საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს. იმავე წლის 3 ივნისს ოსმალეთის იმპერია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სცნო ახლადშექმნილი რესპუბლიკის სუვერენიტეტი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ურთიერთობების დამყარების მიზნით დელეგაცია გაგზავნა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პარიზის კონფერენციაზე. მათ მიმართეს გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, საფრანგეთის მთავრობებს. მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, სხვა ქვეყნები, მათ შორის ანტანტის სახელმწიფოები, თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

საგარეო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ამიეკავკასიაში საქმიანობა შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხარეო ორგანომ — ოზაკომმა. ამავდროულად, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო, ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 (28) ნოემბერს დაიწყო.

1917 წლის 5 (18) დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო დროებითი ერზინჯანის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უნდა შემწყდარიყო საომარი მოქმედებები პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე. რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული ოსმალეთის ტერიტორიები უნდა გამხდარიყო სადემარკაციო ზონა. შეთანხმება ძალაში რჩებოდა საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე. შეთანხმების რატოფიცირების შემდეგ კავკასია დატოვეს რუსმა სამხედროებმა. მათ გამოეყვნენ ქართველებისა და სომხების ეროვნული სამხედრო ფორმირებები, რომლებიც სადემარკაციო ზონასთან დარჩნენ.

1918 წლის თებერვალში ოსმალეთმა განაახლა სამხედრო მოქმედებები კავკასიის ფრონტზე, რითაც დაარღვია ზემოთ ნახსენები ერზინჯანის შეთანხმება. მათ მალევე აიღეს ერზინჯანი და ტრაპიზონი, 12 მარტს ერზრუმში შესვლით კი ოსმალეთმა ფაქტობირვად მთლიანად აღიდგინა კონტროლი აღმოსავლეთ ანატოლიაზე, რომელზეც ერზინჯანის შეთანხმების გაფორმებამდე რუსეთის ჯარი განლაგებული.

1918 წლის 10 (23) თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი. სეიმის პირველ სხდომაზე გაიმართა მწვავე დისკუსია ოსმალეთის მიერ საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე და ამიერკავკასიის მომავალზე. სომხური დელეგაცია მოითხოვდა, რომ ამიერკავკასია დარჩენილიყო რუსეთის შემადგენლობაში ეროვნული ავტონომიების სახით, ხოლო ოსმალეთთან მიმართებაში მოეთხოვა აღმოსავლეთ ანატოლიის მოსახლეობისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭება (აღმოსავლეთ ანატოლიაში იმ დროს ჭარბობდა სომხური მოსახლეობა), ქართული და აზერბაიჯანული დელეგაცია კი ამჯობინებდა, რომ ამიერკავკასია განცალკევებოდა რუსეთს და ოსმალეთთან მოლაპარაკებები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე ეწარმოა როგორც დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტს. სომხური დელეგაციის შეუვალი პოზიციის გამო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დროებით გადაიდო. პირველივე სხდომაზე სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, იგი უფლებამოსილად აცხადებდა თავს დაეწყო ოსმალეთთან მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავდა საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ოსმალეთთან პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტში არსებული საზღვრების აღსადგენად. მოლაპარაკებებზე სეიმი ასევე დააყენებდა აღმოსავლეთ ანატოლიის მოსახლეობისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭების საკითხს.

1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო საბოლოო საზავო შეთანხმება ბრესტ-ლიტოვსკში, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ამ შეთანხმების საფუძველზე ოსმალეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამიერკავკასიის დელეგაციამ არ ცნო ეს შეთანხმება. ტრაპიზონში გამართულ მოლაპარაკებებზე ოსმალეთმა ამიერკავკასიის სეიმს მოსთხოვა მშვიდობიანად გადაეცა მათთვის ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ოსმალეთის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მომავალში ოსმალეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებდა ამიერკავკასიასთან, თუ იგი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ამიერკავკასიის სეიმმა არ დააკმაყოფილა ოსმალეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. განსაკუთრებით ამას მოითხოვდნენ სეიმის ქართველი და სომეხი წევრები, აზერბაიჯანელი წარმომადგენლები კი თანახმა იყვნენ შეესრულებინათ ოსმალეთის მოთხოვნა, რადგან არცერთი სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს არ ეკუთვნოდა, გარდა ამისა, მათ დელეგაციაში პანთურქული განწყობა შეიმჩნეოდა.

ოსმალეთის იმპერიას მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად საომარი მოქმედებები არ შეუჩერებია. მან 12 მარტს აიღო არზრუმი, 5 აპრილს – სარყამიში, 7 აპრილს – ვანი. 1 (14) აპრილს ბრძოლები გაიმართა მდინარე ჩოლოქთან. ამის შემდეგ, 2 (15) აპრილს ოსმალეთის ჯარი შევიდა ბათუმის ოლქში. ოსმალეთის ზეწოლის შედეგად 9 (22) აპრილს, ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამან ვერ შეაჩერა ოსმალეთის ექსპანსია. ამიერკავკასიის დელეგაცია უკვე თანახმა იყო ოსმალეთის მიერ წამოყენებული პირობების შესრულებაზე, 12 (25) აპრილს სომხურმა და ქართველმა სამხედრო კორპუსებმა დატოვეს ყარსი, სადაც ოსმალეთის მეთერთმეტე დივიზია შევიდა, რითაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა ოსმალეთის ყველა მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ოსმალეთი აგრძელებდა შეტევას და აიღო ოზურგეთი და ახალციხე. ტიფლისამდე მათ მხოლოდ 20-25 კილომეტრი აშორებდათ.

მნიშვნელოვანი როლი ოსმალეთის ინტერვენციის შეჩერებაში ითამაშა გერმანიამ. 14(27) აპრილს კონსტანტინოპოლში გამართულ მოლაპარაკებებზე გერმანიის დელეგაციამ ოსმალეთს აიძულა გაეყოთ კავკასია გავლენის სფეროებად. საქართველო ამ მოლაპარაკებების შედეგად გერმანიის გავლენის სფეროში გადადიოდა. 28 აპრილს (11 მაისს) მოლაპარაკებები ამიერკავკასიის რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის განახლდა ქალაქ ბათუმში. 1(14) მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გერმანიის იმპერიას თხოვნით მიმართა, რათა მისი პროტექტორატის ქვეშ შესულიყო. სომხეთს და აზერბაიჯანს სხვა პოლიტიკური კურსი ჰქონდათ აღებული. ამის გამო 13 (26) მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ. ორი დღის შემდეგ სუვერენიტეტი მოიპოვეს სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც. ოსმალეთსა და ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის საზღვრები კვლავ დაუდგენელი რჩებოდა. 4 ივნისს ბათუმში გამართულ მოლაპარაკებებზე ქართულ, სომხურ და ოსმალურ დელეგაციებს შორის გადაწყდა, რომ საქართველო ოსმალეთს უთმობდა ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებს, ასევე ახალქალაქის და ახალციხის მაზრებს; სომხეთი ოსმალეთს უთმობდა სურმალინსკის მაზრას, ასევე ალესანდროპოლის, შარურო-დარალაგეზსკის, ეჩმიაძინსკის და ერევნის მაზრების ნაწილს.

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გერმანიის იმპერიას თხოვნით მიმართა, რათა მისი პროტექტორატის ქვეშ შესულიყო. გერმანიისთვის ხელსაყრელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მის მხარეს იბრძოლებდა. გერმანიის ინტერესში იყო ასევე დაუფლებოდა საქართველოს ნედლეულს (ჭიათურის მანგანუმი). 1918 წლის 28 მაისს საქართველოს მთავრობისადმი საიდუმლო წერილში გერმანიის წარმომადგენელი ოტო ფონ-ლოსოვი აღნიშნავდა, რომ გერმანია მზადყოფნას გამოთქვამდა რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში დაეჭირა მხარი საქართველოსთვის რუსეთის იმპერიიდან გამოსვლასთან დაკავშირებით და ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა ამ გამოყოფის დასრულებასთან ერთად. ის აცხადებდა, რომ გერმანია დაეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვაში და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების წარმართვაში. ის საქართველოს საზღვრებში ასახელებდა ტფილისის გუბერნიას, ქუთაისის გუბერნიასა და სოხუმის ოკრუგს, მათ შორის გაგრას, მანამ, სანამ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნებოდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გერმანიაში გაჩნდა საქართველოში სამხედრო ექსპედიციის გამოგზავნის იდეა. 28 მაისს ფოთში გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოსა და გერმანიას შორის დაიდო ექვსი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა საქართველოში გერმანიის საექსპედიციო მისიის გამოგზავნა, რომელსაც ოფიციალურად ევალებოდა საქართველოს არმიის საბრძოლო სწავლების ხელშეწყობა. 8 ივნისს ფოთს ეწვია მისიის პირველი ნაწილი კაპიტან იენო ედვარდ ფონ ეგან-კრიგერის მეთაურობით. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნული ბავარიელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი 23 ივნისს ჩამოვიდა თბილისში თავისი შტაბით. მისიის ლეგაციის მდივანი იყო ფრიდრიხ შულენბურგი, რომელსაც ცარის რუსეთის დროს თბილისში გერმანიის იმპერიის კონსულად ჰქონდა ნამუშევარი, პირველი მსოფლიო ომისას კი ოსმალეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური იყო. მისიაში ასევე შედიოდა გერმანიის ავღანური ექსპედიციიდან ცნობილი პროფესორი ერნესტ ცუგმაიერი. საქართველოს მხრიდან საექსპედიციო მისიასთან ურთიერთობა ხელისუფლებამ დაავალა სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ დათა ვაჩნაძეს, გერმანიაში კი საქართველოს წარმომადგენლად გაიგზავნა გერმანიაში განათლებამიღებული დოქტორი ვლადიმერ ახმეტელი, მისი მდივანი იყო ალექსანდრე გოზალიშვილი, ხოლო სამხედრო ატაშე გიორგი კერესელიძე. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ მიიღო საქართველოს რკინიგზით სარგებლობის უფლება ადამიანების და მასალების ტრანსპორტირებისთვის, რა მიზნისთვისაც ფოთის პორტში გერმანელი სამხედროები განლაგდნენ. ეკონომიკურ საკითხებს არეგულირებდა სპეციალური შეთანხმება. გერმანიამ მიიღო საქართველოს რესურსების შეუზღუდავი ექსპლუატაციის უფლება. მაისიდან სექტემბრამდე გერმანელებმა საქართველოდან გაიტანეს 30 მილიონი მარკის საფასურის მარგანეცი, სპილენძი, თამბაქო, პური, ჩაი, ხილი, ღვინო და სხვა. საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა ფოთის პორტითა და რკინიგზით. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფოთის პორტი იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც ერთობლივი ქართულ-გერმანული კომისიის მიერ იმართებოდა.

გერმანიის სამხედრო დახმარება დაეხმარა საქართველოს ჩაეხშო ბოლშევიკთა აჯანყებები აფხაზეთში, ასევე გერმანიის დიპლომატიურმა დემარშმა შეაჩერა ოსმალეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ბათუმის საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ ოსმალეთს გადასცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. იგი გაუქმდა პირველი მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ.

პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო გერმანია იძულებული გახდა შეეწყვიტა სამხედრო ექსპედიცია საქართველოში. 1919 წლის იანვარს გერმანულმა ჯარებმა ბოლომდე დატოვეს საქართველო. მისმა რაოდენობამ მაქსიმუმს, დაახლოებით 19 ათასს, 1918 წლის სექტემბერში მიაღწია. [3]

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ხელისუფლებას სურდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება რუსეთის სამოქალაქო ომში, თუმცა ბოლშევიკებს უფრო დიდ საფრთხედ აღიქვამდა ვიდრე თეთრ მოძრაობას. ყუბანის აღების შემდეგ, წითელი არმია დაიძრა სამხრეთით შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რამაც შეაშფოთა საქართველოს ხელისუფლება. ბოლშევიკებს ჰქონდათ დასაყრდენი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლურ გუდაუთის უბანში, სადაც მათმა რადიკალური მიწის რეფორმის მხარდამჭერმა მოწოდებებმა გამოძახილი ჰპოვა ადგილობრივ გლეხებში, რომლებსაც ისინი მიწის სწრაფ განაწილებას და მოსაკრებლისგან მყისიერ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. 1918 წლის თებერვალში სოხუმში შემოვიდა რუსული გემი და მოხდა სროლა რუს მეზღვაურებსა და ადგილობრივი თავადის ასეულს შორის, რაც გამოიყენეს გუდაუთელმა ბოლშევიკებმა და რუსული სამხედრო გემების მხარდაჭერით, დაიწყეს აჯანყება და აიღეს სოხუმი. ისინი ქალაქს აკონტროლებდნენ 1918 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, სამხედრო გემების გასვლამდე, რის შემდეგაც ბოლშევიკებმა გუდაუთისკენ დაიხიეს. მარტში მათ ხელმეორე წარმატებული ოპერაცია მოაწყვეს. 8 აპრილს მათ აიღეს სოხუმი და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. გარდა ტერიტორიისა კოდორის უბანში (ოჩამჩირე), სოხუმის აღმოსავლეთით, სადაც ადგილობრივმა თავადებმა შეინარჩუნეს ხელისუფლება, ძირითად რაიონებში ბოლშევიკებმა მოიპოვეს ძალაუფლება, მათ შორის სამურზაყანომაც აღიარა ახლადგამოცხადებული საბჭოთა ხელისუფლება. ადგილობრივი თავადების და აფხაზთა სახალხო საბჭოს მოწოდების პასუხად, ამიერკავკასიის ფედერაციამ რეგიონში გააგზავნა საქართველოს სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, რომელმაც დაამარცხა ბოლშევიკები და დაატოვებინა სოხუმი 17 მაისისთვის, ასევე მათი დასაყრდენი გუდაუთაში. ბოლშევიკებმა უკან დაიხიეს გაგრისკენ.[4]

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, გაუდაუთაში სრულმასშთაბიანი ბოლშევიკური აჯანყება მოეწყო, რომელმაც მთლიანად გადააგდო ქართული ხელისუფლება. სოხუმში გაემგზავრა ქართველი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ კი ქართულმა ჯარმა დაამარცხა აჯანყებული ბოლშევიკები და დაიკავა გუდაუთა, შემდეგ კი გადაინაცვლა გაგრისკენ. ივლისის შუისკენ ქართულმა ძალებმა შავი ზღვის მთელი სანაპირო დაიკავეს ტუაფსის ჩათვლით, საიდანაც განდევნეს ბოლშევიკები. ქართველებმა შეაიარაღეს ყუბანის კაზაკები და ხელი შეუშალეს წითელ არმიას სამხრეთით წინსვლას. ამის შემდეგ ისინი მიბრუნდნენ სამურზაყანოში, რომელიც კვლავ ბოლშევიკების კონტროლქვეშ რჩებოდა, და აიღეს ის 1918 წლის სექტემბერში.[4]

კუბანში თეთრი არმიის წარმატებული კამპანიის შესახებ საქართველომ შეიტყო აგვისტოში ეკატერინოდარის (კრასნოდარის) აღებისას თეთრარმიელების მიერ. თეთრარმიელმა გენერალმა ანტონ დენიკინმა მაზიანშვილთან გააგზავნა გენერალ-მაიორი ევგენი მასლოვსკი როგორც თეთრარმიელების წარმომადგენელი. თეთრარმიელებს სურდათ რუსეთის იმპერიის აღდგენა, გარდა ამისა, საქართველოს პრო-გერმანული ორიენტაცია და სოციალ-დემოკრატია მათთვის მიუღებელი იყო. ტუაფსე იყო კასპიის ზღვის ნავთობის საბადოდან ნავთობის სადენის ტერმინალი, რომლის კონტროლიც სურდა დენიკინს. თუმცა, მეტი ტერიტორიის აღება აღემატებოდა თეთრარმიელთა შესაძლებლობებს. თეთრი არმია ამ დროს მნიშვნელოვან ბრძოლებს აწარმოებდა ბოლშევიკებთან კავკასიის მთისწინეთში. მასლოვსკის სჯეროდა, რომ თეთრარმიელებს უნდა ეთანამშრომლათ საქართველოსთან. დენიკინს არ სურდა წარმომადგენლის გაგზავნა „გერმანელების მიერ დაკავებულ“ ტფილისში, ამიტომ ის გააგზავნა ტუაფსეში გენერალ მაზნიაშვილთან.[5][6]

მასლოვსკი ტუაფსეში ჩავიდა 31 აგვისტოს. შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მაზნიაშვილი, რომელიც რუსეთის ყოფილი გენერალი იყო, თანახმა იყო ეთანამშრომლა თეთრ არმიასთან. პირველი თვეების ურთიერთობა თეთრ მოძრაობასა და საქართველოს შორის საუკეთესო იყო. ქართველებმა შეიარაღეს მასლოვკის მიერ მობილიზებული ოფიცრები. თეთრარმიელების მეშვეობით მოხერხდა ბოლშევიკების ტუაფსეზე იერიშის მოგერიება ქართველების სოჭში უკანდახევის შემდეგ. სხვა ვერსიით, ბოლშევიკების (ტამანის არმიის) შეტევის შემდეგ მაზნიაშვილმა კვლავ დაიბრუნა ტუაფსე, თუმცა შემდგომ დაუთმო ის თეთრარმიელ ანდრეი კოლოსოვსკის.[7] თეთრარმიელებმა კრედიტის სახით გადასცეს საქართველოს ხორბალი, რომელიც მას სჭირდებოდა, ხოლო საქართველომ თეთრგვარდიელებს გაუგზავნა მისი ერთადერთი ჯავშნიანი მატარებელი შავ ზღვის სანაპიროზე, რომელიც მასლოვსკიმ გააგზავნა მაიკოპში, სადაც მიდიოდა ბრძოლები წითელ არმიასა და თეთრგვარდიელებს შორის.[5][6]

საქართველოსა და თეთრ მოძრაობას შორის ურთიერთობის წარმოება თავიდან მიბარებული იყო მაზნიაშვილსა და მასლოვსკის, რა დროსაც ის წარმატებული იყო, თუმცა მიუხედავად ზაფხულში თანამშრომლობისა საერთო მტრის წინააღმდეგ, კოოპერაცია საბოლოოდ ჩაიშალა ეკატერინორადის კონფერენციის შედეგად, როდესაც უფრო ზემდგომ პირებს შორის დამყარდა კონტაქტი. 18 სექტემბერს სოჭის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც შედგებოდა მენშევიკებისა და სოციალ-რევოლუციონერებისგან, გამოაცხადა შეერთება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია თეთრი ძალების პროტესტი. 25-26 სექტემბერს ეკატერინოდარში (კრასნოდარში) მოლაპარაკებებმა თეთრარმიელებთან და ყუბანის მთავრობასთან, სადაც ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა, ვერ გადაწყვიტა სოჭის საკითხი. თეთრარმიელები არ ჰპატიობდნენ საქართველოს გერმანიასთან მოკავშირეობას და აბრალებდნენ რუსი ოფიცრების დევნას. დადგა საქართველოში რუსეთის საკუთრების საკითხიც, რა დროსაც თეთრარმიელებმა ლიანდაგებიც კი მოითხოვეს საქართველოსგან, რადგან ისინი რუსეთიდან მასალით „ველიკორუსი მუჟიკების“ დაგებული იყო. თეთრარმიელმა გენერალმა მიხაილ ალექსეევმა ქართველების მიერ ნაჩუქარ მატარებელს „დანგრეული“ უწოდა და ამის საფუძველზე „ქართველების არალოიალურ დამოკიდებულებაზე“ მიუთითა, რაზეც მაზნიაშვილმა უპასუხა, რომ გენერალმა მასლოვსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს მატარებლის მიღებისას, რომლითაც დასტურდებოდა მისი კარგ მდგომარეობაში ყოფნა. ვასილი შულგინმა გეგეჭკორს, რომელიც სოციალისტი იყო, შეახსენა მისი „ძირგამომთხრელი“ როლი რუსეთის იმპერიაში, რაც აზრს მოკლებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ დღის წესრიგში იდგა საერთო მოწინააღმდეგის, ბოლშევიკების წინააღმდეგ გაერთიანება. მან ასევე გამომწვევად ჰკითხრა გეგეჭკორს, ხომ არ მონაწილეობდა საქართველო თეთრი მოძრაობის „ალყაში მოქცევაში“, რითაც ხაზის გადასმა ხდებოდა საქართველოს მიერ კუბანის კაზაკების შეიარაღებისა და თეთრგვარდიელების მხარდაჭერისთვის წითლებთან ბრძოლაში. ურთიერთობები ამ მოლაპარაკებების შემდეგ მალევე დაიძაბა. მაზნიაშვილი საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლის თანამდებობიდან მოიხსნა. თეთრმა მოძრაობამ შეუწყვიტა საქართველოს ხორბლის მიწოდება. დენიკინმა მასლოვსკის დაავალა სოჭზე შეტევა, თუმცა მან იუარა, რის შემდეგაც ის ჩაანაცვლეს პოლკოვნიკ კოლოსოვსკით, რომელმაც განახორციელა იერიში სოჭზე და მოგერიებულ იქნა ქართველების მიერ.[5]

გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ის კავკასიაში ჩაანაცვლა დიდმა ბრიტანეთმა. 1917 წლის დეკემბრის ბრიტანულ-ფრანგული ხელშეკრულებით, კავკასია ბრიტანეთის გავლენის ზონად მიიჩნეოდა. ბრიტანელი ჯარისკაცების ჩამოსვლა კავკასიაში ორივე მხარემ სათავისოდ აღიქვა, რადგან თეთრარმიელებს მიაჩნდათ, რომ ბრიტანეთი განუყოფელი რუსეთის იდეას დაუჭერდა მხარს, ხოლო ქართველები ჰაროლდ უილსონის თვითგამორკვევის პრინციპზე ამყარებდნენ იმედებს. ლონდონის პოლიტიკა კავკასიაში მიმართული იყო იმაზე, რომ შეენარჩუნებინა არსებული შეთანხმებები და რუსეთის მომავალი არ გადაეწყვიტა საბოლოო პარიზის კონფერენციამდე, მათ ასევე სურდათ ანტი-ბოლშევიკური ძალების გაერთიანება და ბოლშევიკების აღზევების არდაშვება. ბრიტანეთმა წარგზავნა წარმომადგენლები დენიკინთან და კავკასიის რესპუბლიკებთან, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ იმ მთავრობების ინტერესების გამომხატველებად, რომლებთანაც იყვნენ მივლინებული, ამის გამო როგორც თეთრგვარდიელებისთვის, ასევე საქართველოსთვის, ლონდონის ბუნდოვანი პოლიტიკა ორსახოვანი ჩანდა. წინააღმდეგობრივმა პოლიტიკამ, რომელიც გამოწვეული იყო ხარვეზიანი კომუნიკაციით და ცენტრალური პოლიტიკური ხაზის არარსებობით, ორივე მხარის გაუცხოება გამოიწვია.[6]

ბრიტანეთმა ვერ შეძლო ანტი-ბოლშევიკური ძალების გაერთიანება. სომხეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან ერთად, დენიკინმა გამოიყენა შესაძლებლობა და დაიკავა რამდენიმე სოფელი სოჭის რაიონში ტყვიის გაუსროლებლად. დენიკი უარყოფითად შეხვდა ის ფაქტს, რომ ბრიტანელებმა მარტივად „აპატიეს“ საქართველოს გერმანიის მოკავშირეობა, როდესაც თვითონ ის სულ მოკავშირეების მხარეს იყო. ბრიტანეთის პოლიტიკა მიმართული იყო სტატუს-კვოს დაცვაზე რეგიონში და მას არ სურდა დენიკინი კიდევ უფრო სამხრეთით წასულიყო, რაც დენიკინმა გააპროტესტა ბრიტანეთის წარმომადგენელთან ეკატერინოდარში, გენერალ პულთან, იმის საფუძველზე, რომ ბრიტანეთი მასთან შეთანხმების გარეშე განკარგავდა რუსეთის ტერიტორიებს, თუმცა პულს არ შეეძლო ზემდგომების გადაწყვეტილების შეცვლა.[6]

დენიკი არ დაემორჩილა ამ პოლიტიკას და 1919 წლის 6 თებერვალს გადალახა მდინარე ლოო, ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ კი აიღო მთელი სოჭის რაიონი (მათ შორის გაგრა). გაგრის დაკავების შემდეგ, დენიკინმა მოითხოვა აფხაზეთის ნეიტრალურ მიწად გამოცხადება. ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულს. საქართველო არ მიემხრო ამ იდეას და 1919 წლის 20 მარტს გამოსცა აფხაზეთის ავტონომიის აქტი, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს ავტონომიად ითვლებოდა. 1919 წლის იანვარში ბრიტანელებმა ჟორდანიას შეუთვალეს საქართველოს ტერიტორიის ხელშეუხებლობა. ბრიტანელებმა გააგზავნეს შენაერთები ბარიერის შესაქმნელად საქართველოსა და დენიკის არმიას შორის მდინარე ბზიფზე.[6]

ქართველებმა ბრიტანელები დაადანაშაულეს დენიკის მიერ სოჭის რაიონის დაკავებაში. ბრიტანელებს სურდათ სტატუს-კვოს შენარჩუნება, რასაც ორივე მხარე ხვდებოდა, მაგრამ თუ სტატუს-კვო ძალისმიერად შეიცვლებოდა, ბრიტანელები არ აღადგენდნენ მას. ბრიტანელების განკარგულებებისა და მხარეებს შორის ბრიტანელი დამკვირვებლების განლაგების მიუხედავად, საქართველომ შეუტია თეთრარმიელთა პოზიციებს 17 აპრილს და აიღო გაგრა, რუსებმა დაიხიეს მდინარე მეხადირამდე. დენიკი მოემზადა კონტრშეტევისთვის და ასევე მთელი სოხუმის ოკრუგის აღებისთვის, თუმცა ახალმა ბრიტანელმა წარმომადგენელმა ეკატერინბურგში, გენერალმა ბრიგსმა, გადაარწმუნა ის პირობის სანაცვლოდ, რომ ბრიტანეთი წნეხს მოახდენდა საქართველოზე დახეულიყო უკან მდინარე ბზიფამდე. ბრიგსი გაემგზავრა თბილისში, სადაც მას უფრო დენიკინის წარმომადგენლად აღიქვავდნენ ვიდრე ლონდონის. მან ვერ მოახერხა საქართველოს დარწმუნება იმის მიუხედავად, რომ შეუთვალა, რომ მოკავშირეების ჯარისკაცები მალე გავიდოდნენ და საქართველო მარტო აღმოჩნდებოდა პირისპირ თეთრარმიელებთან. მან გადასცა საქართველოს დენიკინის შეთავაზება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ტერიტორიების სანაცვლოდ, რაც უშედეგო აღმოჩნდა.[6]

1919 წლის მაისისთვის საქართველო შემდეგ პირობებზე თანხმდებოდა მშვიდობას დენიკითან: ქართული ძალები მდინარე მეხადირთან დარჩებოდნენ, საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთის ქონების ხელშეუხებლობას საქართველოში და გაგრძელდებოდა თეთრარმიელებთან ვაჭრობა, საბოლოო საზღვრები დადგინდებოდა პარიზის კონფერენციაზე. საქართველო არ აპირებდა გაგრის დათმობას. დენიკინი თანხმდებოდა შემდეგ პირობებს: ქართველების უკან დახევაზე მდინარე ბზიფისკენ, სოხუმი დროებით ქართულ ადმინისტრაციაში გადაცემოდა საქართველოს, რუსული ქონება ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო საქართველოში და ხალხის მოთხოვნისას მიწის ექსპროპრიაცია უნდა მომხდარიყო მფლობელების კომპენსაციის სანაცვლოდ.[8]

ბოლშევიკებთან სამოქალაქო ომში მომენტალური წარმატებების მიღწევამ შეცვალა დენიკის დამოკიდებულება კავკასიის რესპუბლიკების მიმართ. 1919 წლის ივლისში მან გააგზავნა გენერალი ბარათოვი თავის წარმომადგენლად თბილისში. ბარათოვმა მიიღო დავალება, შეემზადებინა სიტუაცია „ამიერკავკასიის რუსეთთან გაერთიანებისთვის“. დენიკი თანახმა იყო თვითმმართველობა მიეცა კავკასიისთვის მთელ რუსეთში ცენტრალური ხელისუფლების აღდგენამდე. ის სთავაზობდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, თუ საქართველო აღიარებდა თავისი დამოუკიდებლობის დროებითობას და მდინარე ბზიფამდე დაიხევდა. ასევე მისი მიზანი იყო კავკასიაში დარჩენილი რუსი მებრძოლების დახმარება შეერთებოდნენ თეთრ არმიას და მიეღო კავკასიაში დატოვებული რუსული ამუნიცია.[6]

1919 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საექსპედიციო ძალების სარდალმა გენერალმა კორმა მხარეებს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვითაც სადემარკაციო ხაზი უნდა გავლებულიყო მდინარე ბზიფზე. ეს პროექტი საქართველომ არ მიიღო.

1919 წლის ნოემბერში ბარათოვმა დატოვა საქართველო ისე, რომ ვერ შეასრულა თავისი მისია საქართველოსთან მიმართებით. დენიკინს მიაჩნდა, რომ მის მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადა აიძულებდა საქართველოს დანებებოდა, ხოლო საქართველომ უპასუხა იმ მატარებლების დაკავებით, რომლებსაც მიჰქონდათ ბრიტანეთისგან მომარაგება დენიკინთან, ასევე საქართველომ შეუშვა წითელარმიელები თავის ტერიტორიაზე, რომლებსაც მისდევდნენ თეთრარმიელები. საქართველომ ასევე ზიანი მიაყენა თეთრარმიელებს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენი და ინგუში აჯანყებულების მხარდაჭერით 1919 წლის მარტიდან ფინანსებით, იარაღით და ინსტრუქტორებით. აჯანყებამ იფეთქა 1920 წლის იანვარში შავიზღვისპირეთშიც, რომლის დროსაც სოციალ-რევოლუციონერებმა მოუწოდეს ხალხს როგორც წითელარმიელებთან, ასევე თეთრარმიელებთან ბრძოლისთვის. გარკვეულ მომენტში მათ ხელში გადავიდა მთელი ტერიტორია საქართველოსთან საზღვრიდან ნოვოროსიისკამდე. აჯანყება საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო საქართველოს დახმარებით, რის გამოც დენიკინმა ომი გამოუცხადა საქართველოს, თუმცა მას აღარ ჰქონდა საქართველოსთან ცალკე ომის წარმოების შესაძლებლობა და ომის გამოცხადება მალევე უკანა წაიღო. 1920 წლის იანვარსა და თებერვალში თეთრარმიელების მდგომარეობა ბოლშევიკებთან სამოქალაქო ომში გაუარესდა. საქართველოსთვისაც, საფრთხე ახლა არა დენიკი, არამედ წითელ არმიის მიერ ოკუპაცია გახდა. ბრიტანულმა დიპლოტიამ ხელი შეუწყო საქართველოსა და თეთრი მოძრაობის დაახლოებას. 1920 წლის 14 იანვარს დენიკინმა გააკეთა განცხადება, რომლითაც საქართველოს დე ფაქტო დამოუკიდებლობა სცნო, თუმცა საზღვრები მხოლოდ სრულიად-რუსული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა დადგენილიყო. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის აღარ იყო ხელსაყრელი თეთრარმიელებთან ალიანსით წითელი არმიის პროვოცირება, ამიტომაც საქართველომ დენიკინის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბარათოვის შემოთავაზება ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ არ მიიღო, თუმცა მტრული დამოკიდებულებაც შეასუსტა და გაატარა ბრიტანული საომარი მასალა თავის ტერიტორიაზე დენიკინთან, ასევე დადო სავაჭრო ხელშეკრულებები და შეუშვა წითელი არმიის დევნილი თეთრარმიელები თავის ტერიტორიაზე.[6]

საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა 1920 წლის 7 მაისს მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ფარგლებში შევიდა ტერიტორია მდინარე ფსოუმდე. 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა წითელი არმია. 25 თებერვალს საბჭოელებმა ერთკვირიანი ბრძოლების შედეგად აიღეს ტფილისი და გამოაცხადეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. 17 მარტს წითელმა არმიამ სრულად დაამყარა კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 3 ნოემბერს სომხეთმა და საქართველომ დადეს ხელშეკრულება არბიტრაჟზე, რომლის საფუძველზეც საქართველომ შესთავაზა საარბიტრაჟო განხილვა სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეთავაზება მიღებულ იქნა და 1919 წლის 23 ნოემბერს ტფილისში შედგა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის შუამავლობით. გადაწყვეტილ იქნა სომხურ-აზერბაიჯანული კონფერენციის მოწვევა გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.[9]

1920 აპრილში, ერთა ლიგის მიერ ორგანიზებულ სან რემოს კონფერენციაზე, საქართველოც და სომხეთიც ითხოვდნენ ბათუმის ოლქზე სუვერენულ უფლებებს. სომხეთი ასევე ითხოვდა ექსტრა-ტერიტორიულ უფლებებს ბათუმთან მიმავალ რკინიგზაზე, რომელიც ექცეოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან სომხების მტკიცებით, ბათუმი იქნებოდა მათი ერთადერთი პორტი. სომხეთი ითხოვდა, რომ საზღვარი საქართველოსთან გასულიყო მდინარე ჭოროხზე, თუმცა ბოლოს უარი თქვა ამ მოთხოვნაზე. მოკავშირეებმა შეუთვალეს მხარეებს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებებით გადაეწყვიტათ საკითხი ერთა ლიგის უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე. მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა.[10]

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 16 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ თავდაცვით ხელშეკრულებას როგორც მინიმუმ სამი წლით, 1922 წლამდე. სომხეთს ორი კვირა მიეცა ხელშეკრულებაზე მიერთებისთვის, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან მისი თქმით ორმხრივი ხელშეკრულებების დადებას ამჯობინებდა.[11] ხელშეკრულების მიზანი იყო თეთრი არმიის წინააღმდეგ თავდაცვა. აღნიშნული თავდაცვითი ხელშეკრულებით, აზერბაიჯანი უარს ამბობდა პრეტენზიებზე სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში მუსლიმურ ტერიტორიებთან დაკავშირებით.[12]

1920 წლის 28 აპრილს ბაქო აიღო წითელმა არმიამ. გამოცხადდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. 1920 წლის 27 აპრილს აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს ინფორმირება მოახდინა თავდასხმის შესახებ, თუმცა საქართველო უფრთხოდა რუსეთის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების შეთმხვევაში.[13] აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა.

1920 წლის 31 მარტს, აზერბაიჯანულმა დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საიდუმლო მემორანდუმით ერთა ლიგის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს სთხოვა ბათუმის და ყარსის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნება. ბათუმი მნიშვნელოვანი იქნებოდა აზერბაიჯანის ნავთობის ვაჭრობისთვის, რადგან მას არ ჰქონდა შავ ზღვაზე სხვა გასასვლელი. პასუხში მხოლოდ ის იყო ნახსენები, რომ წერილი მიღებული იყო შესაბამისი თადარიგით. ორ კვირაში აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაკარგა სუვერენიტეტი და ეს ტერიტორიული მოთხოვნები მეტჯერ აღარსად ყოფილა გაჟღერებული.[14]

აღმოსავლეთ კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო იყო ზაქათალის ოლქი. 1918 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერდნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და საქართველო, ზაქათალა გათვალისწინებული იყო საქართველოს ფარგლებში.[15] საქართველოს ზაქათალის ოლქი გამოცხადებული ჰქონდა როგორც თავისი ტერიტორია, თუმცა აღნიშნულ მიწას ვერ აკონტროლებდა. ბაქოს დაცემამდე ზაქათალის ოლქში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები იდგნენ. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო იმ საზღვრებში, რომლებზეც მას ჰქონდა პრეტენზია. თუმცა 12 მაისს რუსეთის მოთხოვნით ხელშეკრულებას დაემატა დანამატი, რომლის მიხედვითაც ზაქათალის ოლქის კუთვნილება უნდა დაედგინა ორმხრივ აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო კომისიას რუსი თავმჯდომარით.[16] კომისიის შექმნის მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დაუდგენელი დარჩა, ზაქათალის ოლქის კუთვნილება კი შემდგომში საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა.

ბრიტანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 30 ოქტომბერს ხელი მოეწერა მუდროსის დროებით საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ოსმალეთის იმპერიის ჯარმა დატოვა ბათუმი და შავი ზღვის სხვა პორტები. 15 დეკემბერს ბათუმის პორტში შევიდა ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 5 გემი ბორტზე 15-20 ათასი ჯარისკაცით, რომლებიც ბათუმის ოლქში განლაგდნენ. ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაცია ოლქს აკონტროლებდა 1920 წლის 7 ივლისამდე, რის შემდეგაც იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელში გადავიდა.

პოლონეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიური რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის პირველ მსოფლიო ომში დამარცხებასა და მუდროსის საზავო ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, თურქმა სამხედრო ხელმძღვანელებმა, რომლებსაც მოუწიათ გაეყვანათ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიიდან თავისი ჯარისკაცები, შექმნეს მარიონეტული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიური რესპუბლიკა. მისმა მმართველებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. არჩეულ იქნენ დელეგატები, რომლებმაც ყარსში ჩამოაყალიბეს ეროვნული საბჭო 1919 წლის 17-18 იანვარს. ის გახდა რესპუბლიკის დროებითი ეროვნული მთავრობა. ის პრეტენზიას აცხადებდა ბათუმიდან ნახიჩევნამდე ყველა თურქულ ან მუსლიმურ ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ მიწებზე. მან დაიკავა ტერიტორიები, რომლებიც ახლახანს დატოვეს თურქმა სამხედროებმა. სომხეთმა და საქართველომ მოითხოვეს რესპუბლიკის მიერ დაკავებული ტერიტორიები, თუმცა აზერბაიჯანმა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიას დაუჭირა მხარი, მისი დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც აღიარა და განაცხადა, რომ ის პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. აზერბაიჯანმა ბრიტანეთს სთხოვა რესპუბლიკის დაცვა. ბრიტანეთმა შეუთვალა აზერბაიჯანს, რომ სტატუს-კვო შენარჩუნებული იქნებოდა სანამ პარიზის საზავო ხელშეკრულება გადაწყვეტდა საკითხს. 1919 წლის თებერვალში ახალციხესა და ახალქალაქში აჯანყდნენ მუსლიმები და გამოაცხადეს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიურ რესპუბლიკასთან შეერთება. ამ აჯანყების გამო, საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ახალციხის მაზრაში ვერ ჩატარდა.[17] საქართველომ სთხოვა დახმარება ბრიტანეთს. 1919 წლის მარტში საქართველომ დაიკავა აწყური, ახალციხე და ახალქალაქი. 1919 წლის 19 აპრილს ბრიტანელებმა დააკავეს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის ლიდერები ყარსში. 1919 წლის მაისში ყარსი დაიკავა სომხეთმა.[18]

ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიულმა რესპბულიკამ ერთა ლიგას ოფიციალური თხოვნით გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველად მიმართა 1919 წლის მაისში. ერთა ლიგაში გაწევრიანება გახდებოდა საქართველოს სუვრენიტეტის გარანტი, თუმცა, ეს იდეა ვერ განხორციელდა.[19]

1919 წლის მარტში საქართველომ წარადგინა მემორანდუმი თავისი სახელმწიფოებრივი საზღვრებით პარიზის საზავო კონფერენციაზე, რაც იყო ერთ-ერთი წინაპირობა სახელმწიფოსთვის რათა ერთა ლიგის წევრი გამხრდარიყო. ამას მოჰყვა ოფიციალური განაცხადი 1919 წლის 21 მაისს. 1920 წლის 1 სექტემბერს საქართველომ კიდევ ერთხელ ითხოვა ერთა ლიგაში გაწევრიანება.[20]

1920 წლის 10/11 იანვარს, დახურულ სხდომაზე მიღებულ წერილობით განცხადებაში, ერთა ლიგამ ცნო საქართველოს მთავრობის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. იმავე დღეს გადაწყდა მოკავშირეების ხელისუფლებების მიერ, რომლებიც დომინირებდნენ ერთა ლიგაში, რომ ამიერკავკასიაში ჯარი არ გაიგზავნებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, გაიგზავნებოდა მხოლოდ იარაღი, ამუნიცია და საკვები.[20]

1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოს უარი ეთქვა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. მიზეზი გახდა საფრანგეთის, გაერთანებული სამეფოს და იტალიის უარი, გაეგზავნათ ჯარი საქართველოში აგრესიის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, 1920 წლის 10 დეკემბერს აღინიშნა, რომ განხილვას ექვემდებარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე ცნობა მოთხოვნის შემთხვევაში, რის მიმართაც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს მიეცა ტექნიკურ შეკრებებში მონაწილეობის მიღების უფლება.[20] 1921 წლის 27 იანვარს, ერთა ლიგამ ცნო საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობა.[21]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77
  2. Kenez, Peter (2014). Civil War in South Russia, 1919-1920. University of California Press, გვ. 208. ISBN 9780520327795. 
  3. ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918-1921 წლებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-03. ციტირების თარიღი: 2018-05-13.
  4. 4.0 4.1 Jones, Stephen (2014). The Making of Modern Georgia, 1918-2012: The First Georgian Republic and its Successors. Routledge, გვ. 208. ISBN 9781317815938. 
  5. 5.0 5.1 5.2 Peter, Kenez (2004). „Chapter 8: “A Russia Great, United, and Indivisible (Georgia)“, Red Attack, White Resistance: Civil War in South Russia 1918. New Academia Publishing. ISBN 9781317815938. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Kenez, Peter (2014). Civil War in South Russia, 1919-1920. University of California Press, გვ. 202-212. ISBN 9780520327795. 
  7. Марковцы во Втором походе на Кубань // Второй Кубанский поход и освобождение Северного Кавказа (Сост. С. В. Волков). — М.: ЗАО Центрполиграф, 2002. — 73 с. — ISBN 5-227-01652-6
  8. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 122. ISBN 9789004179011. 
  9. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 88-89. ISBN 9789004179011. 
  10. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 92-93. ISBN 9789004179011. 
  11. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 87-88. ISBN 9789004179011. 
  12. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 186. ISBN 9789004179011. 
  13. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 89. ISBN 9789004179011. 
  14. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 189. ISBN 9789004179011. 
  15. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 83-84. ISBN 9789004179011. 
  16. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 95. ISBN 9789004179011. 
  17. https://qronikaplus.ge/უცნობი-საქართველოს-ქრონ-10/ უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1919 წლის თებერვალი
  18. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 104-105. ISBN 9789004179011. 
  19. საქართველო და ერთა ლიგა (საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან).
  20. 20.0 20.1 20.2 Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 89-92. ISBN 9789004179011. 
  21. Charlotte, Hille (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Brill, გვ. 92. ISBN 9789004179011.