შინაარსზე გადასვლა

ზაქათალის ოლქის ავტონომია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქათალის ოლქის ავტონომია — ავტონომიური ერთეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, ყოფილი ზაქათალის ოკრუგის ტერიტორიაზე. ავტონომიის სტატუსი განისაზღვრა 1921 წლის კონსტიტუციით (მუხლი 107).

სადავო ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ზაქათალის ოკრუგის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა აზერბაიჯანმა. 26 ივნისს ზაქათალის ოკრუგში მოქმედმა აზერბაიჯანელთა ეროვნულმა საბჭომ მიიღო ოლქის აზერბაიჯანთან შეერთების დადგენილება, მაგრამ მოითხოვა ავტონომია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა. 1919 წლის 26 ნოემბერს გამართულმა მეორე ყრილობამ კატეგორიულად დააყენა ავტონომიის საკითხი. 1920 წლის აპრილამდე, აზერბაიჯანის საბჭოთა ოკუპაციამდე, ზაქათალის ოკრუგი დე-ფაქტო ორმხრივი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველო-რსფსრ შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა, თუმცა აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მოთხოვნით საქმე გადაისინჯა. 1920 წლის 3-6 და 9-12 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დაიდო აღსთაფის საზავო შეთანხმება, რომლის თანახმად ზაქათალის საკითხი გადაწყდებოდა ორმხრივი კომისიის მიერ, მანამდე არცერთი მხარე ჯარებს არ შეიყვანდა ოლქში.

საქართველოს ოკუპაციისა შემდეგ ზაქათალის ოლქი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში შედიოდა. რუსეთის კომპარტიის კავბიუროს ზეწოლის შედეგად, საქართველოს რევკომი დათანხმდა ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის სსრ-სადმი გადაცემას. ეს ფაქტი დაფიქსირდა 1921 წლის 5 ივლისის საქართველო-აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე (დადგენილების მე-4 პარაგრაფი), შემდეგ იურიდიულად გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს შორის 1921 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილ სასაზღვრო შეთანხმებით (მე-3 მუხლი).

  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 170.
  • ურატაძე გ., ნამდვილი და ყალბი ისტორია, პარიზი, 1958. — გვ. 77-84.