პეტრე გელეიშვილი
პეტრე გელეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1870 |
დაბადების ადგილი | სამტრედია |
გარდაცვალების თარიღი | 17 მარტი, 1938 (67 წლის) |
პეტრე გელეიშვილი (დ. 7 მაისი, 1870, სამტრედია, ქუთაისის მაზრა — გ. 17 მარტი, 1938) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი დაიბადა 1870 წლის 7 მაისს, ქუთაისის მაზრის სოფელ სამტრედიაში. 1888 წელს დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში. შემდგომში დაინტერესდა მუშათა მოძრაობით და დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ პრესასთან. ამხანაგებთან ერთად ჩამოაყალიბა თვითგანვითარების წრე. 1891 წელს ოდესაში დააპატიმრეს და ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს.
1897 წელს მუშაობდა განახლებულ გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. 1899–1900 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ჟურნალისტად პეტერბურგში. 1903 წელს გადავიდა ბაქოში, სადაც მშაობდა ქალაქის სამმართველოს მდივნად. 1905 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიაში. ტფილისში დაბრუნების შემდეგ მშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინაარმდეგობის მოძრაობაში. 1923-1929 წლებში მუშაობდა სტატისტიკურ სამსახურში, 1927-1929 წლებში კი საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში. 1933-1937 წლებში მუშაობდა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში. 1937 წელს, პეტრე გელეიშვილი დააპატიმრეს არალეგალური მენშევიკური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. დახვრიტეს 1938 წლის 17 მარტს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 89.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 188-191, ISBN 978-9941-0-9318-0.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 581.
- ბარამიძე არჩ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 38.