იოსებ ირემაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოსებ ირემაშვილი,რუსეთის არმია. I მსოფლიო ომი

იოსებ ირემაშვილი (დ. 6 იანვარი, 1879, სოფ. ურბნისი, გორის მაზრა — გ. 1944, ქ. ბერლინი) — ქართველი პედაგოგი და პოლიტიკოსი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალისტ–უკლონისტი იოსებ (სოსო) ირემაშვილი 1879 წელს, ურბნისში დაიბადა. მისი წინაპრები სამღვდელო პირები ყოფილან. მამამისი, გიორგი ირემაშვილი, ურბნისის ეკლესიაში ჯერ მთავადიაკონი ყოფილა, შემდეგ კი მღვდლად უკურთხებიათ. გიორგის და მის მეუღლეს, მარიამ კოპაძეს, ხუთი შვილი ჰყავდათ, სამი ვაჟი და ორი ქალი.

სოსო ირემაშვილმა 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1901 წლიდან იგი გორის სასულიერო სემინარიის მასწავლებელია, 1917 წლიდან კი უკვე თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლის.

სოსო ირემაშვილი იყო იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ბავშვობისა და სიყრმის მეგობარი. ისინი ერთად სწავლობდნენ გორშიც და თბილისშიც. 1903 წლამდე მათი პოლიტიკური შეხედულებებიც თანხვედრაში იყო, რამაც ორივე გააერთიანა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში. სტალინი მისი მეჯვარეც იყო. შემდგომ იოსებ ირემაშვილი მენშევიკი გახდა და, ბუნებრივია, ჩამოშორდა სტალინს.

1907 წლიდან იოსებ ირემაშვილი „პართენაშვილის“ ფსევდონიმით ქართულ ჟურნალ–გაზეთებში ბეჭდავდა პროზაულ ნაწარმოებებს („წყარო“, „წინ“, „მომავალი“, „ცის ნამი“, „ხომლი“, „ნაპერწკალი“, „ახალი აზრი“, „საქმე“, „ჩვენი გაზეთი“, „ხალხი“). 1911 წელს იოსები იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით, როგორც უნიჭიერესი ახალგაზრდა (თუმცა ამ დროს ოცდაათ წელს გადაცილებული და დაოჯახებულიც იყო), კიევში გააგზავნა სასწავლებლად. მას თან წაუყვანია ცოლ–შვილი და უმცროსი ძმა ვასო. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ ქართველი სტუდენტები, აწყობდნენ სალიტერატურო საღამოებს. აქ დაუახლოვდა იოსები აკაკი წერეთელს, რომელმაც მისი ვაჟი, გიორგი, მონათლა.

იოსებ ირემაშვილმა კიევის კომერციული ინსტიტუტი დაამთავრა და საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1918-1921 წლებში იგი იყო: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან, პარლამენტის დეპუტატი, მინისტრის მოადგილე („ამხანაგი“), დუშეთის მაზრის კომისარი.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, დაინიშნა კახეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო რწმუნებულის - კოტე ანდრონიკაშვილის თანაშემწედ. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პირველად დააპატიმრა 1921 წლის 21 მაისს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მეორედ 1922 წლის 21 თებერვალს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით. 1922 წლის შემოდგომაზე კი 62 პოლიტპატიმართან ერთად გერმანიაში გადაასახლეს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ემიგრაციაში კომერციის ცოდნა გამოადგა, მაღაზია გახსნა და სპარსული ხალიჩებითა და ანტიკვარიატით ვაჭრობდა. საქართველოში დარჩა ოჯახი, მეუღლე, ალექსანდრა (საშა) ამბრიაშვილი და სამი შვილი.

1932 წელს ბერლინში, გერმანულ ენაზე, გამოვიდა მისი წიგნი „Stalin und die Tragoedie Georgiens“ („სტალინი და საქართველოს ტრაგედია”. ეს ნაშრომი დღემდე ითვლება სტალინის ბიოგრაფიის ერთ–ერთ, ყველაზე სანდო წყაროდ.

იოსებ იმედაშვილი გარდაიცვალა 1944 წელს, ბერლინში, საფლავი დაკარგულია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაშვილი, იოსებ. სტალინი და საქართველოს ტრაგედია / თარგმ. მაია ბადრიძის და რუსუდან ზექალაშვილისა. - თბ., 2006; წიგნში აგრეთვე: უცნობი ირემაშვილი: საარქივო მასალა და წერილები.
  • ირემაშვილი იოსებ (სოსო) // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.110.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]