დავით შარაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით შარაშიძე
Sharashidze D.jpg
დაბადების თარიღი 1886
დაბადების ადგილი ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1935
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
განათლება ჟენევის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა გიგო შარაშიძე
დედა ნინო ქიქოძე

დავით შარაშიძე (დ. 1886, ბახვი — გ. 5 ნოემბერი, 1935, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, გიგო შარაშიძის შვილი, ქრისტინე შარაშიძის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, შემდეგ კი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა ოდესის რეალურ სასწავლებელში. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მუშაობდა ბოლშევიკების ფრაქციაში, პრესასთან თანამშრომლობდა „დ. შ-ძის“ ფსევდონიმით. 1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებში, რის გამოც დააპატიმრეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, ცხოვრობდა ჟენევაში და იქვე დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ორჯერ, 1907 და 1912 წლებში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. პოლიტიკური დევნის გამო კვლავ ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.

რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა ჩოლოქის ბრძოლაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მუშაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საფინანსო-საბიუჯეტო და ხელოვნების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აქტიურად იყო ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დაპატიმრებული იყო რამდენიმე თვით, გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა სტამბოლში, მუშაობდა საქართველოში არსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციებსა და ემიგრაციაში მყოფ მთავრობას შორის არალეგალური არხებით ინფორმაციის მიმოცვლაზე, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1925 წლიდან გადასახლდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას.

გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემეგ, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი, ი. (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, გვ. 414-415. ISBN 978-9941-0-9318-0.