შინაარსზე გადასვლა

თბილისის საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის საამირო, 1060 წელს

თბილისის საამიროარაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736-1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია.

ბუღა თურქის შემოსევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-9 საუკუნიდან თბილისის ამირებმა ბრძოლა დაიწყეს ხალიფისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რის გამოც არაბებმა რამდენიმეჯერ ჯარიც კი გამოგზავნეს თბილისზე ძალაუფლების აღსადგენად. ამ ლაშქრობებიდან ყველაზე სასტიკი იყო არაბი სარდლის ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება. თბილისის ამირა საჰაკი ხალიფას უკვე დიდი ხანი აღარ უგზავნიდა ხარკს და მას თავის შეხედულებისამებრ განკარგავდა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში საჰაკს მხარი დაუჭირა აფხაზეთის მეფემ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული და რადგანაც არაბები ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ქალაქს ცეცხლი გაუჩინეს. მტრები ისრებს ნავთში ამოვლებულ ჩვრებს ახვევდნენ და ისე ისროდნენ, მით უმეტეს, რომ იმ დღეს ქარი თბილისისაკენ უბერავდა. 853 წლის 5 აგვისტოს თბილისში ბუღა თურქის ლაშქარი შევიდა. ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა, ამირა კი ბუღა თურქმა შეიპყრო და თავი მოკვეთა. მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნეს,ხოლო ტანი თბილისის გალავნის კედელზე ჩამოკიდეს ურჩთა შესაშინებლად. არაბთა თბილისზე არაერთგზის ლაშქრობებმა ვერ შეაჩერეს ქალაქის გათავისუფლების პროცესი, მით უმეტეს, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სახალიფოს დაშლა და მისი დაკნინება. მალევე თბილისზე ძალაუფლების მოსაპოვებლად უკვე ქართველი მეფეები იწყებენ ბრძოლას.

საქართველოს მიერ თბილისის აღების უშედეგო მცდელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1032 წელს კლდეკარისა და ქართლის ერისთავებმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზას ძემ თბილისის ამირა ჯაფარი ქალაქიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს. როგორც ჩანს, ამირა ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ამდაგვარ განვითარებას, რადგანაც ქართველ ერისთავებთან შეხვედრაზე ყველანაირი ეჭვის გარეშე გამოვიდა, მით უმეტეს, მან და ბაგრატ IV-მ სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გაილაშქრეს განჯაზე. „მატიანე ქართლისას“ ავტორის თქმით, ჯაფარის ბედი საკმაოდ მძიმედ წარიმართა. მან ტყვეობაში სავარაუდოდ ხუთი წელი გაატარა. რთული სათქმელია, თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართველებმა უპატრონოდ დარჩენილი ქალაქის აღების ორგანიზება. ივანე ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ ბირთვისის ციხის აღების შემდეგ მეფემ შეიბრალა ამირა და კვლავ დაამტკიცა იგი თბილისის მმართველად, ვ. კოპალიანის მოსაზრებით კი ბაგრატი ლიპარიტისა და ივანეს მოწინააღმდეგე ფეოდალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელებიც ქალაქის აღებაში ბაღვაშის გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ, ამიტომავ თბილისის შემოერთებაზე უარი თქვა. ასეა თუ ისე, თბილისის საამირო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად რჩებოდა, თუმცა ჯაფარის გათავისუფლებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ კვლავ ლიპარიტის თაოსნობით ქართველებმა ისევ სცადეს თბილისის აღება. ისტორიკოსები თვლიან, რომ ლიპარიტმა დაარწმუნა მეფე თბილისის შემოერთების აუცილებლობაში და ხელმეორე გალაშქრებისაკენ მოუწოდა. თბილისში შესულმა ჯარმა გადაკეტა ყველანაირი გზა, რათა ქალაქი გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა. მოსახლეობა საშინელმა შიმშილმა მოიცვა. თბილელი ბერები ქალაქის მეფისათვის გადაცემას აპირებდნენ, ამირა კი საერთოდ ჩუმად გაქცევაზე ფიქრობდა, თუმცა მოულოდნელად ორწლიანი ალყის შემდეგ ბაგრატმა ჯაფარს ზავი შესთავაზა, ქართულმა ჯარებმა კი თბილისი სასწრაფოდ დატოვეს. ეს საკითხიც ისტორიკოსთა დავის მიზეზად იქცა. ივანე ჯავახიშვილი იბნ ალ-ასირის შემონახულ ცნობაზე დაფუძვნებით მეფის ამ აჩქარებულ გადაწყვეტილებას სულჩუკთა სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას უკავშირებს, მ.ლორთქიფანიძე კი თბილისის შემოერთების მცდელობის წარუმატებელობაში კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგე თავადებს ადანაშაულებს, თუმცა არც ის გამორიცხავს მეფეზე სელჩუკთა ლაშქრობების ზემოქმედებას.

დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-12 საუკუნიდან დავით აღმაშენებელმა დაიწყო ბრძოლა თურქ-სელჩუკების გასაძევებლად ამიერკავკასიიდან, თბილისზე გალაშქრებაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი იყო. 1122 წელს მეფემ შეძლო თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებს, ხოლო მაჰმადიან მოსახლეობას სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო. მიუხედავად ამისა დავითს მალევე დაუცხრა გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მეფემ მაჰმადიანებს თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება მიანიჭა. დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები - ოთხს, ხოლო მაჰმადიანები - სამ დინარს. მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა. საქართველოს დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანეს. ქალაქი მალევე იქცა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად.ყოველივე ამით თბილისის საამირომ თავის დაახლოებით 400 წლიანი არსებობა შეწყვიტა.

1062-1068 და 1080-1122 წლებში თბილისს ქალაქის ბერები განაგებდნენ.

თბილისის ამირები
სახელი მეფობის წლები ტიტული
შუაბიანთა დინასტია
ისმაილ იბნ-შუაბიVIII ს.II ნახ.- 813 თბილისის ამირა
მუჰამედ იბნ-ათაბი813829 თბილისის ამირა
ალი იბნ-შუაბი829830 თბილისის ამირა
საჰაკი830853 თბილისის ამირა
შაბანიანთა დინასტია
მოჰამედ იბნ ხალიდა853869 თბილისის ამირა
ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი869875 თბილისის ამირა
აბრაჰამ შაბანი875878 თბილისის ამირა
გაბულოცი878882 თბილისის ამირა
ჯაფარიანთა დინასტია
ჯაფარ I იბნ-ალი882914 თბილისის ამირა
მანსორ იბნ-ჯაფარი914952 თბილისის ამირა
ჯაფარ II იბნ-მანსორი952981 თბილისის ამირა
ალი იბნ-ჯაფარი9811011 თბილისის ამირა
ჯაფარ III იბნ-ალი10111045 თბილისის ამირა
აბულ-ჰეიჯა იბნ-ჯაფარი10451062 თბილისის ამირა
სითილარაბი10681080 თბილისის ამირა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]