რუბენ აუშტროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუბენ აუშტროვი

რუბენ გიორგის ძე აუშტროვი (დ. 24 ივნისი, 1887, ქუთაისი — გ. 23 დეკემბერი, 1937, პარიზი) — საქართველოში მოღვაწე ეროვნებით სომეხი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენ გიორგის ძე აუშტროვი დაიბადა 1887 წლის 24 ივნისს, ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობისას გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა ვექილთა (ადვოკატთა) კორპორაციაში, ამავდროულად მუშაობდა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში პროპაგანდისტად და ორგანიზატორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად.

რუბენ აუშტროვი იყო 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის — შემდგომში, სახალხო გვარდიის — ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ასრულებდა მდივნის მოვალეობას.

რუბენ აუშტროვი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში.

ემიგრაციაში ყოფნისას დაავადდა ასმით და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1937 წლის 23 დეკემბერს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 162.
  • Aushtrov Ruben