამფუძნებელი კრების სხდომა. იყო საარჩევნო, სამხედრო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი. 1921 წელს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 10 აპრილს თავმჯდომარეობდა სსდპ კონფერენციას, რომელმაც მიიღო 7 პუნქტიანი რეზოლუცია და საქართველოს სსრ მთავრობა შესთავაზა ჩაეტარებინათ [რეფერენდუმი]], ასეთ შემთხვევაში დებდნენ პირობას, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მხოლოდ ღია კრიტიკითა და თანამშრომლობით შემოიფარგლებოდა. ბოლშევიკური რეჟიმის მიერ კომპრომისზე უარისა და რეპრესიების გამო ჯიბლაძემ დაიწყო წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნა. 1921 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს ნაძალადევის კლუბში გამართულ შეხვედრაზე სტალინის მოხსენებისთვის შეპასუხების გამო. 1921 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს ციხიდან ავადმყოფობის გამო. გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას და 17 ოქტომბრიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. 1922 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა გულის უკმარისობით კონსპირაციულ ბინაში. დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე, შემდეგ კი ჩეკამ მისი ცხედარი გაიტაცა და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავა ვერის რუსულ სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უ. სიდამონიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 563, თბ., 1987 წელი.
  • ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 
  • „თავისუფალი საქართველო“ N18 — 15 მარტი, 1922 წ, სტამბოლი
  • „ბრძოლის ხმა“ N21 — თებერვალი, 1932 წ., პარიზი