თეიმურაზ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ჭელიძე
დაბ. თარიღი 1876
გარდ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1937(1937-10-23)
საქმიანობა პოლიტიკოსი

თეიმურაზ ჭელიძე (დ. 1876, ბაჯი, რაჭის მაზრა — გ. 23 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ჭელიძე დაიბადა 1876 წელს, რაჭის მაზრის სოფელ ბაჯში.

დაწყებითი განათლება მიიღო პატარა ონის საზოგადოების სასოფლო-სამინისტრო ერთკლასიან სკოლაში. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში რაჭა-ლეჩხუმში. 1914 წლიდან მობილიზებული იყო არმიაში და მსახურობდა თურქეთის ფრონტზე ასეულის კაპტენარმუსად (ზემდეგი) მე-17 მსროლელ პოლკში. 1917 წლის იანვრიდან იმავე წოდებით გადაიყვანეს 1-ლ ქართულ მსროლელ პოლკში, სადაც მსახურობდა ამავე წლის მარტამდე. 1917 წლის მარტში დემობილიზდა. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა ქუთაისში - იყო რაჭული მევენახეობის საზოგადოებრივ კოოპერატივ "ხვანჭკარას" ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი. 1921 წელს 1 თვით იყო დაპატიმრებული რაჭაში. მეორედ დააპატიმრეს 1922 წლის 17 სექტემბერს, ჭრებალოში, ქუჩაში, არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. ძიების ინფორმაციით მას კავშირი ჰქონდა იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერებთან. 1920-იანი წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. შევიწროებისაგან ოჯახის დასაცავად იძულებული გახდა, განქორწინებულიყო. 1930-იანი წლების შუა პერიოდში, ბოლო დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს შუა აზიაში. ცხოვრობდა აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარეში, სემიპალატინსკში. დააპატიმრეს 1937 წლის 1 ივნისს. 1937 წლის 23 ოქტომბერს შინსახკომის აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 469.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]