სამსონ ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფირცხალავა.

სამსონ ფირცხალავა (დ. 3 იანვარი 1872 სოფელი მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 1952, თბილისი) — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. მისი ფსევდონიმები იყო: „სიტყვა“, „კალამი“, „სანვინი“.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსონ ფირცხალავა დაიბადა 1872 წელს სოფელ მათხოჯში. ოჯახი განათლებას დიდი ყურადრებას აქცევდა, ამიტომაც ანბანი პატარა სამსონს უფროსმა ძმებმა შეასწავლეს, შემდეგ კი სოფლის დიაკვანს მიაბარეს. მოგვიანებით სამსონი ხონის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს. 1893 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პეტერბურგში სტუდენტობის დროს იგი დაუმეგობრდა შემდგომში ცნობილ პიროვნებებს: ივანე ჯავახიშვილს, ზურაბ ავალიშვილს, გრიგოლ რცხილაძეს, იოსებ ბარათაშვილს, არჩილ ჯორჯაძეს, ილია ნაკაშიძესა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილს.[2]

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1893 წლიდან. 1901-1902 წლებში მუშაობდა გაზეთ „ივერიაში“, იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერი, გაზეთ „გლეხის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ფაქტობრივი რედაქტორი (1906). 1902-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და საქმეთა მმართველი. 1908 წელს აირჩიეს აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის მდივნად. 1910 წელს გადაასახლეს ქალაქ ტვერში, საიდანაც 1913 წელს დაბრუნდა. ხელმძღვანელობდა გაზეთ „სახალხო საქმეს“ (1917-1921).

სამსონ ფირცხალავა ავტორია ისტორიული თხზულებებისა ილიაზე, თამარ მეფეზე, ძველ მესხეთზე, საქართველოს უძველეს ისტორიაზე. 1907 წელს მისი თანაავტორობით გამოვიდა კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“.

1917-1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია–ანექსიის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ, 1922-1946 წლებში იყო პოლიტიკური ემიგრანტი (ცხოვრობდა და აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა საფრანგეთში).

1946 წელს სამსონ ფირცხალავა დაბრუნდა სამშობლოში. 1951 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა, როგორც საბჭოთა სისტემისთვის „მავნე ელემენტი“. იმავე წლის 25 დეკემბერს გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც გარდაიცვალა 1952 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]