მკრტიჩ ვარდოიანცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მკრტიჩ ვარდოიანცი
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1871(1871-05-28)
დაბ. ადგილი გიუმრი
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1955(1955-12-06) (84 წლის)
გარდ. ადგილი ლევილ-სიურ-ორჟი, საფრანგეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი

მკრტიჩ ვარდოიანცი (დ. 28 მაისი, 1871, ალექსანდროპოლი — გ. 6 დეკემბერი, 1955, პარიზი, საფრანგეთი) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკრტიჩ ვარდოიანცი დაიბადა 1871 წლის 28 მაისს, ალექსანდროპოლში. 1892 წელს დაამთავრა თბილისის 4-კლასიანი სახელოსნო სასწავლებლის 3 კლასი, ზეინკლის პროფესიით.

მუშაობდა მემანქანედ კავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში. 1898 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1902 წლიდან მუშაობდა ბაქოში. 1905 წლიდან იყო რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1905 წელს მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში ბაქოში, რის გამოც დაპატიმრებული იყო და იხდიდა სასჯელს 1906-1907 წლებში პეტერბურგში, ე. წ. "კრეპოსტში" და 1910-1911 წლებში - ბაქოში. მესამედ დააპატიმრეს 1911 წლის 30 სექტემბერს ბაქოში; ციხიდან გაიქცა და 1911-1913 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა ყარსსა და თბილისში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო რუსეთის რკინიგზელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის, ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი; არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად; იყო ჯავშნოსანი მატარებლების რაზმის სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წლისათვის მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის დეპოს ორგანიზაციაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; მუშაობდა თბილისის ელექტროსადგურში. 1922 წლის 1 აპრილს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკა) პრეზიდიუმმა კონტრევოლუციური აგიტაციის ბრალდებით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 1923 წლის ოქტომბერში საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. 1932 წლისათვის მუშაობდა რენოს ქარხანაში მუშად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 231.