იოსებ გობეჩია
იოსებ გობეჩია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1879[1] |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 1963 |
გარდ. ადგილი | ლევილ-სიურ-ორჟი, საფრანგეთი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
იოსებ პავლეს ძე გობეჩია (დ. 1879, ქუთაისი — გ. 1963, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ივანე და ვლადიმერ გობეჩიების ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ გობეჩია დაიბადა 1879 წელს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1908 წელს, გრენობლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
სწავლის პერიოდში, სტუდენტთა 1901 წლის მღელვარების დროს დააპატიმრეს გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში. ამავე წელს ისევ დააპატიმრეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე საპროტესტო სიტყვის წარმოთქმის გამო და ადმინისტრაციული წესით უკან - ოდესაში გაასახლეს. 1905 წელს ჩამოაყალიბა სოციალისტ-რევოლუციონერთა მებრძოლი რაზმი, რომელმაც განახორციელა ტერორისტული აქტები სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, მაზრის უფროს კეღამოვზე - ოზურგეთში და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - ტფილისში. 1909-1911 წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივესიტეტში. ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის კომისრად გაგზავნა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საოკუპაციო რეჟიმთან კომპრომისის მიღწევას. 1922 წლის გაზაფხულზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ჩამოყალიბებისას იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიისწარმომადგენელი კომიტეტში. დაარსების შემდეგ დამკომმა საკუთარ წარმომადგენლად საიდუმლოდ მიავლინა საზღვარგარეთ ინტერპარტიული კომიტეტისთვის ინფორმაციის გადასაცემად. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[2] შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 53-54.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 200, ISBN 978-9941-0-9318-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 194.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.