გერასიმე მახარაძე
გერასიმე მახარაძე | |
---|---|
ფსევდონიმი/ები | გერმან |
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1881 |
დაბადების ადგილი | გომი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 14 სექტემბერი, 1937 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
განათლება | ქუთაისის სასულიერო სემინარია |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, სკკპ |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | თომა მახარაძე |
გერასიმე მახარაძე (დ. 25 აპრილი, 1881, გომი — გ. 14 სექტემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერასიმე მახარაძე იყო მედავითნეს შვილი. 1888-95 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში.[1].სასწავლებლის დასრულების შემდეგ რეკომენდაცია გაეწია ჩაებარებინა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიიდან ექვსი თვით დაითხოვეს თვითგანათლების წრის ორგანიზებისთვის მაგრამ შემდეგ აღადგინეს. მესამე კურსიდან წელიწადნახევრით გარიცხეს ღვთისმსახურების წესების დარღვევის გამო, მაგრამ სხვა სემინარიელთა მოთხოვნით აღადგინეს. 1901 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს ხარჯით გაგზავნეს სასულიერო აკადემიაში, მაგრამ აკადემიაზე უარი თქვა და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. იქ ჩაერთო სტუდენტურ მოძრაობებში, დაიწყო მარქსიზმის შესწავლა და გახდა სტუდენტურ მოძრაობა „რადიკალების სალაროს“ წევრი. მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რის გამოც 1902 წელს დააპატიმრეს სამი თვით, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და გააძევეს დედაქალაქიდან. ჩააბარა იურიევის უნივერსიტეტში, გახდა „გაერთიანებული სათვისტომოებისა და ორგანიზაციების საკავშირო საბჭოს“ წევრი, სადაც წარმოადგენდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. 1904 წლის თებერვალში მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს 7 თვით და შემდეგ გადაასახლეს კავკასიაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.
1904 წლის სექტემბერში დასახლდა ბაქოში და ჩაება „გერმან-ის“ ფსევდონიმით ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბაქოს კომიტეტის საქმიანობაში. 1905 წლის დასაწყისიდან ჩაება გურიის გლეხთა მოძრაობაში. 1906 წლის დასაწყისში დაპატიმრების შიშით გრიგოლ ურატაძესთან ერთად დატოვა გურია.[2] 1906 წელს იმავე ფსევდონიმით მუშაობდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციაში, თანამშრომლობდა ქართულ არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან. 1907 წლის 6 თებერვალს აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან[3]. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში, იყო საფინანსო კომისიის წევრი.[4]მახარაძე დუმაში იტყვით არ გამოსულა. 1907 წლის 2 მარტს პოლიცია შეიჭრა მახარაძის პეტერბურგის ბინაში პარტიის სხდომის მიმდინარეობის დროს, რის გამოც დეპუტატებმა სალტიკოვმა და კირიენკომ სტოლიპინს საჩივრით მიმართეს.[5]იმავე წელს მონაწილეობდა რსდმპ V ყრილობაში ლონდონში. ისინი მოხსენიებულნი არიან სხდომების ოქმებში, თუმცა არ არიან ნახსენები დელეგატებისა და კენჭისყრების სიებში. მეორე მოწვევის დუმამ იმოქმედა მხოლოდ 103 დღე. დუმა დაითხოვეს 1907 წლის 3 ივნისს და დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 65-ვე წარმომადგენელი, მათ შორის იყო თბილისის და ქუთაისის გუბერნიებიდან, ასევე ბათუმის ოლქიდან არჩეული რვა დეპუტატი, რომელთა რიცხვში შედიოდა გერასიმე მახარაძეც. ყველა დაპატიმრებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მახარაძე 4 დეკემბერს გაასამართლეს და მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა. ავადმყოფობის გამო სასჯელი შეუცვალეს 6 წელი ციხით. სასჯელს იხდიდა ნიკოლაევის ხერსონის საგუბერნიო ციხეში 1908-1910 წლებში. დაავადდა მწვავე ფსიქიკური გაფანტულობით და 1911-1913 წლებში იმყოფებოდა ვილეისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1913 წელს მახარაძის მშობლებმა ითხოვეს მისი შეწყალება, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღეს. იქ დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით. ორწელიწადნახევრის განმავლობაში იყო გადასახლებულთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1913 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ გადაასახლეს ციმბირში, ბიისკის გუბერნიის კანის მარის სოფელ ტასეევოში. 1916 წელს მიემხრო ციმერვალდის მოძრაობას. 1917 წელს არალეგალურად გაემგზავრა ირკუტსკში, იქ მოუსწრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ.
რევოლუციის შემდეგ, მარტში, სხვა გადასახლებულებთან ერთად ჩავიდა პეტერბურგში და მაისამდე მუშაობდა პეტერბურგის აღმასკომში, 1917 წლის მაისში გაემართა თბილისში და გახდა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარის ამხანაგი. აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი, არჩეული იყო გვარდიის გენშტაბის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს იყო საქართველოს პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, საგარეო საქმეთა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1918 წლის 21 ივლისს სამების მონასტერში ივანე ლორთქიფანიძესთან, ალექსანდრე დგებუაძესთან და ჯუღელთან ერთად მონაწილეობდა ქართველი მთიელების შერიგებაში.[6]1919 წლის გაზაფხულზე ურუშაძესთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ბაქოელ ბოლშევიკებთან ერთიანი ანტიდენიკინური ფრონტის ჩამოყალიბების შესახებ. 1919 წლის 27 ივლისს დაინიშნა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სომხეთში. 1920 წლის 9-10 აპრილს სომხეთში საქართველოს ელჩის რანგში მონაწილეობდა თბილისში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო კონფერენციაში.[7]1920 წლის 7 მაისიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრში. 1920 წლის 9 დეკემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მოქალაქეობის ოპტაციის შესახებ.[8] 1921 წლის იანვარში შეხვდა სტალინს.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921 წლის 14 ივნისს დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს, რადგან ბრალი არ დაუმტკიცდა. 1921 წლის აგვისტოდან 1922 წლის აპრილამდე მუშაობდა მრეწველობის კომისარიატში. 1921 წლის დეკემბერში მოსკოვში იყო სახელმწიფო გამომცემლობის ცენტრალური სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1922 წლის იანვარში დაბრუნდა საქართველოში.[9] 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მუშაობდა „ცეკავშირის“ ეკონომისტად. 1923 წლის ივნისიდან 1925 წლის აგვისტომდე მუშაობდა ექსპერტად მანგანუმის საზოგადოება „ჩემოში“. 1925 წლის ოქტომბრიდან 1929 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა განყოფილებებს სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში. 1929 წლის თებერვლიდან 1931 წლამდე ხელმძღვანელობდა არტელ „მელანგუმას“. 1931 წელს, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა ყოფილ პოლიტკატორღელთა არტელები ერთ საწარმოო კომბინატში, დაიკავა ამ კომბინატის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი. რევიზიის შემდეგ გადააყენეს თანამდებობიდან.
1937 წლის 4 მარტს პენსიაზე გასული მახარაძე დააპატიმრეს. 13 ივნისს მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება. შეყვანილ იქნა დასახვრეტთა 26 ივნისის სიაში, რომელსაც ხელს აწერენ სტალინი, ვოროშილოვი, კაგანოვიჩი და მიქოიანი.[10]მეორედ მოხვდა დასახვრეტთა სიაში 10 აგვისტოს. ამჯერად სიას ხელს აწერდნენ სტალინი, მოლოტოვი და კაგანოვიჩი.[11] 13 სექტემბერს გაასამართლეს მენშევიკობის ბრალდებით და დახვრიტეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016, ISBN 978-9941-0-9318-0.
- მახარაძე გ., „ციხე და ეტაპი, ნაწყვეტები დღიურიდან“, თბილისი: „პოლიტკატორღელი“, 1935.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერასიმე მახარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სტალინური სიები საქართველოდან
- Политическая каторга и ссылка გვ. 390
- Боиович М. М. Члены Государственной думы (Портреты и биографии). Второй созыв. М.: Тип. Товарищества И. Д. Сытина. 1907. С. 467.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Выпускники Озургетского духовного училища 1891, 1892, 1895, 1897-1904, 1911, 1913, 1915 гг.
- ↑ ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 123.
- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 467
- ↑ Государственная Дума. Второй созыв. Обзор деятельности комиссий и отделов.
- ↑ Новое время. 3 марта. 1907. № 11126. С. 4.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-01. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
- ↑ Дневник Джугели (вторая половина июля 1918 года)
- ↑ Главное Архивное Управление при кабинете министров Азербайджанской Республики (издатель). Азербайджанская Демократическая Республика (1918-1920). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
- ↑ "Соглашение между Российской Социалистической Федеративной Советской Республикой и Грузией о порядке оптации грузинского гражданства" (подписано 09.12.1920)
- ↑ Печать и революцмя. Кн.1. Январь-март, М.: Госиздат. 1922
- ↑ СПИСОК ЛИЦ, ПОДЛЕЖАЩИХ СУДУ ВОЕННОЙ КОЛЛЕГИИ ВЕРХСУДА СОЮЗА С.С.Р. 26 июня 1937 года. // АП РФ, оп. 24, дело 409, лист 225. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-07. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
- ↑ СПИСОК ЛИЦ, ПОДЛЕЖАЩИХ СУДУ ВОЕННОЙ КОЛЛЕГИИ ВЕРХОВНОГО СУДА СОЮЗА ССР 10 августа 1937 года. // АП РФ, оп. 24, дело 410, лист 210. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-07. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
- Pages with image sizes containing extra px
- თბილისში გარდაცვლილები
- სიკვდილით დასჯილი ქართველები
- დაბადებული 1881
- გარდაცვლილი 1937
- დაბადებული 25 აპრილი
- გარდაცვლილი 14 სექტემბერი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- მახარაძეები
- რსდმპ-ის V ყრილობის დელეგატები
- რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები