ნიკო ნიკოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძე
Nikolos Nikoladze, pro-Western Georgian enlightener and publicist.jpg
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი 1843(1843-09-27)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში
გარდ. თარიღი 5 ივნისი 1928(1928-06-05) (84 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
მოქალაქეობა საქართველო
მეუღლე ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე
შვილ(ებ)ი რუსუდან ნიკოლაძე

ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე (დ. 9 ოქტომბერი [ძვ. სტ. 27 სექტემბერი], 1843, დიდი ჯიხაიში — გ. 5 აპრილი, 1928, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალაქ ფოთის თავი (1894-1914), საქართველოს პარლამენტის წევრი (1917-1920).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ „ცისკარში“ (NN 9 და 10) მოათავსა თავისი პირველი წერილები. 1861 წელს შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს, ჩასვეს პეტრე-პავლეს ციხეში და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. უნივერსიტეტიდან გარიცხული ნიკოლაძე მცირე ხნით არალეგალურად ცხოვრობდა აკაკი წერეთელთან პეტერბურგში და იმყოფებოდა პოლიციის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს დაიწყო თანამშრომლობა რუსულ პრესასთან. 1862 წელს ჟურნალ „ისკრაში“ (NN 11, 12, 28, 29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი „პეტერბურგის მხარეზე“, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. ჩერნიშევსკის დაპატიმრების და გამოცემის დახურვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. 1862 სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ „ნაროდნოე ბოგატსტვოს“ რედაქტორობდა, რომელიც ცენზურამ მალევე დახურა. 1864 წელს ჟურნალ „სოვრემენიკში“ გამოქვეყნდა მისი ნარკვევი „პროვინციული სურათები“.

1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად წავიდა ევროპაში, პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ „სანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. ალექსანდრე გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა „კოლოკოლში“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, «„მოსკოვსკიე ვედომოსტის“ სამსჯავროს წინაშე“, „თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლში“ თანამშრომლობა ნიკოლაძემ გერცენთან და ნიკოლოზ ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში პოლ ლაფარგის მეშვეობით გაიცნოკარლ მარქსი, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაა I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ნიკოლაძეს სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიაჩნდა. 1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“, 1868 წელს ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ „სოვრემენნოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტომი და რომანი „რა ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.

პუბლიცისტური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიიკო ნიკოლაძე 1880 წელს

1870 იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადავიდა და სერგი მესხთან, გიორგი წერეთელთან და კირილე ლორთქიფანიძესთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „დროებას“. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კრებულს“, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1872 წლიდან იყო პარიზში და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით „სხვათა შორის“ ჟურნალ „კრებულში“ გამოაქვეყნა. 1873 პარიზში ცდილობდა ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოგვარებას. იმავე წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დათა მიქელაძესთან და პავლე იზმაილოვთან ერთად გამოსცემდა ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდ გაზეთ „დროშას“ გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა. საზღვარზე მას აღმოუჩინეს საბეჭდი მოწყობილობები და ცენზურის მიერ აკრძალული გამოცემები. ჟანდარმერიას ასევე ჰქნდა ცნობები მის მიერ საზღვარგარეთ მეფის საწინააღმდეგო სტატიების გამოცემის შესახებ. ამის გამო მასზე კვლავ დაწესდა საიდუმლო თვალთვალი. 1873 წელს ნიკოლაძე დაქორწინდა ბოგუმილა ზემიანსკაიაზე. დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „კრებულში“; 1874-1877 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, იყო საქართველოში მოქმედი ხალხოსნური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1875 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოს წევრად. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს იყო „ტიფლისკი ვესტნიკის“, „ჰავასის სააგენტოს“ და „გოლოსის“ კორესპონდენტი ფრონტზე. 1878 წელს მას მოუხსნეს პოლიციის ზედამხედველობდა და დართეს ნება, გამოეცა გაზეთი „ობზორი". ნიკოლაძე აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. 1880 წელს საკრებულოს სხდომაზე მწვავე გამოსვლისა და გაზეთ „ობზორის“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო მთავრობამ გაზეთი დახურა და ნიკოლაძე სტავროპოლის მხარეში გადაასახლა.

1881 წელს ნიკოლაზემ ისარგებლა ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ შექმნილი არეულობით და არალეგალურად გაიქცა ჯერ ტფილისში, შემდეგ პეტერბურგში. პეტერბურგში ნიკოლაძე მონაწილეობდა საიდუმლო მოლაპარაკებებში ნაროდნაია ვოლიასთან, რათა მათ არ მოეხდინათ ტერორისტული აქტი ალექსანდრე III-ის კორონაციის დროს. მოლაპარაკებების შედეეგად ნიკოლაძემ მიაღწია ჩერნისევსკის გათავისუფლებას. მინისტრ მიხეილ ლორის-მელიქიშვილის დახმარებით ნიკოლაძეს გადასახლების ადგილად შეეცვალა კუნძული ნევა და სასჯელის ვადა შეუმცირდა 5 წლამდე. 1881 წელს ნიკოლაძე თანამშრომლობდა ჟურნალში „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“, რომელიც ასევე მალე დახურეს. პეტერბურგში ნიკოლაძე მუშაობდა ასევე რკინიგზის სამმართველოში, სადაც დაამუშავა ნავთობის გადაზიდვის სტრატეგია, რომელიც შემდგომში წარმატებით განხორციელდა. 1883 წელს დაქორწინდა ბიოლოგ ოლღა გურამიშვილზე. 1884 წელს მცირე ხნით გაემგზავრა საზღვარგარეთ.

1886 წელს ამოეწურა გადასახლების ვადა, მცირე ხნით წავიდა საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრრუნდა სამშობლოში. გახდა მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. პოლიცია განაგრძობდა მასზე ფარულ მეთვალყურეობას. დიდ ჯიხაიშში, საკუთარ მამულში მოაწყო სანიმუშო მეურნეობა და დაიწყო მიმდებარე სოფლების სამეურნეო და კულტურული განვითარებისთვის ზრუნვა. 1887-1891 წლებში ტფილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“. 1888 წელს ნიკოლაძეს, როგორც რეჟიმისთვის საშიშ პიროვნებას, აუკრძალეს იმპერატორ ალექსანდრე III-სთან ქუთაისის ტაძარში გამართულ მიღებაზე დასწრება. ნიკოლაძემ მაინც შეაღწია შევედრაზე, მაგრამ ძალის გამოყენებით გააძევეს. 1889 წელს ნიკოლაძე იყო ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „ნახშირის“ დაარსების ინიციატორი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობდა ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობას, ჩართული იყო ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის ხელშეწყობაში. 1894 წლიდან იყო ჟურნალ „მოამბის“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. 1894-1897 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში.“

მოღვაწეობა ფოთის თვითმმართველობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წლის 18 სექტემაირჩიეს ქალაქ ფოთის თავად. ამ თანამდებობაზე შემდგომ წლებშიც ირჩევნდნენ და ფოთის თავის პოსტს ნიკოლაძე 1914 წლამდე იკავებდა. ნიკოლაძემ ფოთის მერობის პერიოდში მიზნად დაისახა ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაცია და ქალაქის განაშენიანება და კეთილმოწყობა ახალი გეგმის მიხედვით. ზრუნავდა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივას.

ნიკოლაძემ გაატარა ღონისძიებები ჭაობების ამოსაშრობად, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. აპირებდა პალიასტომის ტბისა და მდინარე სუფსის დაკავშირებას არხით.[1] 1896 წელს გახსნა ბიბლიოთეკა. 1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულ იქნა ცენტრალური პარკი. 1905 წლის დასაწყისში დამთავრდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ნიკოლაძემ მოახერხა ქალაქსი დაცვა ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმისგან. გადმოცემის მიხედვით ის ქალაქის შესასვლელში შეეგება ალიხანოვ-ავარსკის და გააფრთხილა, რომ ქალაქში საზღვარგარეთული კომპანიები დიდძალ დაზღვეულ ქონებას ფლობდნენ და მისი დაზიანება რუსეთის იმპერიის ხაზინას მოუწევსო. შედეგად, ალიხანოვმა ფოტი არ დაარბია. 1908 წელს ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა. 1911-12 წლებში ფოთში აშენდა 500-ადგილიანი კინოთეატრი. 1912 წლისთვის გაყვანილ იქნა წყალსადენი.

1914 წელს ნიკოლაძე გადააყენეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ბრალდებით. სასამართლომ მთავარ ბრალდებაში ნიკოლაძე გაამართლა, თუმცა მას დაუდასტურდა 4000 მანეთის საჩუქრად მიღება, რის გამოც 8000 მანეთის გადახდა და ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პროცესის დასრულების შემდეგ პეტერბურგში გადასახლდა, თანამშრომლობდა გაზეთ „რუსსკაია ვოლიაში“.

მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი ყრილობის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1917–1918 წლებში ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საბჭოში ის იყო საფინანსო-ეკონომიკური სექციის წევრი, შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური და გზათა კომისიის თავმჯდომარე. არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად. 1917 წელს გახდა ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოების ორგანიზატორი, შემდეგ ჭიათურმანგანუმის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1918 წლის აპრილ-მაისში ჩართული იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიას შორის მოლაპარაკეკებში, იყო ამიერკავკასიის დელეგაციის წევრი. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონაწილეობდა გერმანიასთან შეთანხმების გაფორმებაში. გაგზავნილი იყო გერმანიაში სახელმწიფო დელეგაციის წევრად. საქართველოში დაბრუნდა 1918 წლის ოქტომბერში. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, იყო გზათა კომისიის წევრი.

1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური და საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრი, ის ასევე ითავსებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ფუნქციას. იმავე წლის ოქტომბერში დატოვა დამფუძნებელი კრების მანდატი, რადგან ევროპაში მივლინების გამო ვერ მონაწილეობდა კრების საქმიანობაში. მის ნაცვლად კრების წევრი გახდა შალვა ამირეჯიბი. ნიკოლაძემ ევროპაში შეიტყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ამბავი და ევროპაშივე განაგრძობდა მუშაობას ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩაბმული იყო საზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში. 1922 წლის 3 მარტს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით ხელი მოაწერა საზღვაგრეთის ინტერპარტიული კომიტეტის შეთანხმებას. 1924 წლის მარტში ლეგალურად დაბრუნდა საქართველოს სსრ-ში, ჩაიტანა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციიდან საიდუმლო წერილები აგვისტოს აჯანყების შესახებ დადებითი და უარყოფითი მოსაზრებების შესაჯერებლად. თავად ნიკოლაძე არ უჭერდა მხარს აჯანყების იდეას.

გარდაიცვალა 1928 წელს. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1957 წელს გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე გაანალიზა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედება. მის მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში 1947 წლიდან ფუნქციონირებს ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ფოთში დგას ნიკო ნიკოლაძის კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამეზარდაშვილი, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 431-432.
  • ჯანელიძე, ო., „ნიკო ნიკოლაძე (ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები)“ — თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998
  • ბაქრაძე, ა., ნიკო ნიკოლაძე — თბილისი, „ნაკადული“, 1989
  • „ნიკო ნიკოლაძე და მეფის ოხრანკა ახალი დოკუმენტების მიხედვით“, ჟურნალი „საიტორიო მოამბე“ N52, 1985
  • გამეზარდაშვილი, დ., ნიკო ნიკოლაძე — თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1983
  • ნიკო ნიკოლაძის არქივის კატალოგი (1829-1931). ნაწ. 1-2, თბილისი, 1954-1964;
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955
  • ჯანელიძე ო., უკანასკნელი თერგდალეული, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „ივერია“, N25 გვ. 2 2 თებერვალი, 1895