აფხაზეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1][2][3][4] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არამხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი.

ერთ–ერთი დოლმენი ეშერადან (ამჟამად ინახება სოხუმის მუზეუმში)

ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აფხაზთა სამეფო.

"აფხაზთა სამეფო" იყო ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII საუკუნის 80-90-იანი — X საუკუნის 80-იანი წწ.). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.

VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. ამ აქტში მას მისი სიმამრი, ხაზართა ხაკანი (ლეონის დედა ხაზართა მეფის ასული იყო) დაეხმარა. სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო" აფხაზთა სამთავროს წამყვანი როლის გამო ახალ სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.

ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან, დაახლოებით, ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთათისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლი, კახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.

აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა.

აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთო ინტერესებით. აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს . აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთა (აფხაზეთის საკათალიკოსო) იყო . X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში) გაავრცელა .

აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: "აფხაზეთის", ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.

978 წელს ადგილობრივმა „აფხაზურმა დინასტიამ“ შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს მეფე გახდა.

ოსმალთა ბატონობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალთა დაინტერესება ანატოლიის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქართული სამთავროებით 15 საუკუნის შუა ხანებს ემთხვევა. ოსმალური წყაროები არაფერს ამბობს ამის შესახებ, მაგრამ ქართულ ქრონიკებში აღნიშნულია, რომ რომელიღაც ოსმალურმა ფლოტმა 1455–წ. სოხუმი აიღო, მაგრამ აქ ადმინისტრაციუოი ორგანოები არ დაუარსებია და მმართველობა ძველ ბეგებს დაუტოვა იმ პირობით, რომ ისინი ხარაჯას გადაიხდიდნენ. გენუურ წყაროებში აღნიშნულია, რომ ორმოცდათექვსმეტ გემიანი ოსმალური ფლოტი 1454 წლის ივნისს სოხუმში შემოვიდა და აქაურობას და დასავლეთ საქართველოს სანაპიროებს დაარტყა. ამრიგად, პირველი სერიოზული კავშირი შავი ზღვის სანაპიროს აფხაზთა და დაიან/მეგრელთა რეგიონებთან მყარდებოდა. 1578 წელს ოსმალებმა სოხუმში ააშენეს გამაგრებული ფორტი.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის საზღვრები 1809 წელს რუსეთთან მიერთების დროს

აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა 1810 წელს. ყირიმის ომის დროს აფხაზეთი ოსმალებმა დაიკავეს და რუსეთი იძულებული იყო ევაკუირებულიყო სამეგრელოში, მაგრამ ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს დაუბრუნდა. 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის სამხედრო განყოფილება უწოდა. 1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება გაუქმდა და შეიქმნა სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნიის საზღვრებში.

1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით — სოჭის, ტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია — შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

1917–1921 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917-1921 წლები გამოირჩეოდა აფხაზეთში, რომელიც იმ დროისთვის შედგებოდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ორი ადმინისტრაციული ერთეულის — სოჭისა და სოხუმის ოკრუგებისგან, ბოლშევიკური რევოლუციის მოწყობის ორი წარუმატებელი მცდელობით და რუსეთის ბოლშევიკური და ცარისტული სამხედრო ძალების მცდელობებით, ჩამოეშორებინათ აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რეპსუბლიკისგან. ეს ომი ცნობილია სოჭის კონფლიქტის სახელით.

ბოლშევიკური რევოლუციების მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ოზაკომმა („ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ“). 1917 წლის 10 მარტს სოხუმში შეიქმნა რუსეთის დროებითი მთავრობის ადგილობრივი ორგანო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დროებითი კომიტეტი. კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს თავადი ალექსანდრე შარვაშიძე. ოლქის მილიციის უფროსად აირჩიეს თავადი ტატაშ მარშანია. სოხუმის ქალაქის თავად კი ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1917 წლის აპრილში სოფელ ლიხნში ბოლშევიკების ორგანიზებით გაიმართა გლეხთა შეკრება, რომლის მიზანი დროებითი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო. ამ შეკრებაზე გუდაუთისა და სამურზაყანოს უბნების კომისრებად ბოლშევიკები, ნესტორ ლაკობა და ეფრემ ეშბა აირჩიეს. ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში ადლერსა და სოჭში. აფხაზეთში ამ დროისთვის მოქმედი პოლიტიკური ჯგუფებიდან სოციალ-დემოკრატები აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას უჭერდნენ მხარს, ბოლშევიკები ემხრობოდნენ საბჭოთა რუსეთთან და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკასთან გაერთიანებას, მსხვილი მემამულეების და მიწათმფლობელების ნაწილი კი, სოციალისტური იდეების შიშითა და საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნების სურვილით ოსმალური განწყობების მატარებელი იყო. 1917 წლის 2 ივლისს გამართულ სოხუმის ოკრუგის სათათბიროს არჩევნებში გამარჯვება სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს. მათ მიიღეს 18 მანდატი. 10 მანდატი მიიღეს ესერებმა და 2 მანდატი სოციალ-ფედერალისტებმა. ამის საპასუხოდ ბოლშევიკებმა დაიწყეს გლეხთა შეიარაღებული რაზმების შექმნა. პირველი ასეთი რაზმი ჩამოაყალიბა ნესტორ ლაკობამ სოფელ ჯირხვაში.

1917 წლის 30 ოქტომბერს ოზაკომის მიერ აღდგენილ იქნა სოხუმის ოკრუგის ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა და მას კვლავ შეუერთდა სოჭის ოკრუგი, რომელიც 1904 წლიდან შავიზღვისპირეთის გუბერნიისთვის იყო გადაცემული.[5]. 1917 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა აფხაზეთის სახალხო საბჭო. საბჭომ მიიღო აფხაზი ხალხის დეკლარაცია, კონსტიტუცია და დასხვა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის საკითხი. 1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის მოხდა შეთანხმება აფხაზეთის ავტონომიის უფლებით საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ

1918 წლის 15-21 თებერვალს განხორციელდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის პირველი ცდა. 15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში გაჩერდა კრეისერი „დაკია“, რომელზეც კავკასიის ფრონტიდან დეზერტირი რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა გემის მატროსებსა და თავად ნიკოლოზ ემხვარს შორის. გემის კაპიტანმა ქალაქის ხელისუფლებამას მოსთხოვა ემხვარის გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. ამის შედეგად კრეისერმა სოხუმი დაბომბა. 1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა“ ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ამას მოჰყვა რამდენიმედღიანი ინტენსიური ბრძოლები ერთი მხრივ აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მეორე მხრივ რევოლუციურ კომიტეტს შორის სოხუმსა და ეშერაში.[6] 19 თებერვალს სოხუმი დაბომბა ჯავშნოსანმა „პრინც კარლმა“. 21 თებერვალს გემებმა სოხუმი დატოვეს და ქალაქში აღდგა წესრიგი და კანონიერი ხელისუფლება.

1918 წლის 4-9 მარტს სოხუმში ჩატარდა აფხაზ გლეხთა დეპუტატების II ყრილობა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. სხდომა გახსნა არზაყან ემუხვმარმა, ხოლო მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ყრილობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აფხაზეთი შესულიყო ამიერკავკასიის ხალხთა ერთიან ოჯახში, აღკვეთილიყო სოხუმში ბოლშევიკების ბატონობა.[7]

1918 წლის გაზაფხულზე აფხაზმა ბოლშევიკებმა კიდევ ერთხე სცადეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, რასაც საბოლოოდ რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. შეიარაღებული აჯანყების მოწყობა დაიგეგმა მარტში ბათუმში. შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით ბათუმიდან გუდაუთაში არალეგალურად 2000 შაშხანა იქნა შეტანილი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საოლქო რევკომი, რომლის ლიდერები იყვნენ ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და გეორგ ათარბეგოვი. მათ აჯაყნების საბაბად გამოიყენეს მიწის რეფორმა. შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო 8 აპრილს გუმისთის, კოდორის, სამურზაყანოსა და გაგრის უბნებზე. 11 აპრილს აჯანყებულებმა აიღეს სოხუმი და დაიკავეს აფხაზეთის ტერიტორია კოდორის უბნამდე, დაითხოვეს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და დაამყარა ბოლშევიკური რევოლუციური ხელისუფლება. სამხედრო ძალები მობილიზებულ იქნა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებზე შეტევისთვის. მაისს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში წესრიგის აღდგენის შესახებ. ოპერაციის ხელლმძღვანელად დაინიშნა სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი, ვალიკო ჯუღელი. მასთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრნენ ალექსანდრე კონიაშვილი და ალექსანდრე დგებუაძე. 11-17 მაისს მიმდინარეობდა პოზიციიური ბრძოლები. 17 მაისს სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა და დღის 3 საათზე აიღო სოხუმი. ბოლშევიკები გაგრაში გამაგრდნენ. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით სახალხო გვარდიამ აიღო გაგრა, გუდაუთა და ახალი ათონი.

1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით. ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მთავრობაში აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარდგინებით ინიშნებოდა აფხაზეთის საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობა იღებდა სამხედრო და ფინანსური დახმარების ვალდებულებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ნოე ხომერიკმა და შ. ალექსი-მესხიშვილმა, ხოლო აფხაზეთის მხრიდან რ. კაკუბავამ, ვ. გუჯუამ და გ. აჯამოვმა. აფხაზეთის საქმეთა მინისტრად დაინიშნა რობერტ ჩხოტუა. ხელშეკრულებამ გამოიწვია საბჭოთა რუსეთის გაღიზიანება და ამ უკანასკნელმა დაიწყო სამხედრო კამპანია აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის.

რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთის გამო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სოჭის კონფლიქტი.

მაიკოპის, სოჭისა და ადლერიდან დაძრულმა წითელმა პოლკებმა 17 ივნისს შეუტიეს გუდაუთას, რომელსაც იცავდა მხოლოდ 150 კაციანი გარნიზონი. 20 ივნისს რუსებმა აიღეს გუდაუთა და ახალი ათონი. აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის. 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. მის განკარგულებაში იყო 500 ქვეითი, 300 ცხენოსანი აფხაზი, ერთი საარტილერიო ბატარეა, ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი სამი კატარღა და ორი ქვემეხით აღჭურვილი ხომალდი „წმინდა მიხეილი“. ამ დროისთვის რუსები ახალ ათონში იყვნენ გამაგრებული და სოხუმზე შეტევას აყოვნებდნენ, რამაც მაზნიაშვლს მომზადების დრო მისცა. მაზნიაშვილმა 22 ივნისს აიღო ახალი ათონი, 23 ივნისს — გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა. რუსეთის ჯარმა უკან დაიხია ბელორეჩენსკი-მაიკოპი- ნევინომისსკის მიმართულებით. ტყვედ იქნა აყვანილი ნესტორ ლაკობა, ხოლო ეფრემ ეშბა და გეორგ ათარბეგოვი ჩამოშორდნენ აფხაზეთს და საქმიანობა გააგრძელეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

24 ივნისს აფხაზეთის სასხალხო საბჭომ მიიღო დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს დაკავების შესახებ. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ სასურსათო კრიზისით — საქართველოში იყო ხორბლის და ნავთობის მწვავე უკმარისობა, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს — და მეორე მხრივ იმით, რომ ტუაფსეს ოლქი წარმოადგენდა აფხაზეთში რუსეთის ჯარების შეჭრის პლაცდარმს. ქალაქ სოჭიდან მაზნიაშვილს ატყობინებდნენ, რომ მოსახლეობა ელოდა ქართულ ჯარს და ქალაქი მზად იყო, გამოეყვანა 2000 კაცი. 28 ივნისს მაზნიაშვილის ჯარებმა აიღეს გაგრა, 29 ივნისს — ადლერი, 5 ივლისს — სოჭი, 23 ივლისს აიღეს ლოო, 26 ივლისს — ტუაფსე, 4 აგვისტოს — კრივენკოვსკოე.

სოჭი-ტუაფსეს კამპანიის დროს მაზნიაშვილის ჯარებს ვითარება დაეძაბათ ზურგში. 28 ივნისის ღამეს სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კოდორთან ახლოს ვეჰიბ-ფაშას ბრძანებით გადმოსხმულ იქნა ოსმალეთის 800 კაციანი დესანტი. ოსმალების დესანტი აღმოაჩინა და გაანეიტრალა ქართველების ხომალდმა „წმ. მიხეილმა“ სანაპიროს პატრულირების დროს.

სოჭის ოლქის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ დაკავების შემდეგ უნდა გადაწვეტილიყო ამ ოლქის ბედი. ამის შესახებ სწერდა სოხუმის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებული ისიდორე რამიშვილი ნოე ჟორდანიას. სოჭის ოლქთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის რწმუნებულად ამ ოლქში დაინიშნა გიორგი ანჯაფარიძე, ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გაგრის ფრონტის სარდალი ტარას ვაშაკიძე. აგვისტოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

1 სექტემბერს ტუაფსეს შეუტია ტამანის არმიის პირველმა კოლონამ 10000 კაცითა და 12 ქვემეხით ეპიფან კოვტიუხის ხელმძღვანელობით. ტამანის არმიამ დიდი ზარალი მიაყენა ტუაფსეს ქართულ გარნიზონს და უკან, ქალაქის სამხრეთით 6 კმ.-ზე დაახევინა მას. კოვტიუხის ნაწილები 2 სექტემბერს დილით ტუაფსეში შევიდნენ ორ დღეში ბოლშევიკებმა ქალაქი დატოვეს. ტუაფსე დროებით ისევ ქართული გარნიზონის ხელში გადავიდა. 8 სექტემბერს ტუაფსეს მიადგა ტამანის არმიის მდევნელი „მოხალისეთა არმია“ გენერალ მიხეილ ალექსეევის ხელმძღვანელობით. მაზნიაშვილმა მათ უბრძოლველად დაუთმო ქალაქი და გამაგრდა მდინარე შახეზე. ანტონ დენიკინი შავიზღვისპირეთის გუბერნიას ტუაფსესა და სოჭის ჩთვლით ყუბანის ნაწილად მიიჩნევდა და მაზნიაშვილს სთხოვდა სოჭის ოლქის დაცლას ჯარებისგან.

1918 წლის 20 სექტემბერს სოჭის ოლქის მოსახლეობის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დროებით მიერთების შესახებ.[8] 25-26 სექტემბერს ეკატერინოდარში გაიმართა სამმხრივი მოლპაპარაკებები ყუბანის სახალხო მთავრობას, მოხალისეთა არმიასა და საქართველოს შორის. საქართველოს მოლაპარაკებებში წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და გენერალი მაზნიაშვილი. მხარეები ვერ შეთანხმდნენ სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხზე. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა დაცლილი ქართული ჯარისაგან და სანამ ქართული ჯარი მდინარე ბზიფამდე უკან არ დაიხევდა.

დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. 26 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა ამის გამო საპროტესტო ნოტით მიმართა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მისიის ხელმძღვანელობას, რომელსაც დაკავებული ჰქონდა კავკასია და იყო ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის მოკავშირე. 28 დეკემბერს გეგეჭკორი და ჯორდანი შეთანხმდნენ სოჭის ოლქის დემილიტარიზაციაზე ოლქში საქართველოს ადმინისტრაციის შენარჩუნების პირობით. 29 დეკემბერს, შეთანხმების თანახმად, საქართველომ მოახდინა სოჭის ოლქიდან ქვედანაყოფების ევაკუაცია, მაგრამ, ანტონ დენიკინმა, ამის საპირისპიროდ, დაიწყო ამ ოლქში სამხედრო ძალების თავმოყრა. იმავე დღეს გეგეჭკორმა კიდევ ერთი საპოტესტო ნოტით მიმართა ბრიტანელებს. მოხალისეთა არმიის მიერ ტუაფსეს დაკავებას მოჰყვა მმართველობის სამხედრო ფორმის დამყარება, თვითმმართველობისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმება. ამან გამოიწვია მოსახლეობის მწვავე პროტესტი. 1919 წლის 5 იანვარს სოჭში გაიმართა სოჭის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კრება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სოჭის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში არსებობის მიზანშეწონილობა და ითხოვა მოხალისეთა არმიის გაყვანა.

18-21 იანვრისთვის დენიკინს გოლოვინკასთან მობილიზებული ჰყავდა 1000-მდე ჯარისკაცი, მათ შეუერთდა სოჭის ოლქის სომხური მოსახლეობა. საქართველოს ჯარის პოზიციები კი დემილიტარიზაციის გამო შესუსტებული იყო, მათ ეკავათ ცუდი პოზიციები და მოშიშვლებული ჰქონდათ მარჯვენა ფლანგი. გენერალ კონიაშვილის განკარგულებაში იყო 285 ჯარისკაცი და 2 ქვემეხი ლოოს ფრონტზე; 38 ჯარისკაცი და 2 ქვემეხი უშუალოდ ქალაქ სოჭში და 12 ტყვიამფრქვევი.

6 თებერვალს მოხალისეთა არმიის მე-6 ქვეითი დივიზია ალექსანდრ ჩერეპოვის მეთაურობით გადავიდა შეტევაზე. მოხალისეთა არმიამ სოჭში ტყვედ აიყვანა გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის წარმომადგენელი სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა. ბრძოლა სოჭისთვის გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში. წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მოხალსეთა არმიამ დაიკავა ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და 10 თებერვალს გაჩერდა მდინარე ბზიფთან. გაგრაში შეყვანილ იქნა ბრიტანელთა გაძლიერებული ასეული, რომელიც მდინარე ბზიფის ორივე მხარეს განლაგდა.

1919 წლის 13 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის ისოტირაში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები აფხაზეთის სახალხო საბჭოსი და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა. დამფუძნებელი კრების წევრებად არჩეულ იქნა 5 აფხაზი დეპუტატი ვარლამ შერვაშიძე, არზაყან ემუხვარი, ვასილ გურჯუა, დიმიტრი ზახაროვი, იოანის ფაშალიდისი. საქართველოს შავიზღვისპირეთის ფროტის სარდლად დაინიშნა გენერალი იოსებ გედევანიშვილი. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულბამ საქართველოს საშუალება მისცა, დამატებითი ძალები გაეგზავნა აფხაზეთში და გაემაგრებინა დაკავებული პოზიციები. დენიკინმა კი შეასუსტა სოჭის ფრონტი, რადგან ამ დროს წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს რესპუბლიკაში შესვლის შესახებ.

1919 წლის აპრილისთვის დასრულდა ბზიფზე ქართული ძალების თავმოყრა. საქართველომ ანგარიში აღარ გაუწია ბრიტანეთის სამხედრო მისიას და მიიღო გადაწყვეტილება გაგრაზე შეტევის შესახებ.

16 აპრილს სახალხო გვარდიამ დაიწყო შეტევა. 17 აპრილს, 1 საათზე გიორგი ლომთათიძის მეთაურობით მე-3 ბატალიონმა აიღო გაგრა. 18 აპრილს, 9 საათზე, ქართულმა ჯარმა დაიკავა პოზიცია მდინარე მეხადირზე. მოხალისეთა არმიამ დაიხია მდინარე მზიმთას უკან, სოფელ ვესიოლოესთან.

შეტევითმა ოპერაციამ გამოიწვია ბრიტანული სამხედრო წარმომადგენლობის უკმაყოფილება. ამან შეაფერხა საქართველოს ჯარების შემდგომი შეტევა ადლერი-სოჭის მიმართულებით. გენერლებმა, ტომსონმა და მილნმა დაგმეს ქართული მხარის საბრძოლო მოქმედებები და მოითხოვეს შეტევის შეჩერება. ამის გამო ქართულმა დანაყოფებმა დაიხიეს უკან, მდნარე ფსოუმდე, სადაც ჩაყენებულ იქნა ბრიტანული გარნიზონი. საზღვარი შენარჩუნებული იქნა მდინარე ფსოუზე.

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის მაისში განხორციელდა ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიის მმართველობის სისტემაში. შეიქმნა აფხაზეთის მთავრობა — კომისარიატი. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არზაყან ემუხვარი. აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვარლამ შარვაშიძე. შეიცვალა სახელწოდებები, სოხუმის ოლქს ეწოდა აფხაზეთი, ხოლო ოლქის უბნებს — მაზრები.

1919 წლის 18 ნოემბერს გაგრაში შეიქმნა შავი ზღვის გუბერნიის განთავისუფლების კომიტეტი, რომლის მიზანი იყო შავიზღვისპირეთის გუბერნიის გათავისუფლება ბოლშევიკებისა და დენიკინის არმიისგან. შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ორგანო, გლეხთა ლაშქარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ციმბირელ ესერთა ლიდერი ნიკოლაი ვორონოვიჩი. სოჭის ოლქი დაიყო 12 რაიონად, რომლებშიც ამოქმედდა კომიტეტის სამ-სამ კაციანი შტაბები. სოჭის გლეხთა ლაშქარს საქართველოდან მიეწოდებოდა შეიარაღება, აღჭურვილობა, სურსათი და ფული. კომიტეტში საქართველოს მთავრბის რწმუნებულად მივლენილ იქნა დამფუძნებელი კრების წევრი ლეო რუხაძე. გლეხთა ლაშქრის პირადი შემადგენლობა ითვლიდა 2000-მდე ადამიანს, მათაგნ 40% იყო უზრუნველყოფილი სათანადო აღჭურვილობით. სოჭის ოლქში განლაგებული მოხალისეთა არმია კი შედგებოდა 7 ბატალიონის, 8 ქვემეხის და 20 ტყვიამფრქვევისგან.

1920 წლის იანვარში მიმდინარეობდა პარტიზანული ბრძოლები. 15-16 იანვარს გლეხები თავს დაესხნენ ელექტროსადგურის ყარაულს. 27-28 იანვარს განთავისუფლების კომიტეტის რაზმებმა ვორონოვიჩის მეთაურობით დაიწყეს შეტევა მოხალისეთა არმიის გარნიზონის წინააღმდეგ. 2 თებერვალს გლეხებმა აიღეს რაზდოლნოე, 3 თებერვალს სოჭი, ხოლო 25 თებერვალს — ტუაფსე და გამოაცხადეს შავი ზღვის თავისუფალი რესპუბლიკა.

1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. პარალელურად, თებერვლის განმავლობაში სოჭის განმათავისუფლებელ კომიტეტში გავლენა მოიპოვეს ბოლშევიკებმა და 7 მარტს გამოცხადდა სოჭის ბოლშევიკური რევკომის შექმნა. გაუქმდა სოჭის ოლქის განთავისუფლების კომიტეტი და შავიზღვისპირეთის რესპუბლიკა, გლეხთა არმიის ნაცვლად შეიქმნა შავიზღვისპირეთის წითელი არმია, რომლის პირადმა შემადგენლობამ 10000-ს გადააჭარბა. 1920 წლის მარტის ბოლოს შავიზღვისპირეთში შევიდა მე-9 წითელი არმია იერონიმუს უბორევიჩის სარდლობით. შავიზღვისპირეთის წითელი არმია დაშლილ იქნა და მისი შემადგენლობა მე-9 არმიაში იქნა შეყვანილი. 7 აპრილს ტუაფსეში შევიდა 1-ლი ცხენოსანი არმიის ნაწილები სემიონ ბუდიონის მეთაურობით.

გაერთიანებული სამეფო ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა მაინც მიაღწიეს მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორიის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას.

საქართველოს ოკუპაციის და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ რუსეთს ახალი ტერიტორიული პრეტენზია გაუჩნდა დაბა პილენკოვოს (დღევანდელი განთიადის) მიმართ. ისტორიულად აქ უძველესი დასახლება წანდრიფში არსებობდა, შემდეგ კი, შავიზღვისპირეთში რუსეთის განმტკიცების დროს, ტოპონიმი შეიცვალა და აქ შექმნილ დასახლებულ პუნქტს რუსებმა 1867 წელს პილენკოვო უწოდეს-შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ პილენკოს პატივსაცემად. მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს რომ იქვე გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა.

1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის მეცხრე წითელმა არმიამ ფსოუ გადმოლახა, საქართველოში შემოიჭრა და სოხუმი დაიკავა; სოჭის საოლქო ხელისუფლებისა და რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაადგინეს პილენკოვოს თემის სოფლების სოჭის ოლქთან მიერთება და იქ რუსული ადმინისტრაცია შექმნეს. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების — რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა).

კომისიამ წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა და საკითხი სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გავიდა. 1924 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდიუმმა პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს მიაკუთვნა. 1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა.

აფხაზეთის სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აფხაზეთის სსრ.

1921 წლის 4 მარტს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში და 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი. 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომმა მიმართა ლენინსა და სტალინს და მოითხოვა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა და მისი შეერთება რუსეთის ფედერაციისთვის. 1921 წლის 31 მარტს გამოცხადდა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა. იმავე წლის 16დეკემბერს საქართვეოსა და აფხაზეთის სსრ-ებს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა. 1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება.[9] 1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ს ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კონსტიტუცია ძალაში არ შესულა. 1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს.

1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიის სტატუსი და დარჩა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, როგორც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

აფხაზეთის ასსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს სსრ აფხაზეთი გარდაიქმნა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად (აფხაზეთის ასსრ) საქართველოს სსრ–ის შემადგენლობაში. იარსება 1931–დან 1990 წლამდე.

აფხაზეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში დაიწყო 1992 წ. 14 აგვისტოს და გაგრძელდა 1993 წ. 31 სექტემბრამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ისახავდა მიზნად. პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფ. ოხურეითან, სადაც აფხაზმა "გვარდიელებმა" მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. ვლადისლავ არძინბას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სეპარატირტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (სერგეი შამბას მიმართვა რადიოთი). აფხაზმა სამხედრო შენაერთებმა მთლიანად დაიკავეს ქ. სოხუმი.[10]


15 აგვისტოს გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს[11] თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაღაფში, ზურაბ ლაბახუა, ალექსანდრე ანქვაბი, ზურაბ აჩბა და სხვ. თ სიგუამ მოითხოვა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაღაფშმა სოხუმიდან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.

16 აგვისტოს გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა გაგრაში, დარჩებოდა განთიად–ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და ავტოტრასას.შეთანხმება 16 აგვისტოს შევიდა ძალაში. 17 აგვისტოს აფხაზებმა სოფ. ბზიფთან შეიარაღებული პიკეტები დააყენეს. რამდენიმე საათში ქართული შეიარაღებული ძალების პიკეტები განლაგდა სოფ. კოლხიდასთან და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართულ–აფხაზური შენაერთები. აქვე მოხდა ტყვეების პირველი გაცვლა. გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყებოდა რუსი დამსვენებლების გადაყვანა ქ. ფოთში.

18 აგვისტოს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ დატოვა ქ. სოხუმი და თან გაიყვანა როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველო და უკონტროლო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წაიღეს ნარკოტიკული საშუალებები და სახვა მედიკამენტების მთელი მარეგი. ამ დღე ქართული შენაერთები შევიდნენ ქ. სოხუმში. დიდი წინააღმდეგობა ამ სამხედრო ოპერაციას არ ჰქონია. ქართული მხრიდან დაიღუპა შინაგანი ჯარის მებრძოლი ნ. ქეცბაია. საბოლოოდ ქართულმა შენაერთებმა პოზიციები მდ. გუმისთასთან დაიკავეს. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში.

19 აგვისტოს გაგრაში შვიდნენ ქართული შენაერთები. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა "მხედრიონელი" ბ. ფირცხელიანი, ხოლო მოადგილედ ილია ჭავჭავაძიის საზოგადოების წევრი ჯ. ლატარია. ქალაქში ჩავიდნენ საქართველოს საევაკუაციო კომისიის წევრები. 20 აგვისტოს არმავირში შეიკრიბნენ კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში გაეგზავნათ შეიარაღებული რაზმები. ამ წინადადებით მათ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს.

ომის შემდგომდროინდელი აფხაზეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика), ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას.

სეპარატისტული რეჟიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმი ამჟამად

1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ“. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. მიმინოშვილი, გ. ფანჯიკიძე. სიმართლე აფხაზეთზე. – თბ., 1990
  • თამაზ ნადარეიშვილი. გენოციდი აფხაზეთში. ნაწ. 1, 2. – თბ., 1996
  • ა. თოიძე. აფხაზეთის მოსახლეობა, ისტორია და თანამედროვება. – თბ., 1995
  • ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. – თბ., 1999
  • Маршания Л.В. Трагедия Абхазии. - Тб., 1995
  • Ломоури Н. Абхазия в античную и раннесредневековую эпоху. - Тб., 1997
  • Дзидзирия Г., Анчабадзе З., Куправа А. История Абхазии. - Сухумиб 1982
  • Дж. Гамахария, Б.Гогия (1997). Абхазия Историческая Область Грузии. თბილისი. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30
  2. Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10
  3. Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4
  4. თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 65-66, თბ., 1980
  5. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი-სცსსა, ფონდი 1818, აღწ. 2, საქმე 135
  6. გაზეთი „სახალხო საქმე“ N176 1918 წ.
  7. Из отчета о работе второго крестьянского съезда Сухумского округа
  8. პაპასქირი ზ. „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“ გვ. 20 — თბილისი, 2007
  9. საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983
  10. ვ. ყოლბაია, დ. ლაცუზბაია, რ. გელანტია, თ. ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999
  11. http://www.parliament.ge/files/613_8104_273985_doc_7.pdf