შინაარსზე გადასვლა

ირაკლი წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირაკლი წერეთელი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ირაკლი წერეთელი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი (2 დეკემბერი), 1881[1] [2] [3]
დაბადების ადგილი გორისა, შორაპნის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1959(1959-05-20)[4] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
აშშ
ეროვნება ქართველი
რელიგია ათეიზმი
პარტია რსდმპ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა გიორგი წერეთელი
დედა ოლიმპიადა ნიკოლაძე
ნათესავები ნიკო ნიკოლაძე (ბიძა), ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (დედინაცვალი)

ირაკლი (კაკი) წერეთელი (დ. 20 ნოემბერი, 1881, გორისა — გ. 20 მაისი, 1959, ნიუ-იორკი) — ქართველი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ორატორი, სოციალ-დემოკრატი. მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩამოყალიბდა მამის, გიორგი წერეთლისა და ბიძის, ნიკო ნიკოლაძის, გავლენით. იყო მენშევიკების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი რუსეთში, პოპულარობა და ორატორის სახელი მოიხვეჭა 1907 წელს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლებით.

ოპოზიციური საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო გადასახლებული ციმბირში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდა პეტროგრადის საბჭოსა და რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი. იმავე წელს გაემიჯნა ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ოქტომბრის გადატრიალებას და დაბრუნდა საქართველოში, სადაც ნოე ჟორდანიას ლიდერობით ჩაება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში, ასრულებდა სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებს ეროვნულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გარეშე.

იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. წერეთელი საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ და უფრო და უფრო პოლიტიკურად იზოლირებული ცხოვრობდა ემიგრაციაში საფრანგეთსა და აშშ-ში, სადაც 1959 წელს გარდაიცვალა.

ირაკლი წერეთელი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ გორისაში, ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი წერეთლისა და ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დის, ოლიმპიადა ნიკოლაძის ოჯახში. ჰყავდა უფროსი და-ძმა ელენე (1877-1950) და ლევანი (1879-1918). ელენე დაქორწინებული იყო საფრანგეთის მოქალაქეზე და ცხოვრების დიდი ნაწილი ლაონში გაატარა. ლევანი გარდაიცვალა ტუბერკულოზით ოჯახის მამულში.[5]

ორი წლის ასაკში დაკარგა დედა და საცხოვრებლად გადაიყვანეს ქუთაისში გაუთხოვარ დეიდებთან, კატოსთან და ანიჩკასთან. ხოლო მამამისი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ხშირად აგრძელებდა ბავშვების მონახულებას[6] ქუთაისში ცხოვრების დროს შეესწრო ინციდენტს, როცა ბიძამისმა გაშოლტა მსახური. ამან წერეთელზე დიდი კვალი დატოვა და დაარწმუნა არსებული პატრიარქალურ-იერარქიული სისტემის უსამართლობაში.[7]

ქუთაისი 1885 წელს. აქ გაატარა ბავშვობა ირაკლი წერეთელმა

წერეთლის პიროვნების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა, რომელიც მიეკუთვნებოდა მცირერიცხოვან ქართულ უტიტულო ინტელიგენციას, მიუხედავად იმისა, რომ წერეთლების საგვარეულო არისტოკრატიული წარმოშობის იყო. წერეთლის ბიძა და მამა იყვნენ თერგდალეულების წარმომადგენლები, რომლებიც გამოეყვნენ მას და დააარსეს მეორე დასი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1870-1880-იანი წლების ადგილობრივ პოლიტიკაში. სწორედ ხალხოსანი ბიძის გავლენით განუვითარდა ირაკლი წერეთელს ნაკლები მიდრეკილება ქართული ნაციონალიზმისკენ.[8]

მოგვიანებით წერეთელი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში სასკოლო განათლების მისაღებად. თბილისში ის ცხოვრობდა მამასთან და დედინაცვალ ანასტასია თუმანიშვილთან ერთად.[9] თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გაეცნო ჩარლზ დარვინის ნაშრომებს და დისტანცირდა რელიგიისგან. ამასთან თავი დაანება ლიტერატურისა და პოეზიისადმი მისწრაფებას, რაც ადრე მამამ და და მასწავლებლებმა გაუღვივეს და 1900-1901 წლებში მამამისის გაზეთ „კვალში“ პტრიოტულ ლექსებსაც კი აქვეყნებდა.[10] გიმნაზიის მოსწავლეობის დროს გაეცნო ნიკოლაი ჩერნიშევსკისა და ნიკოლოზ დობროლიუბოვის ნაშრომებს და მათი გავლენით დაინტერესდა რევოლუციური საქმიანობით.[11]

1900 წელს გარდაიცვალა გიორგი წერეთელი. ირაკლი წერეთელმა იმავე წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.[12] სტუდენტი წერეთელი მალევე ჩაერთო მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებში.[13] ამ დროს ის ჯერ კიდევ არ იყო მარქსისტი[14] მისი ზუსტი როლი 1901 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში უცნობია.[15] იმ დროს ის დააპატიმრეს და ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯეს; მოგვიანებით ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ შემოდგომისთვის გამოცდების ჩასაბარებლად მოსკოვში დაბრუნების უფლება მიიღო.

მეორედ ის დააპატიმრეს 1902 წელს. ზამთრის საპროტესტო აქციების დროს წერეთელი მოსკოველი სტუდენტების ლიდერი გახდა. სტუდენტების სახელით შეხვდა განათლების მინისტრს, რომელმაც უარყო მათი მოთხოვნები. წერეთელი, სხვა სტუდენტებისა და პროფესორებისგან განსხვავებით, პროტესტის უნივერსიტეტის გარეთ გაფართოების და მათ მოთხოვნებში პოლიტიკური საკითხების ჩართვის მომხრე იყო.[16] 22 თებერვალს მისი ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ სტუდენტების მოთხოვნებში პოლიტიკური საკითხების ჩართვის მომხრეები. მიღებულ რეზოლუციას აშკარად სოციალ-დემოკრატიული ხასიათი ჰქონდა და შეხვედრის შემდეგ პოლიციამ ყველა დამსწრე დააკავა. წერეთელი აპრილის შუა რიცხვებში გაასამართლეს და დაკავებულებს შორის ყველაზე მკაცრი სასჯელი — ხუთწლიანი შიდა გადასახლება — მიუსაჯეს. მალე ხელისუფლებამ შეწყალება შესთავაზა, რაც სტუდენტებმა უარყვეს.[17] ციმბირში გადასახლების დროს წერეთელი გახდა მარქსისტი, თუმცა მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო არა მარქსისტული თეორიის შესწავლით, არამედ იმ მუშებთან ერთად თანამშრომლობით, რომლებიც შეუერთდნენ სტუდენტებს.[18] გადასახლების პირველი თვეები წერეთელმა გაატარა ირკუტსკის გუბერნიის დაბა ტულუნში, ხოლო 1902 წლის ზაფხულში მას მისცეს ირკუტსკში გადასვლის უფლება. გადასახლების დროს ეცნობოდა მარქსისტულ ლიტერატურას, რისი დროც მანამდე არ ჰქონია. წაიკითხა ლენინის „რა ვაკეთოთ?“, რომელიც არ გაიზიარა და მას შემდეგ ურყევი ანტილენინელი გახდა.[19] ერთ წელზე ოდნავ მეტის შემდეგ მთავრობამ შეიწყალა გადასახლებული სტუდენტები. წერეთელი გააერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც 1903 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.[20]

პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხიდან გათავისუფლებული წერეთელი დაბრუნდა სამშობლოში. გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტიის მენშევიკებად და ბოლშევიკებად გაყოფის შემდეგ ქართველი მარქსისტები, რომლებიც უკვე დიდ მოძრაობას წარმოადგენდნენ, თითქმის ერთხმად დადგნენ მენშევიკების მხარეს.[21] სხვა ქართველი სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, წერეთელი ბოლომდე ინარჩუნებდა ინტერნაციონალისტურ შეხედულებებს.[22] წერეთელი გახდა პარტიის ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარე და „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი. ამ დროს „კვალი“ ქართველი მარქსისტების ლეგალური ორგანო იყო. „ყვირილელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატიები „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური“, „აკაკანებული მამულიშვილები“ (N17), „თქვა და გაიქცა“ (N18), „ბ. ფ. გოგიჩაიშვილი და საზოგადო მოღვაწეობა“ (N29), „თეატრს რას ვუწუნებთ“ (N30).[23] მისმა რამდენიმე წერილმა გამოიწვია „ივერიასთან“ და „ცნობის ფურცლთან“ ცხარე კამათი. მისი ხელმძღვანელობით „კვალი“ იქცა კიდევ უფრო გამოკვეთილად მარქსისტულ გაზეთად.[13] წერეთელმა გააგრძელა „კვალის“ წინა რედაქტორის, ნოე ჟორდანიას ხაზი, დაუპირისპირდა მეორე დასის თაობას და სოციალიზმი და ეროვნული განვითარება ერთმანეთს დაუკავშირა. წერეთელი წერა, რომ სომხურ ბურჟუაზიასთან დაპირისპირებული ქართული ნაციონალიზმი ცრუ მამულიშვილობა იყო და ერის ჭეშმარიტი ინტერესების დამცველი მუშათა კლასი იყო[24]

ირაკლი წერეთელი 1904 წელს მეტეხის ციხეში

1904 წლის იანვარში ის სხვა 70 სოციალ-დემოკრატთან ერთად დააპატიმრეს და ორი თვე მეტეხის ციხეში გაატარა, ხოლო მარტში მთავრობამ „კვალი“ აკრძალა.[25] ნიკო ნიკოლაძის ჩარევით მას ემიგრაციაში წასვლის უფლება მისცეს და წერეთელი დასახლდა ბერლინში, სადაც წელიწადნახევარი გაატარა. იურიდიული ფაკულტეტის დასასრულებლად შევიდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1905 წლის მაისში ჟენევაში კონსპირაციულად მიიღო მონაწილეობა მენშევიკთა კონფერენციაში.[26] ბერლინში წერეთელი იყო უსახსროდ, უმეგობროდ და ჰემოფილიით დაავადებული, ამიტომ მისმა დამ, ელენემ, მატარებლით, საკაცეზე მწოლიარე ჩაიყვანა სამშობლოში, ქუთაისში.

თავრიდის სასახლის ინტერიერი, აქ იმართებოდა II მოწვევის დუმის სხდომები 1907 წლის გაზაფხულზე

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში დაბრუნებული წერეთელი პოლიტიკურად არ აქტიურობდა, მაგრამ ის ნოე ჟორდანიამ დაარწმუნა ეყარა კენჭი რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ქუთაისის გუბერნიიდან.[27] წერეთელმა გაიმარჯვა 1906 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებში.[28]. სათათბირო მოწვეულ იქნა 1907 წლის მარტში. წერეთელი გაწევრიანდა აგრარულ კომიტეტში, ხელმძღვანელობდა სათათბიროში არჩეულ 7 ქართველ სოციალ-დემოკრატ დეპუტატსაც[29] და არჩეულ იქნა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ, რომლის შემადგენლობაში 65 დეპუტატი შედიოდა.[30] მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის წერეთელი სათათბიროს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი იყო, და მიუხდედავად იმისა, რომ მასეწინააღმდეგებოდნენ კადეტები და ბოლშევიკები, წერეთელი მალე იქცა ლიდერად. სათათბიროში საქმიანობის დროს წერეთელი იცავდა რუსულ ავტოკრატიასთან მებრძოლ ყველა ჯგუფს, მათ შორის მემარჯვენეებს, მოიპოვა საუკეთესო ორატორის რეპუტაცია[31] სათათბიროში საქმიანობის სამი თვის განმავლობაში სამი მნიშვნელოვანი სტყვა წარმოთქვა მათ შორის იყო 6 მარტის სხდომაზე მისი გამოსვლა პეტრე სტოლიპინის წინააღმდეგ. ამ გამოსვლამ წერეთელი აქცია ოპოზიციის აღიარებულ ლიდერად სათათბიროში.[32]

1907 წლის მაისში ლონდონში მონაწილეობა მიიღო რსმდპ V ყრილობაში, სადაც გაიცნო პაველ აქსელროდი. ყრილობაზე ის იყო ძირითადი მომხსენებელი სათათბიროში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მუშაობის შესახებ.[32] ყრილობაზე წერეთელი სიტყვით გამოვიდა და ბოლშევიკების საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირა სოციალ-დემოკრატების კონსტრუქციულ თანამშრომლობას დუმაში სხვა ფრაქციებთან, მათ შორის კატედებთან მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.[33]

იძულებით გადასახლებულ სოციალისტთა ჯგუფი ირკუტსკში. ირაკლი წერეთელი ზის სკამზე მარცხნიდან პირველი. მასთან ერთად არიან თეოდორ დანი, ვლადიმერ ვოიტინსკი, აბრაამ გოცი და სხვები

2 ივნისს იმპერატორმა სათათბირო დაითხოვა, წერეთელს ნოემბერში მიესაჯა 5 წლით კატორღა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატორღა შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთით, რომლის უმეტესი ნაწილი სამარტოო საკანში გაატარა.[34]დედაქალაქში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1909 წლის ზამთარში წერეთელი სამხრეთ უკრაინაში გადაიყვანეს და შემდეგი ოთხი წელი მიკოლაივის ციხეში გაატარა.[35] 1913 წელს ის გადაიყვანეს ირკუტსკის გუბერნიის ციხეში, შემოდგომაზე კი მისცეს უფლება დასახლებულიყო იმავე გუბერნიის სოფელ უსოლიეში.

გადასახლებაში ყოფნისას აქტიურობდა პოლიტიკურად. თეოდორ დანთან ერთად გააერთიანა გადასახლებული სოციალ-დემოკრატები, ზომიერი ინტერნაციონალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ყოფილი ბოლშევიკები. გადასახლებაში ყოფნის დროს ის გახდა ლიდერი „რევოლუციური ობორონცების“ ახალი მიმდინარეობისა, რომელსაც „ციმბირელი ციმერვალდისტები“ უწოდეს.[32][36] ეს მიმდინარეობა გულისხმობდა მსოფლიო ომის წინააღმდეგობას და მშვიდობის მხარდაჭერას, რომლის მიღწევაც, წერეთლის აზრით, მეორე ინტერნაციონალის აღდგენას შეეძლო.[37] თუმცა წერეთელი გარკვეულ პირობებში ერების მიერ საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლის ლეგიტიმურობას აღიარებდა.[38]წერეთელმა გამოაქვეყნა სამი სტატია რუსულ ენაზე „ინტერნაციონალი და ომი“, „დემოკრატია მეომარ რუსეთში“ და „ორი წლის განმავლობაში“. მეტი სტატია წერეთელმა სამთავრობო ცენზურის გამო ვეღარ გამოაქვეყნა, თუმცა გამოქვეყნებული სტატიები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვი, რომ გადასახლებაში მყოფ წერეთელს პოლიტიკური აქტუალურობა შეენარჩუნებინა.[37]

თებერვლის რევოლუციის ლიდერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტროგრადის საბჭოს წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წერეთელი (ზის წინა რიგში მარჯვნივ) პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს სხდომაზე, 1917 წელი

თებერვლის რევოლუციას წერეთელი ციმბირში შეხვდა. რევოლუციის შემდეგ ცოტა ხნით ხელმძღვანელობდა ირკუტსკის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს ფორმირებას.[32] ირკუტსკის მთავრობაში ლიბერალებთან მარტივმა თანამშრომლობამ წერეთლი დაარწმუნა ქვეყნის სამართავად ლიბერალურ-სოციალისტური კოალიციის აუცილებლობაში.[31] ირკუტსკის მთავრობაში წერეთელმა გაატარა ორი კვირა და მიუხედავად ავადმყოფობისა, გადაწყვიტა პეტროგრადში წასვლა. პეტროგრადში წერეთელი დაბრუნდა მატარებლით, მეორე დუმის ყოფილ კოლეგებთან ერთად. გზად მატარებელი ჩერდებოდა, რათა პოლიტიკოსებს მიემართათ მიმდებარე დასახლებებში შეკრებილი ხალხისთვის, თუმცა ავადმყოფობის გამო წერეთელი გამოსვლებში არ მონაწილეობდა.[39] პეტროგრადში წერეთელი ჩავიდა 19 მარტს პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან. მას ხალხი ფართო მიტინგით შეეგება რკინიგზის სადგურზე.[40]

წერეთელი თავადაც შევიდა პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის შემადგენლობაში და გახდა მისი წამყვანი ფიგურა.[34]მან საბჭოს საქმიანობა გახადა ეფექტიანი და დისციპლინირებული. საბჭოში წერეთელი ხელმძღვანელობდა მენშევიკურ ფრაქციას და მოახერხა ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რომელსაც მხარს უჭერდნენ არამხოლოდ მენშევიკები, არამედ ზოგიერთი ბოლშევიკი და ესერი ლიდერიც.[41] წერეთელი იყო საბჭოს მთავარი წარმომადგენელი დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებებში.[42] წერეთელი სწრაფად იქცა მენშევიკების აღიარებულ ლიდერად რუსეთში.[43]

თავდაპირველად იყო წინააღმდეგი სოციალისტების გაწევრიანებისა დროებით მთავრობაში, მაგრამ ლენინის „აპრილის თეზისების“ შემდეგ, რომელიც მან გააკრიტიკა, დარწმუნდა დროებითი მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობაში იმ პირობით, რომ სოციალისტი მინისტრები ანგარიშვალდებული დარჩებოდნენ პეტროგრადის საბჭოს წინაშე. წერეთელი ფიქრობდა, რომ თუ სოციალისტები და ლიბერალები არ ითანამშრომლებდნენ, არასტაბილურობა გაგრძელდებოდა და ეს რევოლუციის წარუმატებლობას და თვითმპყრობელობის დაბრუნებას გამოიწვევდა.[44] ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ძალაუფლების პროლეტარიატის მიერ აღებას, რადგან ეს, მისი აზრით, კონტრრევოლუციასა და სამოქალაქო ომს გამოიწვევდა.[45]

წერეთელი და „რევოლუციის ობორონცები“ მხარს უჭერდნენ გერმანიის იმპერიის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას[31]წერეთელი ეწინააღმდეგებოდა გერმანიასთან სეპარატული ზავის დადებას და ემხრობოდა შეტევაზე გადასვლას, რადგან შეცდომით მიაჩნდა, რომ არმია მზად იყო შეტევისთვის.[46] მან მოახერხა საბჭოს უმრავლესობის მობილიზება გერმანიასთან ფრონტზე შეტევის მხარდასაჭერად.[47]

რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 მაისს წერეთელი შეუერთდა რუსეთის დროებით კოალიციურ მთავრობას, რომელსაც გიორგი ლვოვი უძღვებოდა, როგორც ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრი. ეს თანამდებობა შექმნილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ წერეთელი გამხდარიყო მთავრობის წევრი.[48] ამ დროს წერეთელი დარწმუნებული იყო, რომ მინისტრის პოსტის დაკავება მის რეპუტაციას გაანადგურებდა, მაგრამ ეს მიაჩნდა აპრილის კრიზისის შემდეგ სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელ მსხვერპლად.[49] რეალურად წერეთელი მინიმალურად მონაწილეობდა სამინისტროს საქმეებში.[50] ის უფრო მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობდა და ბევრ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. ვიქტორ ჩერნოვი მას „ზოგად საქმეთა მინისტრს“ ეძახდა.

მონაწილეობდა სხვადასხვა საშინაო პოლიტიკურ საკითხებში: არმიის რეორგანიზაციის მცდელობაში, კრონშტადტის საბჭოს მთავრობის ხელისუფლებისთვის ნაწილობრივ დამორჩილებაში, შრომისა და გლეხობის საკითხებში და დამფუძნებელი კრების მოწვევის თარიღის შესახებ დებატებში.[51] მთავრობაში წერეთელი, მიუხედავად მუდმივი პოლიტიკური კრიზისებისა, მხარს უჭერდა მხარს სოციალისტებსა და ლიბერალებს შორის კოალიციის შენარჩუნებას. ამისთვის წერეთელი ცდილობდა მუშათა და გლეხთა მოთხოვნების შერბილებას, რათა შეენარჩუნებინა სოციალისტებსა და ლიბერალებს შორის კოალიციური შეთანხმება.[52] იბრძოდა რუსეთის ერთიანობისათვის და ყველა გზით ცდილობდა, არ დაეშვა ქვეყნის რღვევა და სამოქალაქო ომი. მხარი დაუჭირა ბოლშევიკების მხარდამჭერი სამხედრო ძალების განიარაღებას.[53] წერეთელი ასევე მხარს უჭერდა ბოლშევიკების გარიცხვას სრულიად რუსეთის საბჭოებიდან, ადანაშაულებდა რა მათ რევოლუციის და დემოკრატიული წესრიგის ღალატში. ამ საკითხის გამო დაუპირისპირდა თეოდორ დანს, რომელიც მანამდე მისი მოკავშირე იყო.[54]

1917 წლის 4 ივნისს სრულიად რუსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღლა განაცხადა: „ამჟამად რუსეთში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობდეს: „მოგვეცით ძალაუფლება, წადით თქვენ და ჩვენ დავიჭერთ თქვენს ადგილს!“. წერეთელს უპასუხა ლენინმა რეპლიკით „არის ასეთი პარტია! ეს არის ბოლშევიკების პარტია!“. დარბაზიდან წამოსროლილი ლენინის რეპლიკა ისტორიულ ფრაზად იქცა.[55]

რუსეთის დროებითი მთავრობა, მეორე კოალიცია, ირაკლი წერეთელი (N11) შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 1917 წლის ივლისი

წერეთელი მხარს არ უჭერდა რუსეთში შემავალი ხალხების დამოუკიდებლობას, რადგან ეს მიაჩნდა საზიანოდ ქვცეყნის თავდაცვისთვის, თუმცა მზად იყო ფინეთისა და უკრაინისთვის გარკვეული ხარისხის ავტონომიისთვის, თუ ეს ზიანს არ მიაყანებდა საერთო თავდაცვას.[56] ივნისის ბოლოს კერენსკისთან, ნეკრასოვთან და ტერეშჩენკოსთან ერთად მონაწილეობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებში. [57] მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით უკრაინა ნებას რთავდა რუსეთს, გაეგრძელებინა თავდაცვითი ომი უკრაინის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ, სანაცვლოდ მიიღებდა მეტ ავტონომიას. ამ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს კადეტმა მინისტრებმა და მასობრივად გადადგნენ, რითაც დასრულდა პირველი კოალიციური მთავრობა. წერეთლის მცდელობები, მიეღწია შეთანხმებისთვის კადეტებთან, წარუმატებლად დასრულდა.[58] მომდევნო დღეს დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები, რაც ივლისის დღეების სახელითაა ცნობლი. სოციალისტი ლიდერები წერეთლის სახლში შეიკრიბნენ ვითარების განსახილველად. წერეთელი გამოდიოდა ექსკლუზიურად სოციალისტური მთავრობის ჩამოყალიბების იდეის წინააღმდეგ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ის კვლავ იცავდა სოციალისტებსა და ბურჟუაზიას შორის თანამშრომლობის იდეას და აზრი ვერ შეაცვლევინა ვერც მასების რადიკალიზაციამ, ვერც მთავრობისა და პეტროგრადის საბჭოს მხარდაჭერის დაკარგვამ. ივლისის დღეების დროს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ანარქო-კომუნისტების და ბოლშევიკების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებს, რომლებსაც კონტრრევოლუციურს უწოდებდა[59]

ივლისის ბოლო ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობის ახალი შემადგენლობა ალექსანდრე კერენსკის მეთაურობით, რომლის შემადგენლობაში წერეთელმა დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ორი კვირით. კერენსკის ფრონტზე ყოფნის გამო ის ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა მთავრობას და ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას[60] და განაგრძობდა სოციალისტებსა და ლიბერალებს შორის კოალიციის დაცვას.[61] სამთავრობო პოლიტიკით და ავადმყოფობით გადაღლილმა წერეთელმა 24 ივლისს მან თანამდებობა დატოვა პეტროგრადის საბჭოში საქმიანობის გაგრძელების მოტივით.[62] ის საბჭოდან აგრძელებდა ახალი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას, თუმცა მისი პოლიტიკური გავლენა შემცირებული იყო.[63]

ბოლშევიკურ გადატრიალებამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერეთელმა გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური გავლენა და კერენსკის პატიმრობიდან გაათავისუფლებინა ლევ ტროცკი, რომელიც ივლისის დღეების გამო იყო დაკავებული. წერეთელს სურდა პეტროგრადის საბჭოში ბოლშევიკების მხარდაჭერის მოპოვება კადეტების წინააღმდეგ, თუმცა ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და ლევ ტროცკიმ თავად მოახერხა პეტროგრადის საბჭოში უმრავლესობის მოპოვება ბოლშევიკებისთვის.[64]

წერეთელმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ლავრ კორნილოვის გადატრიალების ჩაგდებაში, დაარწმუნა რა ჯარისკაცები, რომ მათ რევოლუციის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.[65]პეტროგრადის საბჭოს მიერ 31 აგვისტოს მიღებული ბოლშევიკური რეზოლუციის გამო აღმასკომის პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად გადადგა 14 სექტემბერს.[32] წერეთელმა მაინც მოახერხა და ხელი შეუწყო მესამე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, ისევ კერენსკით სათავეში.[66]სექტემბერში წერეთელი ჟორდანიასთან, მარტინოვთან და პოტრესოვთან ერთად იყო მენშევიკების მთავარი მომხსენებელი, რომლებსაც სრულიად რუსეთის დემოკრატიული კონფერენცია უნდა მოემზადებინა, მაგრამ ამ კონფერენციამ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.[67]

რსდმპ-ის მენშევიკური ფრაქციის სიით არჩეულ იქნა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში.[32] 1917 წლის 5 ოქტომბერს ჩავიდა საქართველოში, სადაც ათლი წლის განმავლობაში არ იყო ნამყოფი, გამოჯანმრთელების და ოჯახის მონახულების მიზნით. იქ წაიკითხა ლექცია „ომი და რევოლუცია“.[68] წერეთელს სჯეროდა, რომ კერენსკის მთავრობა საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ გაეძლო რუსეთის დამფუძნებელი კრების პირველ სხდომამდე.[69]წერეთლის შეცდომა იყო, რომ ის ბოლშევიკებს სერიოზულ საფრთხედ ვერ აღიქვამდა და გიორგი პლეხანოვის შეფასებით წერეთელმა და მისმა მეგობრებმა თავისდა უნებლიეთ გაუკვალეს ლენინს გზა.[64]

წერეთელი საქართველოში ერთ თვეს დარჩა და იქ გაიგო ოქტომბრის გადატრიალების შესახებ, რომელსაც მხარს არ უჭერდა და დაბრუნდა პეტროგრადში. წერეთელი იცავდა დამფუძნებელ კრებას, როგორც ერთადერთ ლეგიტიმური ორგანოს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის მმართველობის ფორმა.[34]ის, როგორც წამყვანი მენშევიკი პოლიტიკოსი და დამფუძნებელი კრების წევრი, საფრთხეს წარმოადგენდა ახალი ბოლშევიკური რეჟიმისთვის და 18 დეკემბერს ჩეკამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის მიუხედავად, წერეთელი დარჩა პეტროგრადში და 1918 წლის 5 იანვარს გამოვიდა სიტყვით დამფუძნებელი კრების ერთადერთ სხდომაზე, დაგმო მომხდარი, მკაცრად გააკრიტიკა ბოლშევიკური მთავრობა და გააფრთხილა მოძალადენი: „დამპყრობთა პოლიტიკა განუხრელად მიიყვანს მათ ძალაუფლების დაკარგვასთან“. მისმა გამოსვლამ კრების მემარცხენე ფრთა გააბრაზა. გამოსვლის შემდეგ ლენინმა მას ურჩია, უსაფრთხოების მიზნით სამშობლოში დაბრუნებულიყო.[70] ბოლშევიკების მიერ დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში წასულიყო. წერეთელი ვლადიმერ ვოიტინსკისთან ერთდ მატარებლით გაემგზავრა თბილისში.[71]

მოღვაწეობა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნულ საბჭოში სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. იყო საქართველო წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო პირველი სამხედრო შტაბის წევრად.[68] 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოში დაბრუნებული წერეთელი ამიერკავკასიას რუსეთის განუყოფელ ნაწილად განიხილავდა, ეწინააღმდეგებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს და ამიერკავკასიის ტერიტორიების დათმობას ოსმალეთის იმპერიისთვის, ელოდებოდა ლენინის მთავრობის დასასრულს და იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის პროლეტარიატი დემოკრატიულ დამფუძნებელი კრებას აღადგენდა. ის ამ პოზიციაზე რჩებოდა ამიერკავკასიაში ოსმალეთის სამხედრო აგრესიის მოიუხედავად.[72]

1918 წლის 26 მაისს გამოვიდა სიტყვით ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელ სხდომაზე.[73] წერეთელს არ შეუსრულებია წამყვანი როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, მაგრამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.[68] 1919 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, იყო მე-4 ადგილზე პარტიის საარჩევნო სიაში. კრებაში წერეთელი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ჩაუდგა სათავეში. წერეთელი აქტიურად არ იყო ჩართული შინაურ საქმეებში და ასრულებდა მთავრობის და პარტიის წარმომადგენლის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში. 1919 წელს ნიკოლოზ ჩხეიძესთან ერთად იყო ქართული დელეგაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. რაკი წერეთელი და ჩხეიძე შიდა პოლიტიკაში დიდ როლს არ ასრულებდნენ, შესაძლებელი იყო ქვეყნიდან მათი ხანგრძლივი გამგზავრება.[74] კონფერენციაზე ქართული დელეგაცია ცდილობდა საქართველოს დე-იურე აღიარების მოპოვებას. 1920 წლის იანვარში, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენელმა, მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში ბრიტანეთის მთავრობასთან შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა ბრიტანეთის დახმარების შესაძლებლობა კავკასიის რესპუბლიკებისთვის საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში.[75] 1920 წლის ზაფხულიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო მეორე ინტერნაციონალში. მონაწილეობდა მეორე ინტერნაციონალის მეათე კონგრესში ჟენევაში. მისი ძალისხმევით 1920 წლის აგვისტოში საქართველოს ეწვია მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია და კარლ კაუცკი. სწორედ მისი და ნიკოლოზ ჩხეიძის ძალისხმევით მიიღო ბმეორე ინტერნაციონალმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის შემადგენლობაში დამოუკიდებელ წევრად.[68]

ირაკლი წერეთელი (დგას მარჯვნიდან მეორე) ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად პარიზში, ნიკოლოზ ჩხეიძის დაკრძალვაზე, 1926 წლის 15 ივნისს

1920 წლის დეკემბრიდან ექიმის რეკომენდაციით ისვენებდა საფრანგეთის ქალაქ ლაონში დასთან, ელენე დემოლონთან.[76] იქ გაიგო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ და ოქტომბრიდან შეუერთდა ემიგრირებულ მთავრობას.[77] გახდა წევრი ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ჩამოყალიბებული ცენტრალური სააგიტაციო-საპროპაგანდო კომისიისა, რომლის მიზანი ევროპაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროპაგანდა იყო.[78] ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გამოდიოდა საერთაშორისო კონფერენციებზე და იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონის კონფერენციაზე წარსადგენი დოკუმენტური მასალის დამუშავებაში.[79] 1921 წლის ოქტომბერში გამოვიდა საფრანგეთის სოციალისტთა კონგრესზე, 1922 წლის 2 აპრილს მეორე ინტერნაციონალის ბერლინის კონფერენციაზე, იმავე წლის 18-20 ივნისს ლონდონის კონფერენციაზე, 1924 წლის 24-28 სექტემბერს ლონდონში ჩატარებულ ინტერნაციონალის აღმასკომზე, 1925 წლის 25-27 აგვისტოს მარსელში სოციალისტური ინტერნაციონალის II კონგრესზე.[80] 1922 წელს მან წარუმატებლად სცადა სამი სოციალისტური ინტერნაციონალის გაერთიანება.[81].

მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ, ფრანგულ, რუსულ, სკანდინავიურ და გერმანულ გამოცემებში.[68] ემიგრაციაში ცხოვრობდა გაჭირვებაში, წერდა მემუარებს, აწუხებდა გადასახლება და მზარდი უთანხმოება საკუთარ პარტიასთან.[82] წერეთელი რჩებოდა ინტერნაციონალისტეად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატი ლიდერები, მათ შორის ნოე ჟორდანია, ნაციონალიზმისკენ იყვნენ გადახრილები. იყო მეორე ინტერნაციონალის აღმასკომის წევრი. უარყოფდა მოსაზრებას, რომ ბოლშევიკური მმართველობა რუსული ცარისტული მმართველობის იდენტური იყო.[83] ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების იდეას. ივლისში მან წერილით მიმართა ევროპის სოციალისტურ პარტიებს და გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრების მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესი და რეპრესიები.[84] 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[85] უარს ამბობდა ქართველ ნაციონალისტებთან თანამშრომლობაზე და მხარს უჭერდა რუს ანტიბოლშევიკ სოციალისტებთან თანამშრომლობას. არ იზიარებდა ასევე ემიგრაციაში მყოფი სოციალისტი ნოე ჟორდანიასა და ნაციონალისტი ზურაბ ავალიშვილის შეხედულებებს. 1925 წლის მაისიდან მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ოპოზიციური ჯგუფი ემიგრაციაში მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.[86] მასზე მძიმედ იმოქმედა 1926 წელს თანამოაზრე ნიკოლოზ ჩხეიძის თვითმკველობის მცდელობამ. ყველაფერმა ამან გამოიწვია წერეთლის იზოლაცია ქართველ ემიგრანტებს შორის და მისი თანდათანობითი ჩამოშორება პოლიტიკიდან. 1920-იანი წლების ბოლოს საბოლოოდ გადაეწურა რუსეთში ბოლშევიკების დამარცხების და სამშობლოში დაბრუნების იმედი.[87] 1929 წელს, ყოფილი სოციალ-დემოკრატი თანამებრძოლებისგან იზოლირებულმა, მან მთლიანად მიატოვა პოლიტიკური საქმიანობა.[34]

1926 წელს შევიდა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1932 წელს და ადვოკატობით ირჩენდა თავს.[86] მუშაობდა 1928 წელს გარდაცვლილი პაველ აქსელროდის ნამუშევრების რედაქტირებაზე. 1934-1939 წლებში გამოსცემდა ემიგრაციაში მყოფი ქართველი სოციალ-დემოკრაებისადმი ოპოზიციურ გაზეთს „სოციალისტური აზრი“.[88] 1938 წელს მონაწილეობა მიიღო აქსელროდის არქივების სოციალური ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტისთვის გადაცემაში.[89]

ვლადიმერ ვოიტინსკის მიწვევით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების დაკვეთით მუშაობდა თხზულებაზე „მოგონებანი თებერვლის რევოლუციაზე“, რომლის დასრულება ვერ მოასწრო, დაწერა 1000 გვერდამდე. ნაშრომი გამოქვეყნდა პარიზში 1963 წელს ორ ტომად, რუსულ ენაზე.[90] 1940-იანი წლების ბოლოდან კონსულტანტად ჩაერთო ბოლშევიზმისგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის მუშაობაში. მისი ხელშეწყობით დაარსდა რადიო თავისუფლება.[86] გარდაიცვალა ნაწლავების კიბოთი 1959 წელს. ანდერძის თანახმად მისი გვამი დაწვეს.[86] 1973 წლის 17 ნოემბერს მისი ფერფლი გადასვენებული იქნა პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.

ირაკლი წერეთლის საფლავი ლევილში

პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატა
„იქ, სადაც მთელი ეკონომიური ძალა ერთ რომელიმე ჯგუფს აქვს ხელთ, მისი თვალთა ხედვა მისივე წრით შემოზღუდულია. მის ინტერესებს ემსახურება მთელი ქვეყანა და ამ წრეს გარეთ მისთვის არაფერი არსებობს“
( „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური“, გაზეთი „კვალი“, 1903[91])

ირაკლი წერეთელი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ინტერნაციონალისტი. მის შეხედულებებზე დიდი გავლენა მოახდინა პაველ აქსელროდმა, რომელსაწ წერეთელი მთავარ მასწავლებლად მიიჩნევდა. იყო ინტერნაციონალური მიმართულების ლიდერი ქართველ მესამედასელებს შორისაც, უარყოფდა ეროვნულ საკითხს და ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიის დანაწილებას და ავტონომიებს, რადგან ავტონომია მიაჩნდა ნაციონალიზმის შენიღბვად. ამასთან, მისი აზრით, საქართველოს ეროვნული ავტონომია საქართველოში მცხოვრები მცირე ერების დაჩაგვრას და კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტების ინსტიტუციონალიზაციას მოიტანდა. მას სჯეროდა, რომ თუ რუსეთის იმპერიის ხალხები იქნებოდნენ ერთიანნი, სოციალური პოლიტიკის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო ეროვნული საკითხის მოგვარება მხოლოდ დემოკრატიულ, დეცენტრალიზებულ და სოციალისტურ რუსეთში მიაჩნდა შესაძლებლად.[92]ინტერნაციონალურ პოზოციებზე დარჩენამ გააუცხოა წერეთელი სხვა ქართველი სოციალ-დემოკრატებისგან, რომლებიც შედარებით ნაციონალიზმისკენ გადაიხარნენ.[93]

1905 და 1917 წლების რევოლუციების დროს ის მხარს უჭერდა ლიბერალებსა და სოციალისტებს შორის თანამშრომლობას რუსული ავტოკრატიის წინააღმდეგ. წერეთელს პოლიტიკური საქმიანობის ადრეული წლებიდანვე პროგრესულ ძალად მიაჩნდა რუსული საზოგადოების ყველა სექტორი, გარდა ცარისტული ბიუროკრატიისა. სოციალისტების განსაკუთრებული როლი იყო ამ ძალების გაერთიანება და კოორდინაცია ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. იული მარტოვისგან განსხვავებით, წერეთელი ამტკიცებდა, რომ ბურჟუაზიას შეეძლო დადებითი როლის შესრულება რევოლუციურ ბრძოლაში და თვითმპყრობელობის დასამხობად ის მზად იყო ლიბერალებთან თანბამშრომლობისთვის.[94] კლასთაშორისი თანამშრომლობის ამ იდეებს სხვა მენშევიკები არ იზიარებდნენ[95] რევოლუციებს შორის პერიოდში წერეთელს განუმტკიცდა იმის რწმენა, რომ რუსეთში დემოკრატიის დასამყარებლად ბურჟუაზიის პროგრესულ ელემენტებთან თანამშრომლობა მიზანშეწონილი იქნებოდა. სოციალისტ-რევოლუციონერებთან თანამშრომლობამ წერეთელი ასევე დაარწმუნა გლეხობის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობაში. წერეთლისთვის რევოლუციას, სოციალ-დემოკრატების მეთაურობით, შეეძლო ქალაქსა და სოფლს, ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის, განხეთქილების გადალახვა და დემოკრატიის დამყარება.[96]

პიროვნული თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერეთელი იყო მორიდებული ადამიანი,[97] თავადაც აღიარებდა, რომ უჭირდა ემოციების გამოხატვა. იყო მშვიდი და ჰქონდა განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსებთან ურთიერთობის უნარი სხვა მრავალი მისი თანამედროვე რუსი რევოლუციური ლიდერისგან განსხვავებით[98]

იყო გამორჩეული ორატორი,რომელსაც შეეძლო მსმენელების ყურადღების მიპყრობა და რთული საკითხების ნათლად ახსნა, სკაუთარი შეხედულებების გამყარება და ოპონენტების შეხედულებების გაბათილება. სიტყვით გამოსვლის დროს იყო ზომიერი, ნათელი და კონკრეტული და ჰქონდა დარწმუნების დიდი უნარი. სხვა გამოჩენილი მისი თანამედროვე სოციალისტებისგან განსხვავებით, წერეთელი უფრო პრაქტიკული პოლიტიკისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე თეორიისკენ.[37]

ახასიათებდა მკაცრი მორალური სტანდარტების გამოყენება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ, ასევე პიროვნული ერთგულება, ცხოვრების სპარტანული წესი.[99] წერეთელი მიიჩნეოდა პატიოსან ადამიანად და მას პატივს სცემდნენ როგორც მხარდამჭერები, ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. გააჩნდა ლიდერობის უნარები, იუმორის გრძნობა და იყო საკუთარი პოლიტიკური იდეალების ერთგული.[100]მიუხედავად რევოლუციის მიმართ თავდადებისა, სძულდა ძალადობა.[101]

მშობლიური ქართულის გარდა, იცოდა რუსული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები.

  • „მამულიშვილობა, ეროვნება თუ ხალხის სამსახური“, გაზეთი „კვალი“ NN14, 15, 22, 1903

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #124997139 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  4. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  5. Roobol, 1976, გვ. 76
  6. Roobol, 1976, გვ. 3
  7. Roobol, 1976, გვ. 7-8
  8. Roobol, 1976, გვ. 5
  9. Roobol, 1976, გვ. 8
  10. ჯონსი, 2018, გვ. 64
  11. შარაძე, 1993, გვ. 8
  12. შარაძე, 1993, გვ. 9
  13. 1 2 ხვადაგიანი, 2016, გვ. 460
  14. Roobol, 1976, გვ. 14
  15. Roobol, 1976, გვ. 16
  16. Roobol, 1976, გვ. 17
  17. Roobol, 1976, გვ. 20
  18. Roobol, 1976, გვ. 22
  19. ჯონსი, 2018, გვ. 281
  20. Roobol, 1976, გვ. 25
  21. Roobol, 1976, გვ. 29
  22. Roobol, 1976, გვ. 28
  23. შარაძე, 1993, გვ. 10
  24. ჯონსი, 2018, გვ. 92
  25. ჯონსი, 2018, გვ. 150
  26. შარაძე, 1993, გვ. 11
  27. ჟორდანია ნ. სერია=ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი, 1990, „ჩემი წარსული (მოგონებანი)“ / რედ: სიდამონიძე უ., პარიზი: „სარანგი“, 1953.  გვ. 54.
  28. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 468 (რუსული)
  29. Roobol, 1976, გვ. 33
  30. შარაძე, 1993, გვ. 13
  31. 1 2 3 გალილი ი გარსია, ზივა, The Origins of Revolutionary Defensism: I. G. Tsereteli and the "Siberian Zimmerwaldists" // Slavic Review : ჟურნალი, 1982, № 41 (3), გვ. 454-476. (ინგლისური)
  32. 1 2 3 4 5 6 ხვადაგიანი, 2016, გვ. 461
  33. ჯონსი, 2018, გვ. 273
  34. 1 2 3 4 Jackson, George; Devlin, Robert, Dictionary of the Russian Revolution, Greenwood Press, 1989.  გვ. 583-585, ISBN 9780313211317. (ინგლისური)
  35. Roobol, 1976, გვ. 66
  36. ჯონსი, 2018, გვ. 300
  37. 1 2 3 Wade, Rex A., Irakli Tsereteli and Siberian Zimmerwaldism // The Journal of Modern History : ჟურნალი, № 39 (4), გვ. 425-431, doi:10.1086/240123. (ინგლისური)
  38. Roobol, 1976, გვ. 71
  39. Roobol, 1976, გვ. 83
  40. Wade, Rex A. (2017), The Russian Revolution, 1917 (Third ed.), Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press, ISBN 978-1-10-757125-9
  41. Basil, 1984, გვ. 42-43
  42. Galili y Garcia, 1989, გვ. 138
  43. ჟორდანია ნ. სერია=ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი, 1990, „ჩემი წარსული (მოგონებანი)“ / რედ: სიდამონიძე უ., პარიზი: „სარანგი“, 1953.  გვ. 79.
  44. Basil, 1984, გვ. 66
  45. Roobol, 1976, გვ. 89
  46. Roobol, 1976, გვ. 139
  47. Roobol, 1976, გვ. 105
  48. Figes, Orlando (1996), A People's Tragedy: A History of the Russian Revolution, New York City: Viking, ISBN 978-0-14-024364-2 (ინგლისური)
  49. Roobol, 1976, გვ. 124
  50. Basil, 1984, გვ. 67
  51. Roobol, 1976, გვ. 129
  52. Roobol, 1976, გვ. 130
  53. Galili y Garcia, 1989, გვ. 308
  54. Galili y Garcia, 1989, გვ. 309
  55. შარაძე, 1993, გვ. 4
  56. Roobol, 1976, გვ. 151
  57. Basil, 1984, გვ. 98
  58. Basil, 1984, გვ. 99
  59. Rabinowitch, Alexander — (1991). Prelude to Revolution: The Petrograd Bolsheviks and the July 1917 Uprising. Indiana University Press. გვ 173. ISBN 9780253206619 (ინგლისური)
  60. Roobol, 1976, გვ. 156-157
  61. Roobol, 1976, გვ. 158
  62. Basil, 1984, გვ. 119
  63. Roobol, 1976, გვ. 159
  64. 1 2 Trotsky, Leon (1965), The History of the Russian Revolution, London: Victor Gollancz, ISBN 978-1-93-185945-5 გვ. 796, 803-804 (ინგლისური)
  65. Rabinowitch, Alexander (1978). The bolsheviks come to power. The revolution of 1917 in Petrograd. W. W. Norton & Company. გვ 148. ISBN 9780393008937 (ინგლისური)
  66. Rabinowitch, Alexander (1978). The bolsheviks come to power. The revolution of 1917 in Petrograd. W. W. Norton & Company. გვ 186. ISBN 9780393008937 (ინგლისური)
  67. ჯონსი, 2018, გვ. 336
  68. 1 2 3 4 5 ხვადაგიანი, 2016, გვ. 462
  69. Roobol, 1976, გვ. 172
  70. Rabinowitch, Alexander, The Bolsheviks in Power: The First Year of Soviet Rule in Petrograd, ბლუმინგტონი: Indiana University Press, 2007.  გვ. 86, 117-118, ISBN 978-0-25-334943-9. (ინგლისური)
  71. ჯონსი, 2018, გვ. 350
  72. Roobol, 1976, გვ. 189
  73. შარაძე, 1993, გვ. 37
  74. ჟორდანია ნ. სერია=ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი, 1990, „ჩემი წარსული (მოგონებანი)“ / რედ: სიდამონიძე უ., პარიზი: „სარანგი“, 1953.  გვ. 94-95.
  75. Roobol, 1976, გვ. 207-209
  76. დაუშვილი, 2007, გვ. 19
  77. Roobol, 1976, გვ. 216-217
  78. დაუშვილი, 2007, გვ. 97
  79. დაუშვილი, 2007, გვ. 65
  80. დაუშვილი, 2007, გვ. 51-54
  81. Roobol, 1976, გვ. 220
  82. Roobol, 1976, გვ. 231
  83. Roobol, 1976, გვ. 241
  84. დაუშვილი, 2007, გვ. 55
  85. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012.  გვ. 261.
  86. 1 2 3 4 ხვადაგიანი, 2016, გვ. 463
  87. Roobol, 1976, გვ. 231-233
  88. შარაძე, 2005, გვ. 317
  89. Roobol, 1976, გვ. 251
  90. შარაძე, 1993, გვ. 46
  91. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 14
  92. ჯონსი, 2018, გვ. 289
  93. Roobol, 1976, გვ. 211
  94. Roobol, 1976, გვ. 79
  95. Galili y Garcia, 1989, გვ. 148
  96. Galili y Garcia, 1989, გვ. 149
  97. Roobol, 1976, გვ. X
  98. Basil, 1984, გვ. 45
  99. Roobol, 1976, გვ. 11
  100. Roobol, 1976, გვ. 13
  101. Roobol, 1976, გვ. 39