შინაარსზე გადასვლა

გიორგი გვაზავა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გვაზავა
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1869(1869-04-23)[1]
დაბადების ადგილი სუჯუნა
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1941(1941-01-20)[1] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
განათლება მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი
მეუღლე/ები ნინო ჩერქეზიშვილი
შვილ(ებ)ი მზია გვაზავა, ჯამლეთ გვაზავა

გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (დ. 23 აპრილი, 1869 , სუჯუნა, სენაკის მაზრა — გ. 20 იანვარი, 1941 , პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. დაობლდა ადრეულ ასაკში. ზრდიდა ბიძა, ბლაღოჩინი შალამბერიძე სოფელ ნოქალაქევსა და მარტვილში. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამთავრობო სტიპენდიით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წლებში მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს, მაგრამ, ბრალდების სიმცირის გამო, არ დაუსჯიათ, საქმე წარმოებით შეწყდა.

1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვროდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტის“ პროექტი. მისი მიხედვით საქართველო 12 კანტონად დაიყოფოდა, თითოეულს ექნებოდა საკუთარი თვითმმართველობა, საქართველოს კი ავტონომია რუსეთის შემადგენლობაში. 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს" დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წლის ივნის-ოქტომბერში ესწრებოდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად წარუდგინა „საქართველოს ხალხის მემორანდუმი" საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1910 წელს ჟურნალ „ერის" ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია", რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ, „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა.

1914 წელს იყო ჟურნალ „კლდეს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 წელს შედიოდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1917 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე „საქართველოს ავტონომიის შესახებ“. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციასა და ბათუმის მოლაპარაკებებში ამიერკავკასიის სახელმწიფოებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ხელი მოაწერა მას. 1918 წლის განმავლობაში იყო ედპ-ის ფრაქციის ლიდერი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხაზინადარი. არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, შედიოდა ასევე, კრების სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.

1921 წლიდან წავიდა გიორგი გვზავა ემიგრაციაში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1926 წლიდან იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წლებში იყო ფრანგულ ენოვან ჟურნალ „პრომეთეს“ რედაქტორი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1912), პ. ჟ. კრებიიონის „ფარსმან, მეფე ივერიისა“, „რადამისტი და ზენობია“ (1929), ჟ. რასინის „მითრიდატე“ (1934), ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ (1935) და სხვ. 1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ხუთი წერილი საერთო სათაურით „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, რომლებშიც აღწერა პარტიის ისტორია დაარსებოდან 1920-იანი წლების შუამდე. მისი რედაქტორობით 1929-1935 წწ. პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ გაზეთი „საქართველო“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული ვარიანტი.

გიორგი გვაზავა 1941 წელს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.