შინაარსზე გადასვლა

ყარსის ხელშეკრულება

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარსის ხელშეკრულება

თურქეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვარი ხელშერკულების თანახმად
დეტალები
შექმნის თარიღი 13 ოქტომბერი, 1921
რატიფიკაცია 11 სექტემბერი, 1922
ადგილი ყარსი
ხელისმომწერნი თურქული მხარე:
  • მუსა ქიაზიმ ყარაბექირი,
  • ველი ბეი, მუხტარ ბეი,
  • მენდუხ შევქეთ-ბეი
  • საბჭოთა მხარე:
  • ასქანაზ მრავიანი,
  • პოღოს მაკინციანი,
  • ბებუთ შახტახტინსკი,
  • იაკობ განეცკი,
  • ალექსანდრე სვანიძე,
  • შალვა ელიავა.
  • ყარსის შეთანხმება (თურქ. Kars Antlaşması, რუს. Карсский договор, ქართ. ყარსის ხელშეკრულება, სომხ. Կարսի պայմանագիր, აზერ. Qars müqaviləsi) — სამშვიდობო ხელშეკრულება ერთი მხრივ თურქეთსა და მეორე მხრივ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - საქართველოს სსრ-ს, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის. ხელშეკრულება დაიდო რსფსრ-ს მონაწილეობით და ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში.

    შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა 24 0000 კმ² , მათ შორის 13046 კმ² საქართველოს და დანარჩენი სომხეთის ტერიტორია.

    საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება.

    თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მუსა ქიაზიმ ყარაბექირი, დეპუტატი მუხტარ ბეი, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი. რსფსრ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი.

    საქართველოს სსრ-ს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა, საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა. სომხეთის სსრ-დან მონაწილეები იყვნენ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი და შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი. აზერბაიჯანის სსრს წარმოადგენდა სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი.

    ყარსის კონფერენცია მოწვეულ იქნა 1921 წლის 26 სექტემბერს 1921 წლის 16 მარტის მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე და მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი. საქართველოსთვის ეს ეხებოდა ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს, აგრეთვე ართვინის ოკრუგს (მთლიანად) და არტაანის ოკრუგის ჩრდილოეთ ნაწილს. სომხეთისთვის ეს იყო ყარსის ოლქი ყაგიზმანითურთ და არტაანის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, აზერბაიჯანისთვის კი ნახჭევანი. მოლაპარაკები გაიმართა ყარსის ვალის რეზიდენციაში. მოლაპარაკებები ორ კვირას გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმება შედგა 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ განსაზღვრულა.

    მითები და პროპაგანდა

    [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ყარსის ხელშეკრულების ირგვლივ არსებობს რამდენიმე მითი. [1] ერთ-ერთი მითის თანახმად ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სადავო ხდება. ხელშეკრულებაში არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ამასთანავე, 1993 წლის 25 მარტი საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები „დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“.[1]

    რესურსები ინტერნეტში

    [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]