გიორგი ცინცაძე (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცინცაძე.
გიორგი ცინცაძე
დაბ. თარიღი 1880
დაბ. ადგილი ბუკისციხე, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 სექტემბერი, 1937
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა იესე ცინცაძე

გიორგი (გოგილო) ცინცაძე (დ. 1880, ბუკისციხე — გ. 14 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რეპრესირებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1900 წლიდან იყო რსდმპ წევრი, იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით, ადმინისტრაციული წესით. 1902-1903 წლებში იყო რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი, მუშაობდა გურიაშიც, 1903-1906 წლებში კი მუშაობდა გურიის კომიტეტში. იყო გურიაში რევოლუციური გამოსვლების აქტიური მონაწილე, რის გამოც სდევნიდა ჟანდარმერია და 1906 წელს იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურია. რამდენიმე თვე ცხოვრობდა სოხუმში, ხოლო შემდეგ გადავიდა პეტერბურგში სასწავლებლად. წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლობდა პეტერბურგისა და მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტებში. ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით. 1916 წლიდან იყო ქართულის მასწავლებელი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში.

იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. მუშაობდა მთავრობის თავმჯდომარის აპარატში, იყო ნოე ჟორდანიას პირადი მდივანი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში. გულის ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარტიულ მუშაობას. 1921 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა „ამერიკული დახმარების ადმინისტრაციის“ სასადილოების ინსპექტორად. 1921 წლიდან 1922 წლის დასაწყისამდე ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ „ჩეკამ“ დააპატიმრა „ამერიკული კომიტეტის“ თანამშრომლები და მათ შორის, გიორგი ცინცაძე შპიონაჟის და კონტრრევოლუციური საქმიანობის და „მენშევიკებთან“ კავშირის ბრალდებით. 1922 წლის 18 მაისს მიუსაჯეს დაპატიმრება, მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“, საიდანაც გაათავისუფლეს რამდენიმე თვეში. ამის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისის ყოფილი მე-2 გიმნაზიის ეზოში, თავს ირჩენდა მებაღეობითა და მეფრინველეობით. მეორედ დააპატიმრეს 1924 წლის 7 ივლისს კვლავ დააპატიმრეს კირკაზე. გაათავისუფლეს იმავე წლის 31 დეკემბერს. 1937 წელს კვლავ დაიჭირეს და 13 სექტემბერს მიუსაჯეს დახვრეტა. რეპრესირებულნი იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც: ძმა – ავთო ცინცაძე, მეუღლე – ლიდია ლომინაძე და ბიძაშვილი გერასიმე მახარაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 447-449 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0
  • ნ.ჩხაიძე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 511, თბ., 2018 წელი.