პეტრე სურგულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პეტრე როსტომის ძე სურგულაძე (დ. ოქტომბერი, 1873, ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 6 სექტემბერი, 1931, სტამბოლი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე როსტომის ძე სურგულძაე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩიბათში, გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო ჯერ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, შემდეგ დაასრულა თბილისის ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1894 წელს და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. იყო ქუთაისის სათავადაზნაური პროგიმნაზიის გამგე–მასწავლებელი, შემდეგ თბილისის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას. ამავე დროიდან იყო ჩართული მესამე დასის მუშაობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან. 1900-იანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით და გააგდეს სამსახურიდან. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემაში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოშორდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მუშაობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად. 1906 წლიდან მუშაობდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში. 1900-იანი წლების ბოლოს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოყალიბა ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას. 1908 წლიდან ჯგუფი გამოსცემდა ჟურნალ „ერს“. რომელიც 1909 წელს ხელისუფლებამ დახურა. გამოცემა განახლდა „საქართველოს მოამბის“ სახელწოდებით. მეორედ დააპატიმრეს 1910 წლის 7 აგვისტოს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთში გიორგი გვაზავას სტატიის „ჩეხეთის“ გამოქვეყნების გამო. მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა. სასჯელის თავიდან აცილების მიზნით არალეგალურად წავიდა ემიგრაციაში. 1910 წელს ჟენევაში დააარსა „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფი“ და გამოსცემდა გაზეთს „თავისუფალი საქართველო“. 1913 წელს დააპატიმრეს საქართველოში არალეგალურად დაბრუნების მცდელობისას. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1914 წელს ჩამოაყალიბა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, მონაწილეობდა ქართული ლეგიონის ფორმირებასა და საქართველოში იარაღის არალეგალურად შემოტანაში.1917 წელს იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების დეპუტატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წწ.) პეტრე სურგულაძე ასრულებდა დიპლომატიურ მისიას როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით.აქტიურად მონაწილეობდა სამუსლიმანო საქართველოში საქართველოს ხელისუფლების განმტკიცებაში. 1921 წლის დასაწყისში წავიდა სტამბოლში კომერციული საქმიანობის წამოსაწყებად. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა სტამბოლში და ჩართული იყო იქაური ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1931 წელს იქვე გარდაიცვალა მოულოდნელად, გულის შეტევით. დაკრძალულია სტამბოლში. ნაშრომები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების, ქართული ენისა და მწერლობის, ასევე სხვა მრავალი ეროვნული პრობლემის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ.368-369.
  • „თეთრი გიორგი“ N43-44, აგვისტო-სექტემბერი, 1931 წ.
  • „სამშობლო“ N11 აპრილი, 1932 წ.
  • „დამოუკიდებელი საქართველო“ N69, სექტემბერი, 1931 წ.