გიორგი ერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ერაძე (დ. დეკემბერი, 1882, დირბი, გორის მაზრა — გ. იანვარი, 1971, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ერაძე დაიბადა 1882 წლის დეკემბერში, გორის მაზრის სოფელ დირბში. დაამთავრა ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელი.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმისა და ტფილისის კომიტეტების წევრი. თანამშრომლობდა პარტიის ცენტრალურ გამოცემებში და აქტიურად მუშაობდა პროფკავშირებში. ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით "ბრადიაგა", "ბრადინი", და "გიორგი". პრესაში იყენებდა ფსევდონიმებს "ბრ-გა" და "ბრადიაგა. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული (მინიმუმ ორჯერ - 1909 და 1910 წლებში) და გადასახლებული რუსეთში. იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავჯდომარის ამხანაგი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს რეგიონებში. 1919 წლის თებერვალში არჩეული იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1918-1919 წწ. შრომის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტს იკავებდა, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად. დამფუძნებელი კრების მიერ მინიჭებული მანდატით 1921 წლის მარტში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, იყო სოციალ - დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს, დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის და ლევილის ქართული მამულის მართველი საზოგადოების წევრი. 1949-1970 წწ. იყო ლევილის ქართული მამულის საზოგადოების მართველი. აქტიური წვლილი შეიტანა ლევილის მამულის განვითარებაში და მთავრობის არქივის შენახვის საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 225.