საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : გიორგი მარგველაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : გიორგი კვირიკაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : ირაკლი კობახიძე
პარტიები პარლამენტში:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 83 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 71 თვითმმართველი თემი.

მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

საქართველოს ტერიტორიულმა მოწყობამ კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო სახე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა მიიღოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდალური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ფეოდალური ხანის საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე ცნობები მწირია. ყველაზე ადრეულ საისტორიო ცნობებს ამის შესახებ ქართლის ცხოვრება გვაწვდის, რომლის თანახმადაც ძველი წელთ-აღრიცხვით დაახლოებით IV-III საუკუნეებში ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა სამეფო შვიდ საერისთავოდ და ერთ ცენტრალურ რეგიონად – სასპასპეტოდ დაჰყო. ეს დაყოფა იმეორებდა ელინისტურ ხანაში გავრცელებულ მოდელს, რომლის ამოსავალიც სახელმწიფოს სამხედრო მართვა-გამგეობა წარმოადგენდა.

ყოველ საერისთაოს ჰქონდა საკუთარი სამხედრო იერარქიული სტრუქტურა: ერისთავი < სპასალარი < ათასისთავი, მოგვიანებით ჩნდება: ნაცვალი < ხევისთავი < ციხისთავი < ასისთავი. ყოველი მათგანი ახორციელებდა სამხედრო, ადმინისტრაციულ და ფისკალურ უფლებამოსილებებს. VI-VIII საუკუნეებში საერისთაოების რაოდენობა გაიზარდა.

XI-XV საუკუნეებში საქართველოს სამეფოს მიწები უკვე დაყოფილია: სახელმწიფო, სასეფო საფეოდალო (საერო ფეოდალების და საეკლესიო-სამონასტრო) მიწებად. პირველი იყოფოდა საერისთავოებად და ხევებად, ხოლო მეორე სამოურავოებად.

ამგვარი ტერიტორიული მოწყობა მთელი ფეოდალური ეპოქის განმავლობაში შენარჩუნდა საქართველოში, თუმცა იცვლებოდა მათი სტრუქტურა და შინაარსი.

რუსეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქვეყნის ადმინიოსტრაციულ ტერიტორიული მოწყობა რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოხდა. მთელს კავკასიას იმპერატორის მიერ დანიშნული მთავარმართებელი მართავდა (შემდგომ მეფისნაცვალი), თვითონ კავკასია კი, ისევე როგორც რუსეთი, გუბერნიებად იყო დაყოფილი. გუბერნიები თავის მხრივ მაზრებად იყოფოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლებიც შედარებით გვიან იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი, გუბერნიების ნაცვლად ოლქები ჩამოყალიბდა. გუბერნიების იმ ნაწილში, სადაც ეროვნული და რელიგიური უმცირესობები ჭარბობდნენ, მაზრების ნაცვლად ოკრუგები შეიქმნა და ისინი გუბერნიის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდნენ.

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი თბილისის და ქუთაისის გუბერნიების საზღვრებში იყო მოქცეული. თბილისის გუბერნიაში შედიოდა: თბილისის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, დუშეთის, თიანეთის, თელავის და სიღნაღის მაზრები და ზაქათალის ოკრუგი, ხოლო ქუთაისის გუბერნიაში - ქუთაისის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ლეჩხუმის და რაჭის მაზრები, სოხუმის, ბათუმის და ართვინის ოკრუგები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ყარსის ოლქში იყო შეყვანილი და ოლთისის და არტაანის ოკრუგები შეადგენდა.

მაზრებში შემავალი სოფლები გაერთიანებული იყვნენ სასოფლო საზოგადოებებში. მაზრის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ქალაქები, რომლებიც მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდნენ. მაზრები აგრეთვე იყოფოდა საპოლიციო უბნებად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს შენარჩუნდა მეფის რუსეთის დროს დამყარებული ტერიტორიული მოწყობა და 1919 წელს იმავე ტერიტორიულ ერთეულებში ჩატარდა მაზრების ერობებისა და ოთხი დიდი ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც 1921 წელს იყო მიღებული, ხელახლა განსაზღვრა საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა. საქართველო იყოფოდა 19 ერთეულად – 18 ოლქი და დედაქალაქი თბილისი. ოლქები ძირითადად ემთხვეოდა ყოფილი მაზრების საზღვრებს მცირეოდენი შესწორებით. გარდა ამისა, განსაზღვრული იყო ზოგიერთი ცვლილება. კერძოდ, ახალციხის და ახალქალაქის მაზრები ერთიანდებოდა ახალციხის ოლქად, დუშეთის და თიანეთის მაზრები – ანანურის ოლქად, ოლთისის და არტაანის ოკრუგები – არტაანის ოლქად. ასევე იქმნებოდა სამი ავტონომიური ერთეული: აფხაზეთის (სოხუმის) ავტონომიური ოლქი; სამუსლიმანო საქართველო (ბათუმის მხარე) და ზაქათალას ოლქი. კონსტიტუციით განსაზღვრული დაყოფა ვერ განხორციელდა, რადგან მისი მიღებიდან 4 დღეში მოხდა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.

საქართველოს სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა შეიცვალა. საქართველო დაიყო უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად, რაიონებად. რაიონებად დაყოფა 1930 წელს განხორციელდა. მათი რიცხვი 60-ზე მეტი იყო. ასეთი წვრილი დაყოფა, მოსახლეობაზე და მეურნეობაზე მკაცრი კონტროლის განსახორციელებლად გაკეთდა. ასევე შეიქმნა სამი ავტონომიიური ერთეული : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 50-იან წლების დასაწყისში შეიქმნა თბილისის და ქუთაისის ოლქები. პირველში გაერთიანდა მთელი აღმოსავლეთი საქართველო (სამხრეთ ოსეთის გარდა), ხოლო მეორეში დასავლეთ საქართველოს რაიონები (აჭარის და აფხაზეთის გარდა). ამ ოლქებმა სულ ორიოდე წელი იარსება და მერე გაუქმდა.

1989 წელს საქართველოში იყო ორი ავტონომიური რესპუბლიკა, ერთი ავტონომიური ოლქი, 69 რაიონი. აქედან ოთხი ქალაქი: ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო და გაგრა საბჭოებზე დამოკიდებულ ტერიტორიებად ითვლებოდა და რაიონის სტატუსი ოფიციალურად არ ჰქონდა. ცალკე ერთეულად ითვლებოდა ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და ტყვარჩელი. 4488 სოფელი (ამ სოფლებიდან 174 დაუსახლებელი იყო) გაერთიანებული იყო 942 სასოფლო საბჭოში.

საქართველოს რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. საქართველოს კონსტიტუციის გარდაქმნის ფარგლებში, ცვლილებები შევიდა თვითმმართველობის ნაწილშიც - სასოფლო და საქალაქო საბჭობს ეწოდათ საკრებულოები. მათი არჩევნები ჩატარდა 1991 წლის 31 აპრილს. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის დასაწყისში, საკრებულოების უმრავლესობამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. 1993 წლიდან ადგილებზე დამყარდა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ქალაქების მერებსა და რაიონის გამგებლებს ნიშნავდა სახელმწიფოს მეთაური. 1994-1996 წლებში შემოღებული იქნა რაიონების 9 დიდი გაერთიანება – მხარე. მხარე არ წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქცია იყო, ზედამხედველობა გაეწია მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვეოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.

2005 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები: გაუქმდა ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობები სოფლებში, თემებში, დაბებში და ქალაქებში. კანონით განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულის 2 სახე:

  • დასახლებათა ერთობლიობა – მუნიციპალიტეტი;
  • თვითმმართველი ქალაქი.

მუნიციპალიტეტები განისაზღვრა ადრე არსებული რაიონების შესაბამისად, ხოლო თვითმმართველი ქალაქები გახდნენ: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი.

2014 განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, მიღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი[1], რომლის თანახმადაც საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა ოდნავ შეიცვალა. თვითმმართველი ერთეული განისაზღვრა როგორც მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის სახით. შეიცვალა შესაბამისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ფორმირების წესიც.

ავტონომიური რესპუბლიკები და მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტონომიური რესპუბლიკები

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მხარეები

  1. კახეთის მხარე
  2. შიდა ქართლის მხარე
  3. ქვემო ქართლის მხარე
  4. იმერეთის მხარე
  5. გურიის მხარე
  6. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე
  7. სამცხე-ჯავახეთის მხარე
  8. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
  9. მცხეთა-მთიანეთის მხარე

საქართველოს დედაქალაქი თბილისი არ შედის არცერთ მხარეში.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში 76 მუნიციპალიტეტია. აქედან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 12 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი.

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა
სახელწოდება ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(ადამიანი)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ადამ/კმ²)
აჟარის მუნიციპალიტეტი აჟარა
თიღვის მუნიციპალიტეტი ავნევი
ერედვის მუნიციპალიტეტი ერედვი
ქურთის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი მესტია 3044.5 14270 4.7
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წალენჯიხა 646.7 40360 62.1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ 619.4 32662 48.6
მარტვილის მუნიციპალიტეტი მარტვილი 880.6 47333 50.7
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდი 665.25 105040 157.89
ხობის მუნიციპალიტეტი ხობი 659.2 41749 62.6
სენაკის მუნიციპალიტეტი სენაკი 520.7 51710 100.1
აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშა 322.5 28500 89
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი 533.1 37800 76
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ოზურგეთი 645 63590 98.58
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩოხატაური 825.1 22900 29.2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაური 410 62500 152.44
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ქობულეთი 711.8 92900 123
ქედის მუნიციპალიტეტი ქედა 452 20317 44.3
შუახევის მუნიციპალიტეტი შუახევი 588 22600 37.2
ხულოს მუნიციპალიტეტი ხულო 710 35500 47.1
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ლენტეხი 1344 8619 6.7
ცაგერის მუნიციპალიტეტი ცაგერი 756 16515 22
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ამბროლაური 1142 12519 16.3
ონის მუნიციპალიტეტი ონი 1712 8372 5.4
ხაშურის მუნიციპალიტეტი ხაშური 585.2 61800 107.1
ქარელის მუნიციპალიტეტი ქარელი 1092.1 51200 46.2
გორის მუნიციპალიტეტი გორი 2310.35 102220 44.24
კასპის მუნიციპალიტეტი კასპი 803.2 52100 65
ჯავის მუნიციპალიტეტი ჯავა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სტეფანწმინდა 1081.7 4900 4.9
დუშეთის მუნიციპალიტეტი დუშეთი 2981.5 33400 11.3
ახალგორის მუნიციპალიტეტი ახალგორი 1011 7600 7.6
თიანეთის მუნიციპალიტეტი თიანეთი 906.3 13400 15.5
მცხეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა 805 57500 90.1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დედოფლისწყარო 2529.2 32 443 12.2
სიღნაღის მუნიციპალიტეტი სიღნაღი 1251 42652 34.8
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საგარეჯო 1491 60396 39.7
გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანი 846 73200 85.8
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ლაგოდეხი 890.2 50300 57.4
ყვარლის მუნიციპალიტეტი ყვარელი 1000 40663 37.7
თელავის მუნიციპალიტეტი თელავი 1077.65 46200 42.87
ახმეტის მუნიციპალიტეტი ახმეტა 2207.6 44100 18.9
საჩხერის მუნიციპალიტეტი საჩხერე 973 47300 48.1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხარაგაული 913.9 27500 30.5
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ჭიათურა 542 55000 184
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ზესტაფონი 423 75400 180.2
თერჯოლის მუნიციპალიტეტი თერჯოლა 357 45000 127.4
ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტყიბული 478.8 30100 65
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბაღდათი 815 28700 35.9
ვანის მუნიციპალიტეტი ვანი 557 33800 61.9
სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამტრედია 364.1 60300 166
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბო 632.3 73600 116.9
ხონის მუნიციპალიტეტი ხონი 428.5 31200 74.1
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდა 1354 34600 25.3
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალქალაქი 1 235 62300 49.4
ასპინძის მუნიციპალიტეტი ასპინძა 825 12700 15.8
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომი 1189 32643 27.2
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალციხე 1010.3 28500 63.9
ადიგენის მუნიციპალიტეტი ადიგენი 799.6 20400 25.9
მარნეულის მუნიციპალიტეტი მარნეული 935 117700 126.4
გარდაბნის მუნიციპალიტეტი გარდაბანი 1304.1 99700 87.7
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისი 804 78700 92.4
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო 1174.5 25372 21.6
დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისი 1198.8 35000 23.4
წალკის მუნიციპალიტეტი წალკა 1050.6 21745 19.8
თბილისი თბილისი 350 1118035 3 194.38
ზუგდიდი ზუგდიდი 64600
ოზურგეთი ოზურგეთი 30 20636 687
თელავი თელავი 16.85 21800 1293
ქუთაისი ქუთაისი 70 149100 2746
ბათუმი ბათუმი 64.9 180000 7293.8
ამბროლაური ამბროლაური 2500
ახალციხე ახალციხე 18452
ფოთი ფოთი 65.8 47700 716.6
გორი გორი 16.85 54700 3246
რუსთავი რუსთავი 60 124908 2081.8
მცხეთა მცხეთა 7700

ოკუპირებული მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი მუნიციპალიტეტის — ახალგორის, აჟარის, თიღვის, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტების[საჭიროებს წყაროს მითითებას] — ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ მუნიციპალიტეტების ორგანოები განთავსებულია თბილისში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]