შალვა ქარუმიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ქარუმიძე
დაბადების თარიღი 1887
დაბადების ადგილი თორტიზა
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1952(1952-03-01)
გარდაცვალების ადგილი ბერნი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე (დ. 1887, თორტიზა, გორის მაზრა — გ. 1 მარტი, 1952, ბერნი, შვეიცარია) — ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე დაიბადა 1885 წელს, გორის მაზრის სოფელ თორტიზაში. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე — ანნა ვასილის ასული ზოლოტარსკაია, რომელთანაც 1909 წელს შეეძინა ერთადერთი ასული — თინა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.

1917 წელს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში და არჩეული იყო მის მთავარ კომიტეტში. 1917 წელს გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად ქარუმიძე ჩავიდა სტოკჰოლმში, სადაც შეხვდა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებს, ბერლინიდან ჩასულ გიორგი მაჩაბელსა და მიხეილ წერეთელს. მათ ერთობლივად შეიმუშავეს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანის გეგმა და განახორციელეს კიდეც იმავე წლის ოქტომბერში. 1917 წლის ნოემბერ–დეკემბერში, როცა რუსი ჯარისკაცები უკან იხევდნენ, ოსმალები წინ მოიწევდნენ, ქართული არმია კი არ არსებობდა, აუცილებელი გახდა თუნდაც ერთი სამხედრო შენაერთის შექმნა საქართველოს საზღვრების დასაცავად. გენერალმა მაზნიაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე მოხალისეთა რაზმების შესაკრებად გააგზავნა ხევსურეთში, სადაც მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მოკლე ხანში შეიკრიბა ოთხასამდე ხევსური მოხალისე, რომლებიც დააბინავეს თბილისის სამხედრო სკოლაში და საბრძოლო მოქმედებებისათვის მოსამზადებლად ოფიცრები დაუნიშნეს.

1918–1921 წლებში შალვა ქარუმიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარებაში. იყო დამფუძნებელი კრების წევრი და ხელის აქვს მოწერილი 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მან ძმასთან ერთად დააარსა საკრედიტო ბანკი სოფელ თორტიზაში, შექმნა მატყლის დამამზადებელი ამხანაგობა ხევსურეთში „მწყემსის“ სახელწოდებით.

1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, შალვა ქარუმიძე ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და განაგრძობდა საქმიანობას მატყლის დამამზადებელ ამხანაგობაში. 1924 წელს, ამბოხებამდე ცოტა ხნით ადრე იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ ახალი საფეიქრო ტექნიკა–დანადგარების ჩამოსატანად. სტამბოლში ყოფნისას გაიგო აჯანყების დამარცხებისა და მისი ძმის, საშას (ალექსანდრე) დახვრეტის ამბავი. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]

ქარუმიძემ თბილისის მაუდ–კამვოლის ფაბრიკისთვის შეძენილი დანადგარებით დატვირთული გემი ბათუმში გამოაგზავნა, თვითონ კი სტამბოლიდან გერმანიაში გადავიდა და აქტიურად ჩაერთო ანტისაბჭოთა საქმიანობაში. შალვა ქარუმიძე 1930 წლის ზაფხულში, ყალბი ფულის ბეჭდვის ბრალდებით გაასამართლეს სხვა თანამზრახველებთან ერთად. ამავე წელს მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა. ქარუმიძეს მიუსაჯეს 2 წელი და ათი თვე, ამ დროს იგი შვეიცარიაში ცხოვრობდა. გერმანიაში ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1934 წლის 28 ივნისს ეს განაჩენი გაუქმდა. შალვა ქარუმიძეს შესაძლებლობა მიეცა „მესამე რაიხისათვის“ შეეფარებინა თავი.

შალვა ქარუმიძე იყო გერმანიის ქართველ ნაციონალისტთა ორგანო „კლდის“ რედაქტორი. გაზეთი გამოდიოდა 1934–1936 წლებში ბერლინში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ შალვა ქარუმიძე შვეიცარიაში გადავიდა. გარდაიცვალა 1952 წლის 1 მარტს ბერნის სულით სნეულთა სამკურნალოში. დაკრძალულია ბერნში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.