ხევსურეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხევსურეთის ისტორიასაქართველოსა და ზოგადად კავკასიის ისტორიის ნაწილი.

ტერიტორიების პირველი გადანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, როდესაც ქართველთა ეთნარქები შეთანხმდნენ ტერიტორიების განაწილებაზე, ხევსურეთის ტერიტორია, უფრო სწორედ კი არაგვის ხევსურეთი წილად ხვდა ჯერ ქართლოსს, ხოლო შემდეგ კი მის ერთ-ერთ ძეს — კახოსს.

ვახუშტი ბატონიშვილი ძველ ხევსურეთს (არაგვის ხევსურეთს) ასე აღგვიღწერს:

ვიკიციტატა
„... და ამათ შორისი ქვეყანა არს კახეთი, წილი კახოსისა და მისის სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა, თიანეთს, ერწოს, ირტოს ხევს, პანკისის ხეობას, საყდრიონს და ალონს.[1].“

ხალხური გადმოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხური გადმოცემით ხევსურების არაგვის ხევსურეთში დასახლების რამდენიმე ლეგენდა არსებობს:

ერთი ვერსიით, ხევსურები, ორი ძმის[2] — არაბულებისა და ჭინჭარაულების შთამომავლები არიან, რომელთა წინაპარი ფშავიდან წარმოსდგება. თქმულების ერთი ვარიანტით ის გადმოსულა შუაფხოდან, მეორე ვარიანტით აფშოდან. ის მონადირე ყოფილა რომელიც არაგვის ხეობაში სანადიროდ წამოსულა. აქ გუდანის მახლობლად გარეული თხა მოუკლავს და ნანადირევი შინ მიუტანია. მამას გაკვირვებია თხის სიმსუქნე და შვილისათვის გამოუკითხავს ნადირობის ადგილი. მამას უთქვამს: ის ადგილი, სადაც ასეთი მსუქანი ნადირია, ნოყიერი და მოსავლიანი იქნებაო: ამიტომ წადი, ამ თხის ბუშტი ხორბლით გაავსე და სადაც ნადირი მოგიკლავს, იქ დათესეო. მონადირეც ასე მოქცეულა და გუდანის მახლობლად ეს ხორბალი დაუთესია. ამოსულა მშვენიერი ჯეჯილი; შემოდგომაზე მონადირეს მოუმკია ერთი გუდა ჭირნახული და წაუღია. ამის შემდეგ მამა-შვილნი დარწმუნებულან ადგილის ნაყოფიერებაში, შუაფხოდან აქ გადმოსახლებულან და ადგილსაც გუდანი დარქმევიაო. ამაზეა ნათქვამი:

ერთმა ვერძისა ქისამა

გუდა შექმნა და გუდანა.

ამრიგად თქმულებებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ ხევსურეთში მოსახლეობა ფშავის ხევიდან გადმოსულა და პირველად გუდანში დასახლებულა, გამრავებულა და შემდეგ შატილშიც გადასულა.

მეორე ვერსიით, ხევსურეთში სამმა ძმამ, არაბამ, ჭინჭარამ და გოგოჭურმა განდევნეს კავკასიური ტომი და თვითონ დასახლდნენ, რითაც სათავე ჩაუდეს სამი დიდი გვარის წარმოშობას. ესენი არიან: არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ადრეული ცნობა ხევსურებზე, ფშაველებზე და ზოგადად ფხოველებზე, მოყვანილია თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ცხოვრებაში“ და ის ჩვ. წ. I საუკუნეში კავკასიაში პომპეუსის შემოსვლას უკავშირდება:

ვიკიციტატა
„არამედ ვინაჲდგან შინაგანი კახეთი განმაგრებულ იყო და არა ძალ იდებოდა შესლვად მათ შორის სიმაგრისაგამო ძნელთა გზათასა ამისთვის განვლო ჱერეთისა და ერწოს გზით გარე-კახეთი და შევიდა მთათა კავკასიისათა, არამედ მოეგებნეს მას არაგველნი, ფშაველნი და ხევსურნი, ფხოველნი, შეკრებულნი ერთად და ბრძოდეს იგინი ფიცხელად რომაელთა მხედრობასა, ხოლო არაგველთა და ფხოველთა ემოსათ მოკლე ჩოხანი წითელნი და ესრეთ ებრძოდეს მტერთა წითლითა ჩოხებითა; ხოლო ოდეს იხილა სიკეთე მათი პომპეიმ, მიუვლინა ამათ მოციქულნი და სთხოვა მათ, რათა მოვიდნენ მისთანა და არწმუნა ფიცითა, „რომელ არცა ერთსა მათგანსა არა რაჲსა ავნებს და ანიჭებსცა ნიჭთა და აგნუტევებს და თჳთცა მიიქცევის მხედრობითა თჳსითა და დაუტევებს მათ მშჳდობით.“ მაშინ მოვიდენ იგინი პომპეისთანა ძღვნითა და მოჰგვარნეს ცხოვარნი და ზროხანი და ჯორნი, და ანიჭა მათ პომპეიმ ნიჭნი მრავალნი, რამეთუ იყვნეს იგინი ვიდრე სამასამდე კაცთა რჩეულნი ვაჟკაცნი და გამოჰკითხა პომპეიმ მათ ზნენი მათნი, თუ ვითარ ცხოვრობენ იგინი მთათა შინა და თუ ვითარნი განწესებანი აქვსთ სახლთა შინა მათთა ანუ მხედრობათა და სთხოვა მათ, რათა აჩვენონ ვარჯიშნი მათნი, თუ ვითარ ხმარობდენ იგინი საჭურველთა საომართა და ჰყვეს მათ ვარჯიშნი მათნი, ჴრმლითა, თუ ვითარისა სახითა ჯერ არს ბრძოლასა შინა ხმარება ხრმლისა და ფარისა (ხოლო ხრმლისა ვარჯისსა იგინი უხმობენ კეჭნაობასა და აქვთ წესი ესე ჴლმის ვარჯიშისა ვიდრე აქამომდე); ხოლო დამოსნა იგინი პომპეიმ რომაულითა შესამოსლებითა და ფრიად სთნდა სიმხნე და მამაცობანი მათნი და ჰკითხა მათ, მორჩილებენა იგინი მეფესა მათსა საქართველოჲსასა? ხოლო მათ მიუგეს: „ჩვენ ვართო ერთგულნი ყმანი ხელმწიფისა ჩვენისანი და სანდონი და მარადის განუშორებლად ვართ მეფისათა, რამეთუ მარადის გვამის მცველად მეფისა საწოლთა შინა მისთა შინა და გარე ჩვენ ვართო დადგენილნი“[3].“

ფხოელები ასევე მოხსენიებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“, სადაც აღწერილია იბერიელების მოქცევა ქრისტიანობაზე (337 წ.) და წმინდა ნინოს მოღვაწეობა.

ვიკიციტატა
„... და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი. გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე[4].“

მემატიანეს ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოეთი IV საუკუნეში დასახლებული ყოფილა და წარმართ ფხოელებს ქრისტიანობა არ მიუღიათ, და ეტყობა მათი ერთი ნაწილი კავკასიონის მიღმა მხარეში გადახვეწილა. მაგრამ ამავე ცნობის მიხედვით მოსახლეობა ხევსურეთში უფრო ადრე უნდა ვიგულოთ, ყოველ შემთხვევაში არაუგვიანეს I საუკუნისა; ამ დროიდან დღემდე მოსახლეობა ამ კუთხეში უწყვეტია.

შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი იხსენიება კახეთის „ქორიკოზის“ (ქორეპისკოპოსი) კვირიკე III დიდი დროს (1014 წ.), როდესაც კვირიკე III-მ კახეთი ხელმეორედ დაიპყრო და ახალი საერისთავოები დააწესა, მათ შორის მოხსენიებულია ფხოელთა ქვეყანა:

ვიკიციტატა
„მეორე (ერისთავი) დასვა კვეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთ ორთა მთათა შორის, რომელ არიან კახეთსა და კუხეთისა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ეს არს ერწო-თიანეთი, ფხოელნი, ძურძუკნი და ღლიღვი[5].“

ამგვარად, XI საუკუნეში ხევსურეთი (ფხოვი) ქისტ-ჩაჩნებთან ერთად ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტერის საერისთავოს.

თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში დაახლოებით 1212 წელს, ფხოველებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყვეს და მათ წინააღმდეგ თამარმა ლაშქარი გაგზავნა ივანე მხარგრძელის სარდლობით:

ვიკიციტატა
„მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.

მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწ ყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქ მნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი". ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.

და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა. თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა[6].“

ამ დროიდან XV საუკუნემდე საისტორიო მწერლობაში ფხოვის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ იხსენიება თვით სახელი ფხოვიც, რომლის ნაცვლად უკვე ფშავ-ხევსურეთია მიღებული.

XV საუკუნეში ფეოდალური მონარქიის დაცემისა და დაშლის ხანაში ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ისევ გადამდგარან და კახეთის მეფე გიორგი I აღარ ემორჩილებოდნენ:

ვიკიციტატა
„... მას (გიორგი I) არ ემორჩილებოდნენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდნენ ამათ და მსახურობდნენ.“

ამ გარემოებისათვის ყურადღება მიუქცევია კახთ მეფეს ლევან (1520-1574), რომელსაც განუზახავს ხევსურეთისა და ფშავ-თუშეთის შემორიგება და აღუთქუამს მათთვის საძოვრების დათმობა:

ვიკიციტატა
„არამედ ამას წინათა კახთა მეფეთა არღა-რა მორჩილებედან ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპეყარნა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მდვარ-იყუნენ კახეთსა და მისცა შეწირულება ლაშას ჯვარსა თიანეთს შინა და მიერით-გან მისცემი ლაშქარსა და ბეგარასა[7].“

რასაკვირველია, კახეთისა სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხევსურეთის შემომტკიცებას. ეს პროვინცია მას ჩრდილოეთიდან საზღვარს დარაჯობდა, საიდანაც კახეთს მუდამ ჩრდილოეთის ტომები ემუქრებოდნენ. ამასთანავე, ხევსურეთი იხდიდა ბეგარასა და სალაშქროდაც გადიოდა, მაგრამ მეფეებთან ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში არ ყოფილა.

საზოგადოდ, მთა სახასო იყო, ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს ხელი არ ჰქონდა. მთის გამგებლობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული. გიორგი ბრწყინვალის ”ძეგლისდების” მიხედვით ერისთავებს ექვემდებარებოდნენ: გამგებელი ანუ მოურავი, ხევისთავი, ხევისბერი და ციხისთავი. ხევსურეთი კახეთის სამოურაოში შედიოდა. მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით. და თუ ამ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, ის მზად იყო განდგომისა ამბოხებისათვის.

ხევსურეთის თემების თავშესაფარი და მთავარი ადგილი იყო გუდანი, სადაც გუდანის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები სამხვთოს, აქვე იყო გუდანის-ჯვარის ქადაგი, რომელიც ხალხს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა თუ ზავის შესახებ. გუდანის-ჯარი ლაშქრის სარდალი იყო და მისი ბორაყი ლაშქარს მუდამ წინ მიუძღოდა.

მაგრამ თემური ხევსურეთის ამ თავისუფლებას ფეოდალებისაგან მუდამ საფრთხე მოელოდა, განსაკუთრებით, მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს. და მაშინ გაძლიერებული არაგვის ერისთავები ცდილობდნენ სხვა მთიელებთან ერთად ხევსურეთის დაპყრობასაც. ამ მხრივ ცნობილია ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი დღემდის შემონახულია.

ზურაბს ხევსურეთისაკენ პირველად ორწყლით გაულაშქრია, სადაც ფშავ-ხევსურეთის არაგვი ერთდგება:

ფშავის ორწყალში ჩავიდათ,

მანდ ომი მოგვიხდებისა,

მანდ მოვლენ ფშავნი, ხევსურნი,

ზურაბიც მაშავდებისა.

ზურაბს აქ ფშაველები შებრძოლებიან და ის ამ გზით ხევსურეთში ვერ შესულან. მაშინ ზურაბის ლაშქარს მთიულეთით შემოუვლია, გუდამაყრის ხეობით გადასულა ხევსურეთში ლიქოკის ხეობაში შეჭრილა:

ერისთავ შაჰყრის ლაშქარსა,

კანჭის ქედს დაგროვდებისა,

ლსახევსურეთოდ ჰგულავის,

არაგვძე შამადგებისა.

აკუშოს წინ-წინ მივიდა,

ხმა ლოქოკს გავარდებისა.

ლოქიკის ვიწრო და მაგარი ხეობა ზურაბს დიდხანს ვერ გაუტეხია და ლოქოკელებსაც ამ ბრძოლაში გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენიათ:

იანვარ წოწკოლაური,

მშვილდ დალზე გეზიდებისა,

ელიზბარ ფოცხვერიშვილი

„ხმალ, გაჭერ!“ გეუბნებისა.

ერისთვის აზნაურებსა

ყორბებ პწკლით ეპიზოდებისა!

გიხოცავთ აზნაურები

დაბლა, აკუშოს წყალობზედა,

უხიდოდ არ გაივალის,

მაგ სისხლის ალაზანზედა!

ხალხური თქმულებით ზურაბს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუზრახავს ლიქოკელების სალოცავზე „ხმალა ხატზე“ მდგარი ალვის ხის მოჭრა, რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიქოკის ხეობის მისავალში ბარისახოს ბაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდაო და ამით ხალხს ნათლავდნენ. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, რადგან ყოველ ცულის დარტყმაზე ხე უფრო მაგრდებოდაო. მაშინ ერთ ღულელ არიშაულს ზურაბისათვის უსწავლებია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცევაო.

ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუჭრიათ. ამის შემდეგ ლიქოკის ხეობას ადგილის ანგელოზი განშორდა და ზურაბმაც ახალიწელიწად დღეს ლიქოკის ხეობაც აიღოო. მხოლოდ სოფ. აკუშო ზურაბს მაინც ვერ გაუტეხია:

...სომეხასა მინდოდას წინ ვერვინ დაუდგებისა...

აკუშოს რად მოხვიდოდი, ზურაბ, არ იყავ ჭკვიანი,

ახლო მოხკიდავ ქუდნისლა, საძახებელა ტიალი,

მოგდიეს ვანხევამდია, მშვილნი მოგჭედეს რქიანნი,

მოგდევდეს, მოგაწუხებდეს, ხმალნი მოგწკეპდეს ფხიანნი.

ზურაბს ხევსურეთის დასაპყრობად მესამედაც გაულშქრია. იგი ხევსურეთში ხევის გზით გადასულა და სოფ. როშკაში შეჭრილა:

როშკას ატირეს ციხენი,

ბლოს სახლნი ქვისთკირისა;

როშკი ხორხს ზურაბს ჩამოჯდა,

შუქნ ჩამოუშვან მზიანი.

ზურაბის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი ყოფილა და ხევსურებს მასთან პირდაპირ შებრძოლება ვერ გაუბედნიათ. ხევსურებს ზურაბისათვის ელჩები მიუგზავნიათ, შერიგება უთხოვიათ და ბეგარაც შეუძლევიათ:

სანეს დაგროდეს ხევსურნი:

პატრონი ვართ ადგილისანი,

ზურაბო, დაჯე, დაგვეხსენ,

ნარჩომნ ვართ შენის ხმლისანი,

თორემ ჩვენც შამოგეცდებით,

ხოჯეგნ კარს გვიდგან ღვთისანი,

მოგვლენ მთასიქეთელნი,

ნაპირის ადგილისანი.

მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლებით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია. ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. ბრძოლა მომხდარა სოფ. გუდანათან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:

თან მოჰყვეს ქალანდაურსა

მამუკას შუქნი მზისანი,

ბეგენ-გორს ჩამოეწია,

ჯარნი ჭრნა ზურაბისანი.

ამ ბრძოლაში ზურაბი დამარცხებულა, მისი ლაშქარი განახევრებულა და დახოცილთა სისხლით ღულის წყალი წითლად შეღებილა:

გულის ძირს წისქვილნ დაბრუნდეს

ზურაბის სისხლის წყლისანი.

ამ გამარჯვების აღსანიშნავად ქალანდაურს ბეგენთ-გორში სამანი ჩაუდგამს :

ამამდით ამაბრუნდების,

სამანნ ჩაჰყუნდა, ქვილანი,

«ამას ვინც გადამიცილდას, —

ცოდვან ახკიდნა ხმლისანი; —

ვაჟ ვინაც იყვას, ესრე ქნას,

გუდანს ვინც ლახნა ქვისანი».

ამ ბეგენთ-გორში დგეს ერთი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით, თვით მამუკა ქალანდაური ასაფლავია. ეს ადგილი წმინდა ადგილად ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.

ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა, მას ღალატისთვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები თრუსოში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინა.

ხმლებს ნუ დაიხსნით, ხევსურნო ზურაბ არ დაინდობაო.

მაგრამ ცბიერ ზურაბს სტუმარ-მასპინძლობის ეს ადათი დაურღვევია და უიარაღო ხევსურები ნადიმზე ვერაგულად დაუხოციაო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ხევსური ალექსაური, რომელსაც ზურაბის მეღვინე მოუკლავს და გამოქცეულა. ამ ამბავს ხალხი დღესაც სიმწარით იგონებს:

ზურაბო ერისთვისშვილო,

სისხლისიმც დაგლევს წყალია!

თრუსოს აწიენ ხევსურნი,

ღალატიც დასჭერ თავია[8].

ამგვარად, თემობრივი ხევსურეთის ეს ბრძოლა მებატონე ზურაბის დამარცხებით დამთავრდა; თავის გამარჯვება ხალხს ასე გაულექსია:

ხევსურეთშია, ზურაბო,

ვერ იქამ ერისთობასა,

გაგიწვრილდება კისერი,

ვერ შესძლებ ქვეითობასა...

მე წინა გითხარ, ზურაბო,

ხევსური კაცი უტია,

ქალანდაურის ფრანგულმა

ხმალ შუქი გამოუტია[9].

მაგრამ ძლიერი ზურაბი ხევსურეთისათვის მაინც საშიშროებას წარმოადგენდა და, როდესაც 1629 წელს თეიმურაზ I-მა ზურაბ ერისთავი ღალატით მოაკვლევინა, ამას მთაში დიდი სიხარული გამოუწვევია; ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია :

ზურაბ, თან გახლდენ მსახურნი, ერთხან რო დაიბადეო,

გაითქვი ისპანანდენა, ყეენთან გაუზარდეო.

სადაც წასხი ლაშქარი, სულ ყველგან გაიმარჯვეო,

აშენებულა ოვსეთი, ხარ-ცხენი ამოლალეო,

წაგიქეს სოსლონის შვილი, წახვედ, ეგიცა ნახეო,

სოსლონის შვილის ლურჯაი სიმამრსა გაუგზავნეო.

ზურაბ გიბარებს სიმამრი: სიძევ, საფურცხლეს ვნახე,

ღალატ ჩემ გაგიბედავის, ღალატი ჩემიც ნახეო.

მოართვეს ხილი საჭმელად: სიძევ, შეექეც ხილსაო,

თავს გადგან მეღალატენი, მომსხდარნ ხყვან ყურის პირსაო .

ღალათ შეუწყვა ზყრაბმა, აჩქარდა, ზურნას ხსნისაო.

თუშთ მოურავის ხანჯალმა, ზურაბ გიწვდინა ცრუსაო.

ხმლითა სცა ყვაჩიხარჩიძემ: „დაჰკარით კახპის შვილსაო!“

ბარამს უბოძე, ბატინო ზურაბის ცხენი საღარი.

ტყავ-კაბა-საგანისშვილისა, ზედ ორაღანი.

კაცი წალალეთ ხევსურეთ, ფშავ-ხევსურეთის ჩაფარი;

უთხროდით ხევსურთ შვილებსა, ტანთ აიყარა აბჯარი.

დაწვან ლოგინზე უშიშრად, ძილ დაიძინონ მაგარი.

მოკლეს ზურაბი საბურცლეს, აღარ მოგივათ ლაშქარი.

XVII საუკუნეში ხევსურებმა მონაწილეობა მიღეს ბახტრიონის აღებაში. 1658 წელს კახეთის მმართველმა სელიმ-ხანმა ბახტრიონსა და ალავერდში თათრები დაასახლა. ამასთანავე ის ხელს უწყობდა ლეკების თარეშს და ამით გათამამებული ლეკებიც თუშების ცხვარ-საქონელს იტაცებდნენ. თუშებმა დახმარება სთხოვეს ფშავ-ხევსურეთს ამ მოწოდებას ხევსურეთი გამოეხმაურა რადგან თათრებისა და ლეკების გაძლიერება საფრთხეს უმზადებდა თვით ხევსურეთსაც, რომელსაც მუდმივი ბრძოლა ჰქონდა ჩრდილოეთის ამ მოსაზღვრე ტომებთან. გუდანის დროშით ბახტრიონისაკენ სალაშქროდ წასულან :

როშკით მოვიდნენ ხევსურნი:

სუმელჯაურნი ცხრანია,

ამღითა-ბათაკის ძენი,

ჭინჭარაულნი ძმანია,

გუთანალთ ჩამოსძოლია

ხოშარეული ხარია,

ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,

წინ მიამძღვარეს ქარია,

ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა

ღულულებიცა სტანია,

ხახმატელთ ცხენის ფეხის ხმამ

შააზრიალა მთანია.

—(ვაჟა-ფშაველა, „ბახტრიონი“)

ფშავ-თუშ-ხევსურეთის ეს ლაშქარი შეუერთდა ზაალ ერისთავის მხედრობას და 1659 წელს მათ ბახტრიონი აიღეს,ხოლო დამარცხებული სელიმხანი გაიქცა:

ვიკიციტატა
„ზაალ ერისთავმა შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი,წარუძღვნა ძე თვისი და მიუხვდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიტეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოვლსა კახეთსა[10].“

საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ XVII საუკუნის დასაწყისიდან მთაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა, განსაკუთრებით თეიმურაზ I მეფობის დროს როდესაც სპარსეთის მბრძანებლის შაჰ-აბასის მთელი პოლიტიკა მიმართული იყო ქართლ-კახეთის დაპყრობისაკენ. ამ მიზნით შაჰ-აბასი ამხედრებდა ჩრდილო-კავკასიაში მობინადრე მთიელებს, განსაკუთრებით ქისტ-ჩაჩნების და ლეკების, რათა მათში შეესუსტებინა საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენა, და ამავე დროს, შეკრა დიდოეთ-ქისტეთით რუსეთისაკენ მიმავალი გზები, საიდანაც ქართ-კახეთის მეფეები მოსკოვის მეფეებთან დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ამიტომ შაჰ აბასი სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, ქისტ-ლეკებში შეექმნა საქართველოსადმი მტრული განწყობილება.

წინათ კი VII-XVI საუკუნის მანძილზე ქისტ-ჩაჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ და ადმინისტაციულად ფშავ-ხევსურეთთან ერთად ისინი შედიოდნენ ხუნძახისა და პანკის-კვეტერის სამოურაოში[11].

ამასთანავე ქისტეთ-ლეკეთი იმყოფებოდა საქართველოს კულტურული და სარწმუნოებრივი გავლენის ქვეშ. ამას მოწმობს ძველ ძურძუკეთ-ღლიღვეთში (დღევანდელი ქისტეთ-ჩაჩნეთში) არსებული ქართული სტილის ძველი ტაძარი, რომელიც დაცულია ასას ხეობაში და ცნობილია თხაბა-იერდის სახელწოდებით. ტაძარი შემკულია ასოთმთავრული ქართული წარწერით IX საუკუნით არის დათარიღებული. ამავე ტაძარშია ნაპოვნი ქართული ფსალმუნის XI-XII საუკუნეების ხელნაწერი[12].

დაღესტანში კი ცნობილია ხუნძახის ქართული წარწერა[13] და დათუნას ეკლესია.

რომ ისტორიულ წარსულში ჩაჩნეთ-დაღესტანი და ყოფილი ზაქათალის ოლქის და ნუხის მაზრის მოსახლეობა სარწნუნეობლივად საქართველოს ეკლესიას ექვემდებარეობდა. ამას, სხვათაშორის მოწმობს მაღალაშვილის სახარების XIV საუკუნის ერთი მინაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ეს მხარე შედიოდა ქურმუხის მთავარეპისკოპოსის სამწყოში:

ვიკიციტატა
„ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩვენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ამწუხისა საეფისკოპოზო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი... ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჭ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა, და ყოვლისა კაკისა, ესე იგი არს; ძუელისა მოვაკნისა, ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა. და ამან სანატრელმა ექთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თვის ეკლესიისა[14]...“

XVI-XVII საუკუნეებში, სპარსეთის პოლიტიკის წყალობით, ქისტეთ-ჩაჩნეთ-ლეკეთი საქართველოს სარწმუნოებრივად გამოეთიშა და იქ მაჰმადიანობა შეიჭრა: სარწმუნოებრივი ანტაგონიზმის გაჩაღება ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, რომ სპარსეთის შაჰებს საქართველოს წინააღმდეგ ლეკები აემხედრებინათ. ამით წათამამებულმა ლეკებმა თეიმურაზ I მეფობისას დაიწყეს კახეთის აშკარა მტრობა და თეიმურაზი იძულებული იყო მათ დასაპყრობად ჯარი გაეგზავნა:

ვიკიციტატა
„არამედ უკეთუ მტრობდენ ლეკნი, ამისთვის წარავლინა თეიმურაზ ომანიშვილი ქაიხოსრო: ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დასდგა მთასა ზედა. უწყო რბევა, სრვა და ოხრება, და ვითა ვერვინ წინაღუდგნენ, ითხოვა ბუკი თეიმურაზისაგან, რამეთუ მოშიშარ იქნებიან უფროსად[15].“

მაგრამ ლეკები თეიმურაზს მაინც არ უსვენებდნენ შაჰ-აბასი მოსყიდვითა და სხვადასხვა დაპირებებით ლეკებს აქეზებდა კახეთის დასარბევად:

ვიკიციტატა
„ხოლო შაჰაბაზ მოვიდა კახეთს და მუნიდან ტფილისს (1616 წ.) ეზრახა ლეკთა: „რამეთუ მნებავ მოწყვეტა კახეთისა და რომელნი შემოვიდნენ თქვენ-კერძთა მთათა შინა, თქვენ მოსრენით და ტყვე-ყვენით იგინი და აღგავსნე მეცა ნიჭითა“; მსმენელა მათ სიხარულით აღუთქვეს, მაშინ შაჰა-ბაზ წარმოავლინა ტფილისიდამ სპანი დიდნი ხერკსა და ერწო-თიანეთსა ზედა... მოსრნა, მოსტყვევნა და მოაოხრნა, განძარცვნა ეკლესიანი... გარნა ვიეთნიმე მორჩნენ ფშავს, ხევსურეთს, თუშეთს და სიმაგრეთა... არამედ ლეკთაცა უყვეს ეგრეთ, ვითარცა აღუთქუეს შაჰ-აბაზს[16].“

ლეკები განსაკუთრებით მტრობდნენ მათ მოსაზღვრე თუშ-ფშავ-ხევსურებს, ძარცვავდნენ და აოხრებდნენ მათ სოფლებს და აქედან სათარეშოდ კახეთში გადადიოდნენ. დაღესტნის აშლილობის საფთხეს თეიმურეაზ I კარგად გრძნობდა და ლეკების დასამორჩილებლად, რუსეთის გზის გახსნის მიზნით ახლა თვითონ თეიმურაზმა გაილაშქრა დიდოეთში.

ვიკიციტატა
„განიზრახა თეიმურაზ შესვლა დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისა-გან და ჰყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოსწვა დაბნები. არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა, მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა, და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა და მოწყვიტნეს მრავალნი კახნი, ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყველი: „ვაი დარბაისელ ეპისკოპოს მოწყვეტილსა“. (1640 წ.)“

თეიმურაზი დამარცხდა, დიდოეთი კახეთს საბოლოოდ ჩამოშორდა და ამ მიმართულებით თეიმურაზს რუსეთის გზაც დაეხშო.

ამის შემდეგ თეიმურაზი იძულებული იყო რუსეთისაკენ გზა ქისტეთ-ჩაჩნეთის მიმართულებით გაეხსნა, რომელზეც მან 1638 წელს გაილაშქრა. თეიმურაზს ქისტ-ჩაჩნები დაუმორჩილებია და რუსეთ-კახეთის გზა მას გაუხსნია. ხევსურეთ-ფშავ-თუშეთის მიმართულებით, საიდანაც ის შემდეგ მოსკოვის მეფესთან დიპლომატიურ მიმოწერას აწარმოებდა.

ხევსურები მონაწილეობას იღებენ აგრეთვე თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და 1657 წელს თუშებთან და ფშაველებთან ერთად თავიანთ წარმომადგენელ ხევისბერებსაც აგზავნიან მოსკოვში და სთხოვენ ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობას და მფარველობას.

ვიკიციტატა
„ქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხაილის შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალს და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომე ჩვენც ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო, და თქვენც ამისი ყმანი შეიქმენითო და თქვენც ამას დაუკარით თავიო, აწე... ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენი... არის და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა სამთა ქრისთიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მოგვიბამს ერთმანეთისათვინ და ელჩები გამოგვიგზავნია. ხევისბერი სოზიმე მაკსიმიჩი და გრიგოლ სილორიჩ, და პავლე ივანიჩ, და შენი ყმანი შევქმნილვართ და თავი დაკვიკრავს. როგორც თქვენი ბრძანება იქნება, ჩვენ იმის მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის, საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია; აწე, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა და ზურგი აღარ საით გვქონდა, და მღვთისაგან ველოდებოდით, რომე ერთი შენი ბრძანება და კაცი მოგვსვლიყო; აწე მოგვივიდა შენი ბრძანებაცა და ჩვენის დედოფლის კაციცა, და თქვენი ბრძანება გაგვითავებია, და შენ შემოხვეწნივართ, და შენთვის თავი დაგვიკრავს, გვიმსახურე და გვილაშქრე. ამ დღეისით შენი ყმანი შევქმნილვართ[17].“

ხევსურებმა ასეთივე დიპლომატიური ხასიათის წერილი გაუგზავნეს 1658 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძეს:

ვიკიციტატა
„დიდო და ყოვლისმპყრობელო ხელმწიფევ, ყოველი ქრისტეანეთ რჯულის დამამტკიცებელო, სრულებ საქრისტიანოს საჭეთ მპყრობელო და ყოველთ უსჯულოთ გამაქარვებელო, დიდის მოსკოვის ტახტზე ჯდომილო და სრულ საქრისტიანოს ზურგო და სიქადულო, დიდებულო ხელმწიფევ, ღვთივ გვირგვინოსანო, მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხაილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობილთა თავი დაგვიკრავს და თქვენს ნადგომს მიწას ვმთხვევნილვართ: აგრეთვე ამას წინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გაახელით და სრულად ერთობილთა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ერთი ღმერთი ვიცით და მეორე საქართველოს ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ და ჩვენ სხვას ურჯულოს კაცის ხელქვეით არა ვყოფილვართ თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა ჩვენს ხელმწიფესა ურჯულომ ყეინმა დასძლივა და რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენს ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფევ, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქმნებით და არც უსიკვდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის, და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გამობრუნებულ იყო, და ჩვენის ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და თერგზე რომ მოსულ იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე წინ შემოჰყროდა, და ერთი ჩვენი ელჩი იქ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და ასრე ებრძანა ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომე ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდი ხელმწიფეო. როგორც ამისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ, ისრე ქენითო, და სხვას კაცისათვის არამც თავი მოგიდრეკიათო, ან სხვა კაცი თქვენს ქვეყანაში შემოგიშვიათო. მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის გამოგზავნილი კაციცა და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებრძანებინა და მაგათი ბედნიერი ხელი დაუდაებია, ასრე გებრძანა: ჩემი ყმანი შეიქმენითო და მემსახურეთო და ვისაც ვამტერო, უმტერეთო, თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო და ლაშქარს მოგაშველებთო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, თქვენ მზას იყვენითო, რა ხან ჩემი ბრძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერივენითო და მილაშქრეთო და სხვა მრავალი წყალობა გებრძანა ჩვენთვინა: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირის სანაცვალონი გვამყოფოს, და მაგათი დღე ერთი ათასად იქნას: ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიარს ხელმწიფეს ჩვენთვინ წყალობა ექნა: ახლა კიდევ ელჩები ვაახელით დიდს ხელმწიფესა და რვა კაცი: ნაუბ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმოს შვილი, ალექსანდრე აბრამის შვილი, მიხაილ გრიგლის შვილი, გრიგოლ მიხაილის შვილი, ივანე ივანეს შვილი, სვიმონ ზაქარიას შვილი, კუზმა სვიმონის შვილი გამოგვიგზავნია და შევიტყვეთ, რომ ჩვენი ხელმწიფე თქვენთან წამოსულა და როგორც თქვენი ბრძანება მამივა, ისრე ვიქთ, და ისრე გამსახურებთ[18].“

რასაკვირველია, ორივე ეს წერილი ნაკარნახევი იყო თეიმურაზ მეფისაგან, რომელიც ფშავ-ხევსურეთში იყო გახიზნული და მოსკოვის მეფის დახმარებით ცდილობდა კახეთიდან სპარსელების განდევნას და თავისი ტახტის დაბრუნებას.

XVIII საუკუნეში, თეიმურაზ II-ის მეფობის უკანასკნელ წლებში, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ხევსურეთი კახთ მეფისაგან გამდგარა და მას წინადადებურად თურმე აღარ ემორჩილებოდა:

ვიკიციტატა
„ქორინიკონს უმგ (1755 წ.) ამა ხანთა შინა ხევსურის ქვეყანა აღარ დამორჩილდა კახს ბატონს და პირველისამებრ აღარ მონებდნენ. ჩამობრძანდა კახეთიდამ კახი ბატონი ერეკლე ქალაქს და მოსთხოვა ფარვანი მამასა თვისსა ქართველ ბატონს მეფე თეიმურაზს, ინება ხევსურეთისა დალაშქვრა. გაისტუმრა მამამან ცხებულმან ძეი თვისი მეფე ერეკლე და გასცა ბრძანება თავადთა ქართლისათა, რათა იახლნენ თან: მიბრძანდა მეფე ერეკლე ანანურს, შემოეყარნენ იქ ქართველნი ამორჩევით დიდებულთა შვილნი და აზნაურ-შვილნი, ზემო ქართლისანი და ერისთავები ორივე დავით და ჯიმშერ, წაბრძანდა ანანურიდამ, მიბრძანდა თიანეთს, იქ შემოეყარნენ ჯარი კახეთისა. ზამთარი იყო, თოვლი დიდი და გზა საჭირო, დაიქვეითეს ყოველთა, თვინიერ მეფისა და იმანცა ბევრჯერ იარის ქვეითად, მივიდნენ, ფშავნი მოეგებენ, ფშაველნი დახვდნენ, რაც იმ ქვეყანას გაეწყობოდა მოართვეს მოსართმევი, ენებად იქიდამ გადასვლა ქვეყანასა ხევსურისასა: რა შეიტყეს ხევსურთ, შემოეხვეწნენ ხევსურნი და ითხოვეს დანაშაულისა მიტოვება, შეუნდო ცდომა მათი და შემოირიგა, იახლნენ უფროსნი კაცნი და მოართვეს ჯორნი, ძროხანი და ცხვარნი ფეშქაშად და დაიდვეს თავს მსახური, რაცა ძველთაგან კახ ბატონებისაგან სდებოდათ, გამოართო ბატონმა მძევლები და განუტევა ხევსურნი მშვიდობით[19].“

ამ ცნობით ირკვევა რომ ხევსურეთი თეიმურაზისაგან გამდგარა. ხევსურები, ეტყობა, ბეგარას არ იხდიდნენ და მათ დასამორჩილებლად ხევსურეთში თვით ბატონიშვილს ერეკლეს გაულაშქრია. ხევსურებს წინააღმდეგობა ვერ გაუბედნიათ და ერეკლესათვის მორჩილება განუცხადებიათ და ფეშქაშიც მიურთმევიათ. ერეკლეს ხევსურეთი შემოურიგებია, მათთვის დაუდვია სამეფო ბეგარა და ამის სიმტკიცის ნიშნად მძევლებიც წამოუყვანია. ამის შემდეგ ერეკლესა და ხევსურებს შორის კეთილი განწყობილება დამყარებულა.

ერეკლეს აქ ყოფნა ხევსურებს დღესაც ახსოვთ. გადმოცემით, ერეკლე გუდანში მისულა, გზად ღულის ვაკეზე გაუვლია და აქ შეუსვენია ორი მუხის ქვეშ, რომლებსაც ახლა უჩვენებენ. გუდანში ერეკლე ხატში შესულა და უთქვამს: მე გუდანის-ჯვრის მოძმე ვარო. ამიტომ ერეკლე თურმე თავისუფლად შედიოდა ხატის დარბაზში, სადაც სხვას შესვლა ეკრძალებოდა. დარბაზში ერეკლე ხმამაღლა დაიწყებდა ლაპარაკსო, ვითომც გუდანის-ჯვარს ესაუბრებოდაო. შემდეგ მეფე დარბაზიდან გამოდიოდა და ხევსურებს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობის შესახებო. ხევისბერები მაშინვე აიღებდნენ გუდანის-ჯვრის დროშას და სალაშქროდ ქუდზე კაცი გადიოდაო. ამას ეს ხალხური ლექსიც მოწმობს:

ავარდა ერთი ურჯულო, ნეიფი თათრის ხანიო,

ერეკლე გუდან მოგვივა, შამოიხვივნა ყმანიო.

თავ-თავ ხევსურსა იკითხავს: «ხევსურთ ვინა გყავთ თავიო?»

ხევსურნ იმედას მოუვლენ: «ბეღლის გაგღვიო კარიო,

გამოგვიბრძანენ დროშანი, სამ აგვიბი ზარიო,

ხევსურებ დაგვიმწყალობნე, წყრომით არ გაჰყვეს ჯვარიო,

დაუჭერიან ურემსა საქალაქონი გზანიო».

ამ გვარად, გუდანის-ჯვრის ყმები-ხევსურები მისივე მოძმის-ერეკლეს ყმებიც გამხდარან და ხევსურეთიც მუდამ მზად ყოფილა ერეკლეს სამსახურისათვის. ხევსურეთის შემომტკიცების მიზნით ერეკლეს ამასთანავე იქ მოუნათლია ორმოცდაოთხი ბავშვიც და ნათლიაც თვითონვე ყოფილაო.

ერთი სიტყვით, ერეკლეს მეფობაში 1760-1798 წლებში ხევსურები ერთგულად ემსახურებოდნენ კახეთის სამეფოს. ისინი იყვნენ მეფის ამალაში და მონაწილეობას იღებდნენ ერეკლეს სხვადასხვა ბრძოლებში. ასეთი დახლოება გამოწვეული იყო იმ დოინდელი პოლიტიკური-ისტორიული ვითარებით, განსაკუთრებით, ქისტეთ-ჩაჩნეთისა და ლეკეთის აშლილობის შიშით მათი თარეშით აკლებული იყო კახეთის სამეფო. ამ მხრივ ხევსურეთს, როგორც მათ მოსაზღვრე კუთხეს, უაღრესი მნიშვნელობა ეძლეოდა ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად. და როდესაც ერეკლე II ლეკების თარეშის ასალაგმავად მორიგი ლაშქრობა დააწესა, მას ამ ბეგარისა და ფშავ-თუშ-ხევსურნი გაათავისუფლა, რადგანაც მათ ისედაც ევალებოდათ ქისტეთ-ლეკეთის საზღვრების დაცვა. თვით ხევსურეთიც დაკავშირებული იყო მეფის დახმარებით, რადგან ამ კუთხეს ქისტეთ-ლეკებთან დაუსრულებელი მტრობა ჰქონდა და ხევსურები თავდაცვისათვის მუდამ მზად უნდა ყოფილიყვნენ. ქისტ-ჩაჩნები და ლეკები სარგებლობდნენ კახეთის სამეფოს დასუსტებით, გადიოდნენ ხევსურეთში და იტაცებდნენ: საქონელს, სარჩოს, მიყავდათ ტყვები და სხვა. მათ წინააღმდეგ საჭირო იყო ძალა და დახმარებისათვის ხევურეთს მეფისათვის უნდა მიემართა.

ამასთანავე საყურადღებოა, რომ შატილის მხარე სადედოფლო ყოფილა და ის დედოფლის გამგებლობაში შედიოდა. ამას მოწმობს „დასტურლამალის“ ერთი ვარიანტის მინაწერი, სადაც ნათქვამია:

ვიკიციტატა
„მე ალექსის ძე დავით მის უგანათლებულესობას ჩემს ხელმწიფეს ძეს ბატონიშვილს დავითს ფშავსა და ხევსურეთს ვახლდი. დიდად შეუვალნი და საჭირო გზა ყოფილა კაცთათვის სავალად. მუნ ყოფასა ჩემსა, რაოდენიც ფშავსა ანუ სრულიად ხევსურეთსა შინა სოფელი თვალითა ჩემითა ვიხილე, მათ სოფელთა სახელი თვითვეულად ამას უკვე დასტუმალისა ბოლოსა აღვწერე. ქ. ხევსურეთი სოფელნი ესენი არინ. ქ. სადედოფლო სოფლები:

ქ. კისტანი — სადედოფლო

ქ. გურო — სადედოფლო

ქ. შატილი — სადედოფლო

ქ. ხახაბო — სადედოფლო

ქ. მიცუ — სადედოფლო“

შემდეგ ჩამოთვლილია ხევსურეთის დანარჩენი არა სადედოფლო სოფლები და ბოლოს აზის თარიღი: აღიწერა სეკდემბერსა კვ (26) წელსა ჩღპთ (1789 წ.). [დავით].

ხევსურები უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ და მეფის კარტან დაახლოვებულნი იყვნენ. საქმისთვის ერეკლეს პირადად მიმართავდნენ და სთხოვდნენ დახმარებასა და წყალობას. ერთ-ერთი ასეთი თხოვნის ნუმუშია ქვემოთ მოყვანილი ერეკლისადმი მიმართვის ერთი ხევსური არზა:

ვიკიციტატა
„ქ. ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მისცეს არხოტიონელს თქვენს ყმას გაბუურს ალუდაურს და მის ძმას ივანეს: ჩვენი მეზობელი ამღიონელი გარდამეკიდა დაუნაშავებელი, სასიკვდილოთა მდევს, ხევსურისა არც რჯული დაიჯერა და არც სამართალი. მე იმას ვერ მოვრჩები, სამი წელიწადი არც მახნევინა და არც დამათესვინა. ამ წყალობას გევედრებით: ჯუთა ერთი ვერანა ადგილია, თქვენი მამულია, ის ადგილი მიბოძეთ, იქ დავსახლდე ღმერთი გაგიმარჯვებს. მარტის ჱ (8) ქკს უჲა (1773 წ.) იმ დღეს რომ ვეფხვი მოგართვი, მე ის ვარ, თუ წყალობა დამემართებოდეს ერთი ოქმი მიბოძეთ.“

ამ საბუთზე წაწერილია მეფის ასეთი ბრძანება:

ვიკიციტატა
„ქ. ბატონო არაგვის მოურავო — ქაიხოსრო ამ არზის პატრონს: არხოტიონელს კაცს ამ არზით რომელი ადგილიც უთხოვია იმ ადგილზე დააყენე. მარტის იჱ (18) ქკს ყჲბ (1774 წ.) [ერეკლე]“

ხევსურებს მონაწილეობა მიუღიათ ასპინძის ომში 1770 წელს, სადაც დიდი გულადობა გამოუჩენია მეფის ამალაში მყოფ შვიდ ხევსურს. ამის შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს. „ოდეს იხილა მეფემან ირაკლი ეს ჯარები (ოსმალ-ლეკები) მიწევნილი, მაშინვე თვით გამობრუნდა რაოდენითმე ჩინებულითა და შინა-ყმითა თვისითა და შვიდითა ხევსურითა. განჰსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ ყოველნი მეფისთანა ყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი“[20].

ასპინძის ომის ამბავი და ლეკის ბელადის კოხტას მოკვლა გალექსილია და მას ხევსურები დღესაც მღერიან[21].

ერეკლე ბატონიშვილი ტახტზეით ჩამოსულაო.

ორქაფა შაუკაზმებავ, საომრად გამზადულაო.

ჩამამივიდენ ხევსურნი, თავი დამჭირდა ყმისაო;

წილი იყარონ ახლებმა, ბერებ კი ვერა დისაო.

ხევსურებ მაახსენებენ, არ წასვლ არ იქნებისაო.

ჩამაამტვრივეს არაგვი, ქავ რას დაუდგებისაო.

მუხრანს მიუვლენ ბატონსა, სუ წყრომით არ იქნებაო;

გადაიარეს სურამი, აწყვერსა მიუდგებაო.

აწყურულ სიმაგრეშია ლეკები ჩაუდგებაო.

დაბრუნდა იარალაი, ამას რა შაუხდებაო?

წუხდების ბატონიშვილი, ჯარ რაით გამიწყდებაო.

ხევსურებ მაახსენებენ: დღეს ჩვენი გადაგვხდებაო;

დაისაბღუჯეს ფარები, თავზედ ჩაჩქნები ჰხვდებაო.

არიქათ, ხევსურთ ვაჟებო, ხმალი სისხლშია წვლდებაო.

წყალში ჩაყარეს ლაშქარი, ხიდი არ დაჰნებდებაო.

იმედაის შვილ სუმბატა თავკაცთ წინ გაუძღვებაო.

ვაჟასა ხევსურის შვილსა თავ რად არ დაჰნანდებაო?

დედის ძმათ გაუჯავრებავ, ძმათ აღარ ეკითხებაო.

აბაი ბიტურაისი დედასამც დაურჩებაო:

მაიღო ლეკის მაჟარი, ცარიელ არ დარჩებაო.

მაუკლავ კოხტა ბელადი, გლეხი არ ეკადრებაო.

ხევსურები იბრძოდნენ აგრეთვე კრწანისის ველზე აღა-მაჰმადხანის წინააღმდეგ 1795 წელს. ხევურებს ეს ისტორიული ამბავი ახლაც ახსოვთ და როდესაც არაგვის ერისთავს ქაიხოსროს ერეკლეს ბრძანებით ხევსურეთი სალაშქროდ გამოუწვევია, შეიარაღებული ხევსურები მაშინვე მეფის კარზე გამოცხადებულან.

ერეკლეს მათთვის სალამი მიუცია და უთქვამს:

მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,

უნჯრი ყმანი ხართ ჩემნია,

ფულს მოგცემთ მაგოდენასა,

რო არ ზიდევდას ცხენია.

მისგან ფულის შეძლევა ხევსურებს სწყენიათ და ასე უპასუხნიათ:

თავს ვერ გაგიხრით ხევსურნი,

უნჯნი ყმანი ვართ შენნია;

თეთრს ვინც აიღებს ხევსური,

ვინც მახკიდას ხელია,

გაუწყრას, ნეფევ ერეკლევ,

ის სალოცავი ჩვენია!

ამის შემდეგ მეფის ბრძანებით ხევსურებს კრწანისისაკენ გაულაშქრიათ:

დეემზადენით, ხევსურნო,

ჩაჩქნებ დაიდგიტ თავზედა,

თათრების მოლოდინი გვოქვ,

გან ვსხედვართ ლუდის სმაზედა?

გაგვიძეღ; ნეფე ერეკლევ,

წავდგათ კრწანისის გზაზედა!

კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს ცხენი წაქცევია და მეფეს მოსაკლავად თათრის ლაშქარი მიხვევია, მაგრამ ხევსურებს მტრები ხმლებით გაურეკიათ და მეფეც სიკვდილისაგან დაუხსნიათ[22].

კრწანისის ველზე დამარცხებას ჩქარა მოჰყვა თვით ერეკლეს სიკვდილი. ხევსურებმა ერეკლე ასე დაიტირეს:

ვერ გაიგეთა, ქართველნო, შაგეხსნათ რკინის კარია,

აღარ გყავთ მეფე ერეკლე, არც მისი საომარია.

დამდგარა ბაირახები, აღარ ჭეხს ზარბაზანია!

ცხეთას დგას თეთრი საყდარი, გვერდზე ჩაუდის მტკვარია,

შიგა დგას ოქროს ლოგინი, შიგ ნათობს კელაპტარია,

შიგა დგას კუბო ოქროსი, გამოსახული ჯვარია,

კუბოში ჩაუწვენიათ ბაგრატიონთა გვარია.

მაგრამ ერეკლეს სიკვდილის შემდეგაც არ დაუკარგავს ხევსურეთს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ის XIX საუკუნის ისტორიაშიც მონაწილეობს.

დიდი პილიტიკური გართულება კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში მოჰყვა რუსეთთან შერთებას (1801 წ.), რომელმაც გამოიწვია მთიულეთის ამბოხება, ალექსანდრე ბატონიშვილის განდგომა და შამილის ბრძოლები.

დარიალის ხეობით შემოჭრილმა თვითმპყრობელური რუსეთის დამპყრობელმა ჯარებმა და კაპიტან-ისპრავნიკებმა სხვადასხვა ბეგარით მეტად შეავიწროვეს სამხედრო გზაზე მცხოვრები მოხევეები და მთიულები. მეფის მოხელეებს ეს მთიელები იძულებით სამუშაოზე გაჰყავდათ. ავიწროებდნენ ბეგარით, ართმევდნენ სარჩოს და ურჩობისათვის სასტიკ ფიზიკურ სასჯელს აყენებდნენ. ბოლოს მთიელებმა მოთმინება დაკარგეს და ამბოხების დროშა 1804 წელს პირველად მოხევეებმა და მთიულებმა ააფრიალეს[23].

ბოლოს, 11 ივლისს, ხევსურებმა გადაწყვიტეს ამბოხებაში მონაწილეობა მიეღოთ და დაადგინეს, პირველად აეკლოთ დუშეთი და იქ მყოფი რუსის ჯარი ამოეწყვიტათ. ამ კრებას დასწრებია 800 ხევსური, მათში 300 კაცს თავი შეუკავებია და მთავრობის ერთგული დარჩენილა, 500 კაცი კი აჯანყებაში ჩარეულა მაგრამ მეამბოხენი ხევსურების ამ მცირე რიცხვით არ კმაყოფილებოდნენ და მოითხოვდნენ, ამბოხებაში მთელ ხევსურეთს მიეღო მონაწილეობა. ხევსურეთი ცნობილი იყო თავისი გულადობით და მეამბოხენი ფიქრობდნენ ხევსურების მომხრობით რუსის ჯარის დამარცხებას. ამიტომ მთიულ-მოხევეებმა ხევსურეთში მოციქულები ისევ გაგზავნეს და სთხოვეს, მთელ ხევსურეთს მიეღო მონაცილეობა. ამაზე ხევსურეთი ყოყმანობდა და გადაჭრილ პასუხს არ იძლეოდა.

ეს ამბავი რომ გაიგო გაბრიელ ყაზბეგმა, რომელიც მონარქიული რუსეთის დიდ ერთგულებას იჩენდა, მაშინვე თავისი კაცები აფრინა ხევსურეთში, რომ ხევსურეთი ამბოხებაში არ ჩარეულიყო. მაგრამ 13 ივლისს, როდესაც მეამბოხეებმა გადაწყვიტეს ყაზბეგის ციხე-დარბაზში შეხიზნული რუსის რაზმის ამოწყვეტა, მონაწილეობის მისაღებად 700 ხევსური გადმოსულა და სნოსწყალის პირას დაბანაკებულა. ხევსურების მოსვლას მეამბოხეები გაუმხნევებია და ისინიც ციხის გარემოცვას შესდგომიან. გაბრიელს ხევსურების მეთაურენისათვის ახლაც საჩუქრები გაუგზავნია და უთხოვია: „ნუ გასტეხავთ ერთგულების ფიცს და ჩემს მტრებს ნუ მიემხრობითო“. ამის გამო ხევსურები თავს იკავებდნენ და ნეიტრალობას იჩენდნენ.

ხანგრძლივი მოლაპრაკების შემდეგ, 17 ივლისს, ხევსურები მეამბოხეებთან შეთანხმებულან და მოუთხოვიათ: „ციხეში მოპოვებული ქონება მონაწილეთა შორის თანაბრად გაეყოთ, მხოლოდ რუსებს ნუ დავხოცავთო“. ხევსურებს გაბრიელთან საქმის გამწვავებისა შინებიათ და ამიტომ მოითხოვდნენ რუსის სამხედრო ტყვებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

მეამბოხეებმა ხევსურებთან ერთად ციხე ჩქარა აიღეს და რუსები დაატყვევეს. მოპოვებული ნადავლიც პირობისამებრ გაიყვეს. ხევსურების საქმეში ჩარევამ მეტად დააფიქრა გაბრიელ ყაზბეგი და საქართბელოს გამგებელი ვოლკონსკი, რადგანაც მოსალოდნელი იყო მთელი ხევსურეთის ამბოხებაც. მით უმეტეს, მოხევები და ხევსურთა ერთი ნაწილი ანანურის აკლებას აპირებდნენ და შემდეგ ქსნის ხეობით ქართლში შეჭრას.

ეს გარემოება საფრთხეს უმზადებდა თვით რუსეთის ბატონობას ჩვენში. ამან მეტად შეაშფოთა მეფის ხელისუფლება, რომელიც ახლა ცდილობდა მიამბოხეთა ბანაკიდან ფშავ-ხევსურეთი როგორმე გამოეთიშა. ამ მიზნით ვოლკონსკიმ ძღვნითა და საჩუქრებით ფშავ-ხევსურეთში გაგზავნა ალექსანდრე მაყაშვილი და დავით ქობულაშვილი. ვოლკონსკის ამ ელჩების დიპლომატობას, ქრთამს და საჩუქრებს ეტყობა ჩქარა გაუჭრია და ხევსურეთის თემებს 1804 წლის 29 ივნისს იმპერატორის ერთგულებაზე წერილობითი პირობა დაუდვიათ:

ვიკიციტატა
„ჩვენ გუდანის, ღულის და ბლოს ხევსურნი ვიქნებით ერთგულნი ყოვლად მოწყალე ხელმწიფისა, როგორც ვართ ერთგულნი ჩუენის ხატის გუდანის-ჯვრისა. თავდებად გაძლევთ გუდანის-ჯვარსა, წმინდა გიორგის ხატსა და კაცთაგან ნათესავთა ჩვენთა, თიანეთის მცხოვრებთ ხახმაძეებსა და მათურულებსა, რომ მეამბოხე მთიულებს არ მივემხრობით და არ ვიზრუნებთ მათთვის, და რადგან ეგენი გახდენ მოღალატენი ხელმწიფე იმპერატორისა, ჩვენ ეგენი გულიდან ამოგვირეცხია.“

ასეთივე წერილობითი პირობა გაუგზავნიათ ხახმატელებსა და ბისოელებსაც ვოლკონსკისათვის.

როდესაც მეამბოხეთა სათავეში ტახტის მაძიებელი ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი მოექცნენ, ახლა მათ მოუწოდეს ფშავ-ხევსურეთს რუსების წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ბოლოს თვით ფარნაოზი გადავიდა ხევსურეთში და სთხოვდა რუსებთან ბრძოლაში დახმარებას, მაგრამ ხევსურები, ეტყობა ბატონიშვილის საქმეს წაგებულად თვლიდნენ ვოლკონსკის შიშით ვერ ბედავდნენ პირობის დარღვევას და უარზე იდგნენ.

ასეთივე მოწოდების ფირმანს უგზავნიდა ხევსურებს სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი:

1804 წლის ოქტომბერში მთიულეთის ამბოხება დამარცხდა. რუსეთში თვითმყრობელების მხედრობამ გაიმარჯვა. მხოლოდ სპარესთში გადახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილი ტახტის დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდა და სპარესეთის დახმარებით ცდილობდა, ამბოხების ნაპერწკლები საქართველოში არ ჩაეფერფლა. ამ მიზნით ალექსანდრე განაგრძობდა მიმოწერას მთიელებთან და კახეთის მეამბოხე ჯგუფებთან.

1812 წელს დაიწყო კახეთის ამბოხება და მეამბოხებმა ალექსანდრეს სთხოვეს მეთაურობა. თავისი ამალით ერევნიდან ალექსანდრე კახეთში გადმოვიდა, მას მიემხრო თვითმყრობელობითი უკმაყოფილო თავად-აზნაურობის ერთი ნაწილი, ალექსანდრეს მიემხრნენ აგრეთვე ფშავ-ხევსურები, ქისტ-ჩაჩნები და ლეკები, რომელთა დამხარებით ის სამხედრო გზის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, რომ ეს გზა რუსეთის მხედრობისათვის დაეხშო. დაიწყო ბრძოლები, მაგრამ რამდენიმე შეტაკების შემდეგ დამარცხებული ალექსანდრე იძულებული იყო კახეთი დაეტოვებინა და ერთგულ ხევსურეთს შეხიზნებოდა. ხევსურეთში ალექსანდრე შატილში დაბინავდა და აქედან ცდილობდა რუსებზე ხელახალ შეტევას. შატილი თავისი მდებარეობით ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენდა, იგი აგრეთვე გამაგრებული იყო მრავალსართულიანი ქვითკირებით. თვით ხევსურებიც ალექსანდრეს ერთგულად იცავდნენ.

ამასთან შატილი ქისტ-ლეკების საზღვარზე იყო, საიდანაც ალექსანდრეს მიმოწერა ჰქონდა ჩრდილო-კავკასიის მთიელებთან, ერევნის ხანებთან და სპარსეთთან, რომლებსაც სთხოვდა ლაშქრიტა და იარაღით დახმარებას. შატილში გამაგრებული ალექსანდრე კახეთშაც ამბოხისაკენ მოუწოდებდა. ამიტომ კავკასიის იმდროინდელმა მთავარმართებელმა რტიშევმა გადაწყვიტა ხევსურეთისაკენ გალაშქრება და შატილიდან ალექსანდრეს გაძევება, რომ ამით ბოლო მოეღო ყოველგვარი ამბოხებისათვის.

1813 წლის 23 მაისს რუსის ჯარი ფიოდორ სიმიონოვიჩის, ტოხონოვსკის, სტალინსა და ორბელიანის სარდლობით ხევსურეთისაკენ დაიძრა 30 მაისს ჯარი ლებაისკარით არდოტის ხეობაში გადავიდა.

რუსის ჯარს გზადაგზა ძლიერი შეტაკება უხდებოდა ხევსურებისა და ქისტების რაზმებთან, ხევსურები თავიანთ ვიწრო ხეობებში მამაცად იბრძოდნენ და რუსის ჯარს წინსვლა უძნელდებოდა. ლებაისკარიდან სიმონოვიჩმა ალექსანდრეს წერილი მისწერა, რომ ის რუსეთის მხედრობას დანებდებოდა, მაგრამ ხევსურებმა გაგზავნილი ელჩი გზაში მოკლეს და ამ წერილზე ალექსანდრემ სიმიონოვიჩს პასუხიც არ გასცა. ამაზე გაბრაზებული გენერალი შატილისკენ დაიძრა. სოფელ გუროში მოხდა დიდი ბრძოლა ხევსურებსა და რუსის ჯარს შორის. ხევსურებმა გუროს ვიწრო ხეობა გაამაგრეს და მოზღვავებული რუსის ჯარს, რომელსაც ოთხი სარდალი, ხელმძღვანელობდა, მამაცურად შეებრძოლნენ. ხევსურებს აქ ქისტის ლაშქარიც მიეშველა და მათ რუსის ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს; მაგრამ რუსის ჯარის სიმრავლემ და უკეთესად შეიარაღებამ მცირერიცხოვან მთელებს სძლია; გამარჯვებულმა სიმიონოვიჩმა გუროელებზე შური იძია, სოფელი გურო რუსის ჯარმა გაანადგურა დამიწასტან გაასწორა.

სიმიონოვიჩი ახლა შატილისაკენ გაემართა. ალექსანდრე თვისი ამალით მაშინვე ქისტებში გადავიდა და აქედან ერევნისაკენ გაეშურა. შეტაკების შემდეგ შატილიც იძულებული გახდა ქედი მოეხარა სიმონოვიჩის ჯარის წინაშე[24][25].

შატილში ალექსანდრეს უცხოვრია ბაბღია ჭინჭარაულის ქვიტკირში. ალექსანდრეს შატილში ერთგული სამსახურისათვის ზოგიერთი ოჯახისათვის წყალობის წერილიც უბოძებია.

შატილელებს მონაწილეობა მიუღიათ აგრეთვე შამილთან ბრძოლაში. 1843 წელს შატილს გადმოსულა თავისი ლაშქრის შამილის თანამებრძოლი ცნობილი ახვერდი-მაჰმადი (ხევსურულად აჰმედ-მაჰმედი) და შატილისათვის მორჩილება მოუთხოვია. შატილელებს ამაზე უარი უთქვამთ და თავიანთ ქვიტკირებში გამაგრებულან. ლეკებთან ბრძოლა სამი დღე-ღამე გაგრძელებულა. ბოლოს ხევსურებს ქვიტკირის სარკმლიდან ნიშანში ამოუღიათ თვით ახვედი-მაჰმადი და მოუკლავთ.

ამის შემდგეგ დამარცხებული ლეკის ჯარი უკან დაბრუნებულა. ამ გამარჯვებისათვის შატილელებს საჩუქრად მეფისაგან მიუღიათ ჯვარ-მედლები, რამდენიმე ფუთი პური და თოფის წამალი. გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის განკარგულებით აქვე აუგიათ პატარა ეკლესია, რომლის კედელში ჩაუსვამთ ქვა რუსულ-ქართული წარწერით:

ვიკიციტატა
„უმაღლესისა ბრძანებისამებრ ჯილდოდ შატილელთა დამარცხებისათვის ახვერდი მახმედის და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ (1843 წ.) წელსა შინა, აღშენებულ არს ჩყმთ (1849 წ.) წელსა განკარგულებითა კნიაზის ნამესტნიკისათა.“

აღნიშნული წარწერა შემდგომში 1984 წელს დატანებული იყო კერძო პირის სახლის კედელში.

XIX საუკუნის სამოციან წლებში დამთავრდა კავკასიის გმირული ბრძოლების ეპოპეა და დამყარდა მონარქული რუსეთის ბიუროკრატიული რეჟიმი.

1860-იან წლებში ხევსურეთს შატილის მხრიდან მოემატა ტერიტორიები, კერძოდ მდინარე არღუნის ხეობის ქვედა ნაწილი იქ სადაც თავდება პირიქითა ხევსურეთი (ანდაკისწყალისა და მდ. არღუნის შესართავთან), თბილისის გუბერნიას მომატებული ჰქონდა მცირე ნაწილი. აღნიშნული ტერიტორია არ ჩანს 1855 წლის რუკაზე, ხოლო კავკასიის მხარის 1872 წლის რუკაზე შედის თბილისის გუბერნიის ტერიტორიაში[26].

1900 წლის რუკაზე აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია თბილისის გუბერნიის, თიანეთის მაზრის, ფშავ-ხევსურეთის უბანში, მაისტის და სახანოს თემების სახით, რომელიც ქისტებით დასახლებული ყოფილა. აღნიშნული ტერიტორია თბილისის გუბერნიაში შედიოდა 1914 წელსაც, ხოლო საბჭოთა საქართველოში შევიდა აღნიშნული ტერიტორიით, რისი დასტურია 1922 წლის რუკაც.

1955 წელს ახალხევის რაიონის ლიკვიდაციის შემდგომ აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნეს ჩეჩნეთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 127
  2. ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1985 წ. გვ. 72-73
  3. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
  4. ს. ყაუხჩიშვილი, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, 1955, გვ. 125-126
  5. ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913, გვ. 151
  6. „ქართლის ცხოვრება“, ტ. 2, 1959, გვ. 111-112
  7. „ქართლის ცხოვრება“, ტ. 2, 1959, გვ. 107
  8. ა. შანიძე, „ხალხური პოეზია“, 1, ხევსურული, სახელგამი, 1913 წ., გვ. 6-9, ლექსი 18,19
  9. ნ. ურბნელი, „ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, ზურაბ არაგვის ერისთავი“, (გაზ. ივერია, 1888 წ., №238, 241
  10. ვახუშტი, „საქართველოს ცხოვრება“, გვ. 189
  11. ვახუშტი, „საქართველოს ცხოვრება“, გვ. 151-158
  12. Вертепов, Терский Сборник, т. 6, Владикавказ, 1903 г., ст. 118
  13. Е. Такайшвили, Грузинские надписи на археологических предметах, хранящихся в Кавказском музее в Тифлисе (Изв. Кавказского отдела Московского археол. О-ва, вып. 1, Тифлис, 1904 г., ст. 63.
  14. მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1895 წ., გვ. 205
  15. ვახუშტი, „საქართველოს ცხოვრება“, გვ. 175
  16. ვახუშტი, „საქართველოს ცხოვრება“, გვ. 178-179
  17. Броссе, „Переписка Грузинских царей с Российскими Государями от 1630 по 1770 г“. СПБ, 1861 г. გვ. 74-75
  18. Броссе, „Переписка Грузинских царей с Российскими Государями от 1630 по 1770 г“. СПБ, 1861 г. გვ. 229
  19. საქართველოს ცხოვრება პაპუნა ორბელიანისა. ტფილისი, 1913 წ., გვ. 218
  20. ომან ხერხეულიძე, „საქართველოს ცხოვრება“, ტფილისი, 1913, გვ. 265
  21. რ. ერისთავი, „ასპინძის ომი“, ტფილისი, 1913
  22. ბეს. გაბუური, „ხევსურული მასალები“, ქართ. საენათმეცნიერო საზოგადოება, ჟურნალი წელიწდეული, I-II, 1924-1925 წ., ტფილისი, 1925, გვ. 163.
  23. ალ. ფრონელი, „მთიულეთი, 1804 წ“., ტფილისი, 1896
  24. Акты археологической комисии. т. V, ст. 531-537
  25. Потто, «Утверждение Русского владычества на Кавказе», т. 2, Тифлис, 1901, глава XXI, ст. 405-426.
  26. Karta Kavkazkago Kraâ