ალექსანდრე ლომთათიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომთათიძე.
ალექსანდრე ლომთათიძე

ალექსანდრე ლომთათიძე (დ. 25 მაისი, 1882, მშვიდობაური, ოზურგეთის მაზრა — გ. 1924, ტაშკენტი) — ქართველი პოლიტიკური, პედაგოგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე დაიბადა 1882 წლის 25 მაისს ოზურგეთის მაზრის სოფელ მშვიდობაურში, ღარიბი გლეხის ოჯახში. თავდაპირველად, 14 წლამდე, სწავლობდა სოფელ ბახვის ორკლასიან სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – თბილისის მეორე გიმნაზიაში. პარალელურად მსახურობდა ექიმის ოჯახში, უფროს კლასებში სწავლისას რეპეტიტორობდა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან ჩაება მარქსისტული წრეების მუშაობაში. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში. იყო რსდმპ მენშევიკების ფრაქციის წევრი.

1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსავე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტფილისიდან გაგზავნილი იყო დელეგატად სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.[1]1917 წლის 8 დეკემბრიდან იყო თბილისის სათათბიროს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.

1919 წელს, საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები და 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა მისი პირველი კრება. საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ). კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.

საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის 24-25 თებერვლის ღამეს, როდესაც თბილისის დატოვება გადაწყდა, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა: „მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი". მართლაც, ალექსანდრე ლომთათიძე არ წავიდა ემიგრაციაში, იგი სამშობლოში დარჩა და შეეწირა XX საუკუნის 20-იანი წლების კომუნისტურ რეპრესიებს. დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს, ნაძალადევის კლუბში სტალინის საპასუხო სიტყვის გამო. მოათავსეს მეტეხის ციხეში. 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში, სოფელ ლაპაშინოში. შემდეგ გადასახლებული იყო ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო მისცეს საშუალება ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად. 1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[2]გარდაიცვალა ტაშკენტის ციხეში 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

2023 წლის 28 მაისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.

დაკრძალვამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ[3].

1925 წელს საფრანგეთში, პარიზში, გამომავალ ჟურნალში „ბრძოლა“ (#19) გამოქვეყნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის – რაჟდენ არსენიძის წერილი „ალექსანდრე ლომთათიძე“, რომელშიც იგი აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ერთი წლის შემდეგაც არ შემიძლია დავიჯერო, რომ ვერ ვიხილავ მის მაღალ შუბლს, ზედ დაყრილ ხშირ თმას შექუჩებულს, ვერ მოვისმენ მის მკაფიო და ძლიერ ხმას, სავსეს სიმტკიცით და გაბედულებით. და რათ ან ვინ მოუსწრაფა მას სიცოცხლის დღენი? შორს თავისი ქვეყნიდან და თავის ოჯახიდან გამოესალმა, თუ გამოასალმეს წუთისოფელს ეს დიდი ადამიანი, ასეთი გატაცებით მოყვარული თავის ერის. ალექსანდრე ნამდვილი ქართველი იყო: ლხინშიც და ჭირშიაც განუყრელი, განუშორებელი, მთლიანი, უზადო, ბრძოლაში შეუდრეკელი, საზოგადო ასპარეზზე და კერძო ცხოვრებაში ნამდვილი, საამო და სამეგობრო ადამიანი, კარგი მეოჯახე, კარგი მეზობელი, საუკეთესო ამხანაგი, შინ და გარეთ, პატარა და დიდ საქმეში ერთიანი, მთლიანი, ურყევი, ტკბილი და ძლიერი. ამით დაიმსახურა მან საერთო სიყვარული ყველასი, ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან საქმე ჰქონია.“

1994 წლის 17 ივნისს აღნიშნული საარქივო მასალა ნინო ღოღობერიძემ გიორგი ლომთათიძის არქივთან ერთად გადასცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს (შემოსულობათა წიგნი #665). ალექსანდრე ლომთათიძის პირადი არქივი შეიცავს 57 საარქივო ერთეულს. აღწერილობაში მასალა დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:

  1. ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
  2. შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
  3. მიმოწერა;
  4. სხვადასხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი , 2013. — გვ. 97, ISBN 978-99940-28-77-1.
  2. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  3. რეხვიაშვილი ჯ., საბჭოთა ველურობასთან ბრძოლას შეწირული ალ. ლომთათიძის სხეული სამშობლოს დაუბრუნდა