აფხაზეთის ავტონომია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ავტონომია — ავტონომიური ერთეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, მოიცავდა ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აქტი ავტონომიის შესახებ“ და დასამტკიცებლად საქართველოს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა, მასში ნათქვამი იყო:

  1. აფხაზეთი შედის საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში ავტონომიურ ელემენტად, რაზედაც აცნობებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას;
  2. ავტონომიური აფხაზეთისთვის უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც დაარეგულირებს ცენტრალურ (საერთო-ქართულ) და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულებას;
  3. კონსტიტუციის შესადგენად უნდა ჩამოყალიბდეს შორეული პარიტეტული კომისია სახალხო საბჭოს წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან;
  4. ამ კომისიისგან შემუშავებული დებულებები შეტანილი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზთის სტატუსის მიმართ:

ვიკიციტატა
„ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც ავტონომიას ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და დენიკინთან მიერთება“

ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემმუშავებელ შერეულ საკონსტიტუციო კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ავტონომიის დონის თაობაზე, ეთნიკურად აფხაზი დეპუტატების ნაწილი კი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიას. დებატები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე წინასწარი პროექტი, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების აუცილებელი ორი მესამედი. იყო ინტენსიური კონსულტაციები თბილისთან. საბოლოოდ, ძირითადი შიდა უთანხმოებების გადალახვა მოხერხდა. 1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების მიზნით. ამ პროექტებს აერთიანებდა შემდეგი ძირითადი დებულებები:

  1. აფხაზეთი ატონომიური ერთეულია საქართველოს შემათგენლობაში;
  2. საქართველოს ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები პასუხს აგებენ საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზე, საფინანსო, საგადასახადო და სასამართლო სისტემებზე, ფოსტაზე, ტელეგრაფზე, რგინიგზის და საავტომობილო გზების ქსელებზე;
  3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომისარიატის გამგებლობაში რჩება აფხაზეთის ცხოვრების ყველა დანარჩენი სფერო.

1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა:

ვიკიციტატა
„აფხაზეთი, მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, და შავი ზღვის სანაპიროებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს“

შეთანხმება ავტონომიისა და თბილისსა და სოხუმს შორის სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ მიღწეულ იქნა. 1920 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო „ავტონომიური აფხაზეთის მართვის დებულება“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 40.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]