თბილისის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ისტორია მოიცავს პერიოდს მისი დაარსებიდან დღემდე.

უძველესი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისს ეკავა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. ის მდებარეობდა გზაზე, რომელიც მტკვრის ხეობით აღმოსავლეთ ამიერკავკასიით საქართველოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. აქედან გადიოდა გზა ჩრდილოეთ ალბანიაში. თბილისის დასავლეთით მდებარე მთები და მდინარის კლდოვანი ნაპირები ადვილად ჰკეტავდნენ მტკვრის გაყოლებით მიმავალ გზას. ამის გარდა თბილისი მდებარეობდა ქვემო და შიდა ქართლის საზღვარზე, სწორედ ლეღვთახევზე გადიოდა ისტორიული საზღვარი გარდაბანსა (ქვემო ქართლი) და შიდა ქართლს შორის. მომდევნო პერიოდში აგებული ტფილისის მთავარი ციტადელი — ნარიყალა (ნარინ კალა პატარა ციხე) და მის გარშემო დიდი გალავანი სწორედ ლეღვთახევის წყალგამყოფ ზოლზე გადიოდა, როგორც მთავარი არგუმენტი იმისა რომ ტფილისის და შესაბამისად შიდა ქართლის საზღვრები მოცული იყო ლეღვთახევის ხეობიდან. თუმცაღა გალავნის ნაშთები არსებობს ორთაჭალის ტერიტორიაზეც, მაგრამ ის შემდგომი მინაშენია უკვე გავრცობილ ქალაქში, რომლის მიდამოებშიც XIX საუკუნეში განთავსებული იყო საბაჟო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნათელი ხდება რომ ამ ადგილას მოსახლეობა ადრევე უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ჩვენი საისტორიო თზულებანი ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. როდესაც წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, შორეული წარსულის შესასწავლად ნივთიერი კულტურის ძეგლები და სხვა არქეოლოგიური მასალა უნდა მოვიშველიოთ.

ქალაქის მჭოდრო დასახლებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების წარმოება და შესაბამისად, ყოველ ახალ აღმოჩენას შემთხვევითი ხასიათი გააჩნია. ასე მაგალითად 1930-31 წ ლებში, დიდუბეში, მექანიკური ქარხნის მშენებლობისას, მიწის სამუშაოების შესრულების დროს, შემთხვევით მიაკვლიეს თბილისის ტერიტორიაზე ენეოლითის (IV-III ათასწლეულები) დროინდელი ადამინის ცხოვრების კვალს. აქ აღმოჩნდა ამ ხანისათვის დამახასიათებელი ჭურჭლეულობა, კაჟისაგან, ობსიდიანისაგან თუ ძვლისაგან გაკეთებული ხელსაწყოები და იარაღები.

თბილისში ნაპოვნია ენეოლითის შემდეგდროინდელი, ბრინჯაოს ხანის ძეგლებიც. 1926 წელს საბჭოს ქუჩაზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის სამარხი, რომელშიც იპოვეს ერთი ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს სატევარი და თიხის ჭურჭელი. 1936 წელს სანაპირო ქუჩის მშენებლობისას აღმოჩნდა პატარა ზომის ბრინჯაოს მახვილი. ბრინჯაოს და უფრო არდინდელი ხანის ადამიანთა იარაღები და ჭურჭელი ნაპოვნია თბილისის მიდამოებშიც. 1935 წელს ღრმაღელეში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ცული. 1935 წელს, ღრმაღელეშია ნაპოვნი თიხის ჭურჭლეულობასთან ერთად ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს ბეჭედი გემმით, საკიდი ბაყაყის გამოსახულებით და სხვა.

XIX საუკუნის 70-იან წლებში, ქალთა გიმნაზიის აშენების დროს (კეცხოველის ქუჩაზე), უპოვიათ ბაქტრული მონეტა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეს მიეკუთვნება. ვარაზის ხევში ნაპოვნია ავგუსტ კეისრის მიერ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მოჭრილი სპილენძის მონეტა; 1947 წელს კი ორთაჭალაში, მაჰმადიანურ სასაფლაოზე, იპოვეს ბოსფორის მეფის მითრიდატ VIII-ის (41-45) მეუღლის სპილენძის მონეტა. ნაპოვნია ასევეახალი წელტაღრიცხვის II-III საუკუნეებში მოჭრილი ბოსფორული მონეტები.

ამრიგად, არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, რომ თანამედროვე თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ 6-5 ათასი წლის წინათ დასახლებულა და რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრება კი არ განელებულა არამედ პირიქით განივრცო და გაძლიერდა.

ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრების მიხედვით, იბერიის მეფე მეფე ვარაზ-ბაკურის მეფობის დროს სპარსელების მიერ ქართლის აღებისას მოხდა პირველი ციხის აშენება თბილისის ტერიტორიაზე.

ვიკიციტატა
„მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოჴრეს, და შემოვიდეს ქართლს, და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისა. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშჳდობა. ხოლო ერის-თავმან სპარსთამან რქუა მას: „პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანთა არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი და სხენან საყდართა მამათა მათთასა; და თქუენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მჴევლისანი. გაქუნდეს უკუე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა ხუასროვანთა“. მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერ-ღა-რა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა მისცა რანი და მოვაკანი, და განუკუეთა ხარკი, ხოლო ერის-თავმან სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა და წარვიდა. და მიერითგან იქმნნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი.“

IV საუკუნეში სპარსეთის მიერ ციხის აშენებისთანავე შიდ ქართლის პიტიახში დაისვა, რომელიც სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელი იყო. მომდევნო წლებში მცხეთაში მჯდომ მეფეებმა არაერთხელ სცადეს დაებრუნებინათ თბილისზე კონტროლი, რის გამოც თბილისის მიდამოებში არაერთი შეტაკება მომხდარა და და უკვე ვახტანგ გორგასალის პერიოდში საკუთრივ თბილისი და კალაც მოოხრებული იყო. სწორედ ვახტანგ გორგასალის პერიოდში იწყება ქალაქის კეთილმოწყობა და იქ მცხეთიდან დედაქალაქის გადმოტანა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა მისი ძის დაჩის მართველობის დროს.

თქმულება თბილისზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერესს მოკლებული არ არის თქმულება ქალაქ თბილისის დაარსების შესახებ. თქმულების მიხედვით ერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის წევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. მეფე და მხლებლები იმავე მხრისაკენ წავიდნენ და დიდი ხნის ძიების შემდეგ ნახეს, რომ მიმინო და ხოხობი წყაროში ჩავარდნილიყვნენ და ჩაფუფქულიყვნენ. მეფემ ეს არე-მარე კარგად დაათვალიერა და ნახა რომ ამ შმშვენიერ ადგილას იყო მრავალი წყარო: გრილი თბილი და ცხელიც. ვახტანგს მოეწონა წყაროები და მათი ადგილ მდებარეობაც. დაიწყო ქალაქის აშენება და მას, თბილი წყლების გამო, სახელად ტფილისი უწოდაო.

ადრეფეოდალური ხანა (VI-X საუკუნეებში)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალმა ფეოდალურმა კლასმა, აზნაურობამ, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, VI საუკუნის დამდეგს ქართლში პოლიტიკური ბატონობაც მოიპოვა. აზნაურებმა საკუთარი ცენტრალური ხელისუფლება — ერისმთავარი გაიჩინეს და ამიერითგან თბილისიც გამარჯვებული ფეოდალური კლასის ხელისუფალთა (ერიმთავართა) რეზიდენცია გახდა. მას უკვე ძველი მცხეთა კონკურენციას ვეღარ უწევდა. ეს კარგად ჩანს ძველი ისტორიკოსის ცნობებიდანაც: „მაშინ მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალა განდიდნებოდა.“

თბილისის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ სპარსეთს არაერთხელ გააბედინა გამოლაშქრება. IV საუკუნის დასასრულიდან ქართლმა ხარკიც კი იკისრა სპარსელთა სასარგებლოდ. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ სპარსელებმა აღმოსავლეთ საქართველოში წარჩინებულთა, აზნაურთა დახმარებით მეფობაც გააუქმეს და ახალი მოხელე გამოგზავნეს. ეს მოხდა 523 წელს. ამ ახალ სპარსელ მოხელეს, ქართლის უზენაეს ხელისუფალს, მარზპანი ეწოდებოდა. მარზპანი უკვე გაძლიერებულ თბილისში დაჯდა და იქედან მართავდა მთელ ქართლს.

სპარსელებმა დიდხანს ვერ იბატონეს ქართლში, რადგანაც თავადაზნაურობა ვერ შეეგუა უკიდურესად მძიმე ხარკს. მათ თავიანთი ახალი ხელისუფალი გაიჩინეს ქართლში ერისმთავრობა დაწესდა. ქართლის ერისმთავრები თბილისში ისხდნენ. ისინი აქ ჭრიდნენ საკუთარ ფულს ქართული წარწერით.

თბილისი თანდათან იზრდებოდა: VI-VII საუკუნის მიჯნაზე აქ აშენდა დიდებული კათედრალური ტაძარი, თბილისის სიონი. ასე რომ, თუმცა თბილისში მარზპანი იჯდა, ქალაქი მაინც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

ამრიგად ქართული წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ VI საუკუნიდან თბილისი ადრეფეოდალური ქართლის დედაქალაქად იქცა და მისი ეკონომიკური, სავაჭრო-სახელოსნო და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ამასვე ამტკიცებს უცხოური წყაროებიც. VI საუკუნის მეორე ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე, ბიზანტია-ირანს შორის 571 წელს განახლებული ომის აღწერისას:

ვიკიციტატა
„სომხებმა მოკლეს სურენა, გადაუდგნენ სპარსელებს და მიემხრნენ რომაელებს... სპარსელებს მაშინვე განუდგნენ იბერებიც და მიემხრენ რომაელებს; მათ მთავრობდა გორგენი, ხოლო იბერტა დედაქალაქი მაშინ ტიფლისი იყო“

.

VII საუკუნის დამდეგს სპარსელებს საგარეო მდგომარეობა გაურთულდათ. ბიზანტიის იმდროინდელმა იმპერატორმა ჰერაკლემ არა ერთხელ დაამარცხა სპარსეთის შაჰი ხოსრო და მისი სახელმწიფოც განადგურების პირამდე მიიყვანა. ჰერაკლემ განიზრახა სპარსეთისათვის ჯერ ჩრდილოეთი პროვინციები ჩამოეცილებინა, ამ მიზნით 614 წელს სომხეთს შეესია. შემდეგ სხვა პროვინციებიც დალაშქრა და ყველა ამათგან უსიტყვო მორჩილება მოითხოვა.

ჰერაკლე კეისარმა სპარსეთისა და მის მიერ დაპყრობილ პროვინციატა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ ხაზარები გაიჩინა, რომელთა ლიდერი — ჯიბღუ ხაკანი იყო.

ჰერაკლე კეისარმა ქართლის დედაქალაქის თბილისის აღება მოიწადინა და იგი თავისი ლაშქრითქართველებისა და სპარსელები მიერ გამაგრებულ თბილისის კედლებთან დაბანაკდა.

დიდხანს ებრძოდნენ ქართველები თბილისს შემორტყმულ ბიზანტია-ხაზარების ლაშქარს, რომლის დროსაც ბრძოლაში დაიღუპა იმ დროინდელი ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი. მტერი ქალაქში შეიჭრა თუმცა მთავარი ციტადელის აღება მაინც ვერ შესძლო. გაიგო რა სპარსეთის შაჰმა რომ ციხის ასაღებად ორი სახელმწიფოს გაერთიანებული ჯარი იბრძოდა ქართველებს 1000 კაციანი რაზმი შეაშველა და ასე გადაურჩა ციხე აღებას.

იერიშის მოგერიებით გათამებულმა ქალაქის მეციხოვნებმა არ აკმარეს კეისარსა და ხაკანს მარცხი და დაცინვაც მიაყოლეს.მოიტანეს უზარმაზარი გოგრა, გამოსახეს ზედ ხაზარტა მთვარის სახე, წამწამების მაგიერ რამდენიმე პატარა ტოტი გაუკეთეს, წვერის ადილი გაატიტვლეს, ნესტოები წყრთის სიგანისა გამოსჭრეს და მტრის პირდაპირ ციხის კედელსზე დადეს. ლახვრებით ჩხვლეტდნენ ჯიბღუსადმი მიმსგავსებულ გოგრას და თან ყვიროდნენ: „აი, თქვენი ხელმწიფე, თაყვანი ეცით მას, ეს ჯიბღუ ხაკანია-ო“.

ასევე ყბად აიღეს ჰერაკლე კეისარი. მეციხოვნეები ციხის გალავანზე გადმოდგებოდნენ ხოლმე და ბიზანტიელებს გასძახებდნენ: „თქვენს მეფეს თხის წვერი ასხია და ვაცის კისერი აქვსო“. ამის გამგონე კეისარი და ხაკანი მძვინვარებდნენ, ჯავრს გულში იკლავდნენ და იმუქრებოდნენ. მაგრამ იმჟამად ბრძოლის გაგრძელებაზე მაინც ხელი აიღეს. ჰერაკლემ სპარსეთს მიაშურა ხოლო ხაკანი კი თავის ქვეყანაში დაბრუნდა. თბილისში კი თავისი შვილი, შათი დატოვა. ეს მოხდა 626 წელს. შათის დაევალა თბილისის ციხის აღება და მეციხოვნეთა სამაგალითოდ დასჯა. შათიმ ბრძოლა ციხის ასაღებად მეორე წლიდან დაიწყო, გარს შემოერტყა ციხეს და ორი თვის ბრძოლის შემდეგ შეარღვია ქალაქის გალავანი. სომეხი ისტორიკოსის ცნობით:

ვიკიციტატა
„დედათა ოხვრა და გმინვა ისმოდა ისე, როგორც ურიცხვ ცხვრის ფარას ბღავილი. მათ ფეხდაფეხ მისდევდნენ უწყალო მკვლელნი, რომელთა ხელები რუს მსგავსად ადენდნენ სისხლსა და რომელთა ფეხნი სჭყლეტდნენ წაქცეულთა გვამებს. როდესაც შეწყდა ხმაურობა, გმინვა და კვნესა და როცა აღარც ერთი აღარ დარჩა ცოცხლად, მაშინ ცნეს მტრებმა, რომ მათი მახვილები გაძღენ სისხლის ღვრით.“

ხაზარებმა ქალაქის დაცვის მეთაურნი, სპარსელი ციხის თავი და ერთი თბილისელი ქართველი, შეიპყრეს და ჯავრის ამოსაყრელად კეისარს მიჰგვარეს. კეისარმა მათი სამაგალითოდ დასჯა ბრძანა. ტყვეებს ჯერ თვალები დათხარეს, რაკი მათ ხაკანის გამოსაჯავრებლად მისი სურათი დიდ გოგრაზე უთვალებოდ გამოსახეს. შემდეგ ცოცხლად ტყავი გააძრეს, გამოქნილი ტყავი თივით გატენეს და ციხის კედელზე ჩამოჰკიდეს.

ასე დამთავრდა 627 წელს თბილისის მოქალაქეთა და სპარსელტა ბრძოლა ბიზანტიის კეისრისა და ხაზართა ხაკანის წინააღმდეგ. ასე დამყარდა თბილისში ბიზანტიური გავლენა. მაგრამ თბილისის ბიზანტიელთა ხელში არ ყოფილა, როგორც ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, ჰერაკლე კეისარმა თბილისი ქართლის ერისმთავარს გადასცა, მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა და მისგან მხოლოდ სამხედრო სამსახურს და ერთგულებას მოითხოვდა.

თბილისი მაჰმადიან მფლობელთა ხელში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიის კეისარმა დიდხანს ვერ ისარგებლა თავისი გამარჯვებით. სამხრეთიდან უკვე მოემართებოდა მრისხანე ძალა — არაბები, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობით ემუქრებოდნენ.

არაბთა ერთ-ერთი საგვარეულოს წარმომადგენელმა, მუჰამადმა VII საუკუნის დამდეგს არაბეთის ნახევარ კუნძულზე მოსახლე სხვადასხვა დაქსაქსული ტომები დააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიან არაბულ სახელმწიფოს. გაძლიერებულმა არაბებმა მოკლე ხანში შესძლეს სირიის, პალესტინისა და ირანის დაპყრობა. ამის შემდეგ არაბებს გზა ხსნილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნისაკენ. VII საუკუნის ორმოციან წლებში მათი პირველი რაზმები ჯერ სომხეთის, ხოლო შემდეგ საქართველოს საზღვრებსაც მოადგნენ.

არაბები თბილისზე თავიანთ გავლენას მხოლოდ VIII საუკუნის დამდეგისათვის ავრცელებენ. ჯერ აქ ფულის ჭრა დაიწყეს 705 წელს, ხოლო შემდეგ თბილისში დამკვიდრებასაც შეეცადნენ. ქართველმა ხალხმა არ მიიღო მაჰმადიანი დამპყრობელი, რის შემდეგადაც არაბეთიდან სადამსჯელო რაზმი მურმან-ყრუს მეთაურობით გამოიგზავნა.

VIII საუკუნის 30-იანი წლების დასასრულიდან თბილისი მაჰმადიან მფლობელთა ხელში გადადის, რომლის პარალელურად იჯდა ქართლის ერისმთავარიც. ქართლის ერისმთავარი თბილისში IX საუკუნის დამდეგამდე იჯდა, სანამ არაბებმა ამ ქართველი მოხელის ხელისუფლება სავსებით არ გააუქმეს.

764 წელს ხაზარები მეორედ შეესივნენ თბილისს. ქართველი ისტორიკოსის ცნობით, ხაზართა ეს ლაშქრობა ქართლის ერისმთავრის დის — შუშანას მოტაცების სურვილს გამოუწვევიაო.

VIII საუკუნის დასასრულიდან და IX საუკუნის დამდეგიდან დაპყრობილი პროვინციების არაბი მოხელეები — ამირები განუდგნენ ხალიფას და განზე წევა დაიწყეს. ისინი განცალკევება-დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ, თავიანთ თავს უკვე იმ ადგილების ბატონ პატრონად თვლიდნენ, სადაც ისინი ხალიფას მიერ მხოლოდ გამგებლებად იყვნენ დანიშნულნი.

ასეთივე მიდრეკილება გაუჩნდათ IX საუკუნის დამდეგიდან თბილისის ამირებსაც. თბილისის ამირა ამ დროს თავს თითქმის დამოუკიდებლად გრძნობდა და თბილისსა და მის მიდამოებში მოკრეფილ ხარკს თვითონ ითვისებდა. ხალიფა ვერ ურიგდებოდა თბილისის ამირას ამდაგვარ მისწრაფებეს და მის დასამორჩილებლად ბრძოლა დაიწყო, რომელიც IX საუკუნის დამდეგს დაიწყო.

იმ დროს ამირად თბილისში ალი შუაბის ძე იყო. ხალიფამ ჯერ კიდევ ალის გაუმართა ომი, მაგრამ თბილისის მფლობელსა და ხალიფას შორის ბრძოლამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მომდევნო ამირას, საჰაკ (ისაკ) ისმაილის ძის დროს მიიღო. საჰაკი IX საუკუნის ოცდაათიანი წლებისათვის უკვე აღარ ემორჩილებდა ხალიფას. ძლიერი ამირა სავსებით დამოუკიდებლად გრძნობდა თავს. ურჩი ამირას დასასჯელად ხალიფა აქ ჯარს ჯარზე გზავნიდა. IX საუკუნის 40-იან წლებში საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ხალიდი გამოვიდა. მას ზოგი ქართველი დიდებულიც მიემხრო და არაბთა და ქართველთა ლაშქარმა ერთად შეუტია საჰაკს, მაგრამ იგი მაინც ვერ დაამარცხეს. ვერც ხალიდის შვილმა მოჰამედმა შესძლო თბილისის ამირას დამორჩილება. თბილისის ამირას კახელები უმაგრებდნენ ზურგს და ხშირად ერთად იბრძოდნენ ხალიფას მიერ გამოგზავნილ სარდალთა წინააღმდეგ. საჰაკის ურჩობა თითქმის თხუთმეტი წელი გაგრძელდა. თბილისის ამირას ურჩობით გამძვინვარებულმა ხალიფა მუთავაქილმა 853 წელს ურიცხვი ჯარი გამოგზავნა და მას მრისხანე ბუღა თურქი უთავა. ბუღას სისხლისმღვრელი ლაშქრობა დეტალურად აქვთ აღწერილი, როგორც ქართველ, ასევე არაბ და სომეხ ისტორიკოსებს.

არაბთა ლაშქარი თბილისს აღმოსავლეთის მხრიდან მოადგა და აქ დაბანაკდა. ბუღამ იგი ორ ნაწილად გაჰყო: ერთს აბულ ყაბასი უთავა, მეორეს კი ზირაქი. ამ უკანასკნელმა თბილისს მოედნის მხრიდან შეუტია, აბულ ყაბასი კი თბილისის ერთ-ერთ კარტან, რომელსაც არაბი ისტორიკოსი რაბადის კარს უწოდებს, დაბანაკდა. თვით ბუღა ქალაქის აღმოსავლეთით მაღალ გორაკზე იდგა და აქედან თვალყურს ადევნებდა მისი სარდლების მოქმედებას. ამირა უბრძოლველად არ ტოვებდა ქალაქს, რის შემდეგაც უფრო მკაცრი ზომების მისაღებად ცეცხლმტყორცნელი ისრები გამოიყენეს. ქალაქის იმდროინდელი თავდაცვითი ნაგებობანი უმთავრესად ხისგან ყოფილა აგებული. როცა საჰაკმა დაინახა ალმოდებული კოშკები და მისი მიდამოები შეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ იგი შეიპყრეს და ბუღას მიჰგვარეს. ეს მოხდა 853 წლის 5 აგვისტოს.

დატყვევებული საჰაკი სიკვდილით დასაჯეს. მას ჯერ თავი მოკვეთეს შემდეგ კი ჯვარზე გააკრეს. თავად თბილისს დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა. გაწყდა მოსახლეობა. მარტო თბილისში 50 000 კაცი დაიღუპა.

საჰაკის შემდეგ ხალიფამ სხვა ამირა დასვა მაგრამ ისიც მანაც მისი წინამორბედივით დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვოდა. მომდევნო პერიოდებში ამირთა ძალაუფლება გარეუბნებზე შემცირდა და ბოლოს მხოლოდ თბილისზე და მის მახლობელ რაიონებზე ვრცელდებოდა. ამირის რეგიონებზე კონტროლის შესუსტებამ ხელი შეუწყო ჯერ რეგიონების მოძლიერებას შემდეგ კი ახალი ფეოდალურ სამეფო-სამთავროების წარმოშობას. VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დამდეგს უკვე არსებობდა კახეთ ჰერეთის სამთავროები, აფხაზეთის სამეფო და ტაო-კლარჯეთის სამთავრო. დამოუკიდებელ ფეოდალურ ერთეულად იქცა ასევე თბილისის საამიროც.

მალე ამ სამეფო სამთავროთა გაერთიენების ამოცანაც წამოიჭრა. აუცილებელი იყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მოსპობდა შინაგან დაქუცმაცებას და ხელს შეუწყობდა ქვეყნის შემდგომ უფრო სწრაფ ზრდას. მართლაც IX საუკუნის დამდეგიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. იგი თითქმის ორი საუკუნე გაგრძელდა და 978 წელს ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლის, ბაგრატ III-ის ქართლსა და აფხაზეთში გამეფებით დაგვირგვინდა.

თუმცა ბაგრატ III-მ დიდად შეავიწროვა თბილისის საამიროს ტერიტორია, მაგრამ თბილისი და მისი მიდამოები ჯერჯერობით მაინც ძველ მაჰმადიან მფლობელტა ხელში იყო. ამ დროისათვის საქართველოს მეფეს ქართლში სარეზიდენციოდ უფლისციხე ჰქონდა მიჩნეული, საქართველოს დედაქალაქად კი ქუთაისი ითვლებოდა.

განვითარებული ფეოდალიზმის ხანა (XI-XII საუკუნეებში)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლად წარმოშობილი ერთიანი საქართველოს სამეფო ხელისუფლებას შემდგომი განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის განსაკუთრებით ჭირდებოდა ქალქები. ქალაქების კერძოდ, თბილისს განთავისუფლება უცხო დამპყრობთა ბატონობისაგან და მათი შემოერთება საქართველოს სამეფოსთან დიდად შეუწყობდა ხელს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებას. საქართველოს ქალაქებსაც ძლიერი ცენტრალური სამეფო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ ყოფნა ერჩიათ უცხოელთა ბატონობას და ამიტომაც ისინი, თავის მხრივ, მხარს უჭერდნენ სამეფო ხელისფლების ამდაგვარ მისწრაფებას.

ბაგრატ III-ის შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე მისი შვილი გიორგი I ავიდა, რომლის დროსაც გაძლიერების გზაზე შემდგარ ქართულ მონარქიას ბიზანტიის მპერია უტევდა. გიორგიმაც თავისი მეფობა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. განსაკუთრებული საგარეო მდგომარეობა ხელს უშლიდა საქართველოს მიწა-წყლის საბოლოოდ თავმოყრისა და შემომტკიცების საქმის დაგვირგვინებას.

როგორც კი დამყარდა ერთგვარი მშვიდობა ბიზანტიასთან, დაიწყო ბრძოლა თბილისის გასათავისუფლებლად. საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ბრძოლა თბილისისათვის XI საკუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროს საქართველოში ბაგრატ IV მეფობდა, ხოლო თბილისში ამირა ჯაფარი იჯდა.

ბაგრატის მომხრე დდებულებმა, კლდეკარის ძლიერმა ერისთავმა — ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა — ივანე აბაზას ძემ 1032 წელს, როცა ბაგრატი 12 წლისა იყო, თბილისის ამირა ჯაფარი მცხეთის მახლობლად, მუხათგვერდს გაიტყუეს და იქ დაატყვევეს. შეპყრობილი ამირა მეფეს მიჰგვარეს. ბაგრატმა იგი ერთხანს პატიმრობაში ამყოფა. ამასობაში ლიპარიტმა და ივანემ, თბილისის მახლობლად, ბირთვისის ციხეც დაიჭირეს. ასე რომ, საქართველოს მეფეს გზა ხსნილი ჰქონდა თბილისისაკენ, მაგრამ ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტის მოწინააღმდეგენი ამოქმედდნენ.

საქართველოს მეფის მიერ თბილისის დაპყრობა კიდევ უფრო გააძლიერებდა მას და აგრეთვე ამ საქმისათვის თავდადებულ კლდეკარის ერისთვასაც. ეს კი დიდებულებს მაინცდამაინც არ ეპრიანებოდათ. ამიტომ მეფის ორგულმა დიდებულებმა მცირეწლოვან მეფეს შეაცოდეს შეპყრობილი ჯაფარი და მისი განთავისუფლება და ისევ თბილისის ამირად დატოვება ურჩიეს. ამირა გაანთავისუფლეს, ქართველი ისტორიკოსის თქმით და „გაუტევა ტფილისსა ზედა ამირად“.

1037 წელს კლდეკარის ერისთავის დაჟინებული მოთხოვნით გადაწყდა თბილისის არება, თბილისს ალყა შემოარტყეს და იქედან გამომდინარე რომ მისი იერიშით აღება ძნელი იყო გადაწყდა ამირას ძალა ქალაქის ხანგრძლივი გარემოცვით გაეტეხათ. თბილისის ალყა ორ წელიწადს გაგრძელდა. თბილისი უკვე ნებდებოდა, ამირაც გასაქცევად იყო მზად მაგრამ ისევ ორგული დიდებულების რჩევით თბილისს მოეხსნა ალყა, რის გამოც 1039 წელს ბაგრატ IV-მ მეორედ დაკარგა თბილისის გათავისუფლების შესაძლებლობა.

1045 წელს თბილისის ამირა ჯაფარი გარდაიცვალა. თბილისში ხელისუფლება ქალაქის უხუცესების, ანუ როგორც ქართველი ისტორიკოსი უწოდებს, თბილელი ბერების ხელში გადავიდა. ქალაქის ბერები საქართველოს მეფის მომხრეები იყვნენ და ამიტომ შესთავაზეს მეფეს ქალაქი თბილისი. მეფემ ეს წინადადება სიხარულით მიიღო. დიღმის ველზე ბაგრატს თბილისის დანარჩენი მოსახლეობაც მიეგება და დიდი სიხარულით იგი ქალაქში შეიყვანეს: „იყო ხმობა ბუკთა და დუმბულთა... რომლისა ხმითა იძვროდა ქვეყანა და იყო სიხარული ყოველმხრივ გასაკვირველი“, — მგვითხრობს ისტორიკოსი.

ქალაქი მეფეს დაემორჩილა გარდა მტკვრის მარცხენა ნაპირისა — ისანი. აქ იყო თავმოყრილი მეფის მოწინააღმდეგე სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია. ისნელებმა ხიდი ჩაანგრიეს და მეფის გადმოშვება არ ინებეს. ბაგრატმა მთელი ზაფხული მოანდომა ისნის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვერ აიღო იგი.

როგორც კი გაიგო ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა ბაგრატის თბილისში შესვლა, იგი მაშინვე დიდი ლაშქრით მეფის წინააღმდეგ გამოემართა. მეფე ვერ აღუდგა ძლიერ ერისთავს, თბილისი დასტოვა და ჯავახეთში გადავიდა. მეფემ ლიპარიტის წყალობით თბილისი კვლავ დაკარგა, ხოლო თბილისის გამგებლობას ისევ თბილისის ბერები ინარჩუნებდნენ. ამის შემდგედაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, ისინი მოქმედებდნენ და წყვეტდნენ ქალაქის საშინაო საქმეებს.

1048 წელს ბაგრატ 4-ის მოწინააღმდეგე ერისთავი ლიპარიტი თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს. საქართველოს მეფემ ამ შემთხვევით ისარგებლა და თბილისის ბერების დახმარებით ქალაქი კვლავ მან დაიჭირა თუმცა არა დიდი ხნით. 1051 წელს ლიპარიტი თურქებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს. გაიგო თუ არა ბაგრატ IV-მ ლიპარიტის გათავისუფლება, მაშინვე მიატოვა თბილისი და ისევ ჯავახეთში გადავიდა.

თბილისი — გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI საუკუნის შუა წლებიდა საქართველოს ახალი მტერი უჩნდება. ეს იყო აღმოსავლეთიდან წამოსული თურქული ტომები — თურქ-სელჩუკები. თურქ-სელჩუკთა სულტანმა ალფარსლანმა საქართველო პირველად 1065 წელს დალაშქრა. სამი წლის შემდეგ იგი მეორედ შემოესია საქართველოს და ამჯერად ქართლი და არგვეთი სასტიკად ააოხრა. სუსხიანი ზამთრით შეწუხებული სულტანი მალე გადაიხვეწა, მაგრამუკან მიმავალმა თბილისი დალაშქრა. იგი იმდროინდელ გამგებელს წაართვა და თავის მოკავშირეს, განძის მფლობელს, ფალდონს მისცა.

სულტანის ძალით ზურგაგამაგრებული ფალდონი თავს მაგრად გრძნობდა მან არა მართო თბილისში, არამედ მის მიდამოებშიც მოინდომა გაბატონება.

ზაფხულში მეფე ბაგრატი თბილისის მახლობლად, დიდგორს იდგა. გათამამებულმა ფალდონმა არაფრად მიიჩნია მეფის დიდგორს ყოფნა და თბილისის მიდამოების დარბევა დაიწყო. მოულოდნელად ქართველ მეფემ მის წინააღმდეგ რაზმი გაგზავნა, რომელმაც დიდი დევნის შემდეგ ხელთ იგდო ფალდანი. მიუხედავად იმისა რომ ფალდანი მეფის ხელში იყო თბილისი კვლავ არ აპირებდა დანებებას. ბოლოს დაბოლოს თბილისის აღება მაინც შესძლეს ქართველებმა.

კვლავ თავი იჩინეს მეფის გარემოცვაში მყოფმა დიდგვაროვნებმა და ბაგრატ მეფე აიძულეს თბილისი ისევ ძველი ამირების ჩამომავალს ვიღაც სითილ არაბი დაენიშნა. ოღონდ თბილისის ამირა ამიერიდან საქართველოს მეფის მორჩილად, ყმადნაფიცად ითვლებოდა და მას ბაგრატ IV-ისათვის ყოველწლიურად 44.000 დრაჰკანი უნდა გადაეხადა.

XI საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. სუსტი ნებისყოფის მეფის გიორგი II-ის ტახტზე ასვლით ისარგებლეს სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანებმა და მას „ქვეყანა აუშალეს“.

ამის გარდა, ამ დროისათვის თურქ-სელჩუკები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. გიორგი II-მ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავი დამარცხებულად სცნო და მორჩილების გამოსაცხადებლად თვით ეახლა თურქთა იმდროინდელ სულთან მელიქ-შაჰს. გიორგი იძულებული გახდა ყოველწლიური სათურქო გადასახადიც ეკისრა. ასე გართულებულ საგარეო და საშინაო პირობების დროს მეფეს შესაძლებლობა არ ჰქონდა თბილისისათვის ყურადღება მიექცია და მის შემოერთებაზე ეფიქრა.

არსანიშნავია, რომ XI საუკუნის 80-იანი წლებიდან, თბილისში ბაგრატ IV-ის მიერ გადაყენებულ ისევ მოქალაქეების წარმომადგენელთა, ქალაქის უხუცესთა ხელში გადასულა. „თბილისს, — მოგვითხრობს არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, — დაახლოებით ორასი წლის განმავლობაში ფლობდა ბანუ-ჯაფარის მკვიდრი საგვარეულო. მაგრამ შემდეგ, მისი უფროსი წარმომადგენლები ამოწყდნენ და ქალაქის მმართველობა გადავიდა მისი მცხოვრებლების ხელში, ისე რომ თითოეული მათგანი მართავდა ქალაქს თითო თვე. ასე გაგრძელდა ორმოცი წელი“. როგორც ჩანს, ამირების ხელისუფლების მოსპობის შემდეგ, ქალაქი ვერც ქართველ მეფეს დაუბრუნებია და ვერც სხვა მუსლიმან მთავარს ჩაუგდია ხელში.

გიორგი II დიდხანს არ ყოფილა მეფედ. 1089 წელს იგი აიძულეს ტახტზე ხელი აეღო. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი, 16 წლის ჭაბუკი დავითი, შემდეგში დავით აღმაშენებლად წოდებული. დავით აღმაშენებელმა ენერგიულად დაიწყო საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამოსწორება და მალე დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ჯერ თურქ-სელჩუკთა რბევა-ლაშქრობებს მოუღო ბოლო და სულტანს სათურქო ხარკის ძლევა შეუწყვიტა. შემდეგ ურჩი ფეოდალები და გამდგარი კახეთის სამეფო დაიმორჩილა. როცა საქართველოს საშინაო ძლიერება აღადგინა, თურქ-სელჩუკთა მიერ დაპყრობილი ციხე-ქალაქების ნგანთავისუფლებისათვის დაიწყო ბრძოლა. თურქ-სელჩუკთა ერთიანი სახელმწიფო ამ დროს რამდენიმე ცალკეულ სახელმწიფოდ იყო დაშლილი. მაგრამ მაჰმადიან მფლობელებს ჯერ კიდევ ეჭირათ თბილისი და მისი მიდამოები. ამას გარდა თურქებს ქვემო ქართლის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და ციხე-სიმაგრეებიც ეპყრათ.

დავითმა პირველი იერიში სამშვილდეზე მიიტანა და 1110 წელს იგი ხელიდან გამოსტაცა თურქებს, რომელსაც ზედიზედ უბრძოლველად მრავალი ციხე-სიმაგრე შეატოვეს თურქებმა. შემდეგ 1115 წელს ქალაქი რუსთავი აიღო, 1118 წელს ლორეს ციხე. ამრიგად საქართველოს მეფე თბილისის ირგვლივ მდებარე ციხეებსა და ქალაქებს ზედიზედ იპყრობდა და თბილისს თანდათან უახლოვდებოდა. 1121 წლის 15 აგვისტოს დიდგორთან ბრძოლა გაიმართა რომლის დროსაც გადაწყდა საბოლოოდ თბილისის ბედი. დავით აღმაშენებელმა თურქების კოალიციური არმია ბრწყინვალე გამარჯვებით დაამარცხა. 1122 წელს დიდი ომის შემდეგ დავითმა თბილისიც აიღო. ისტორიული ცნობით დავით აღმაშენებელმა დაუმორჩილებელი თბილისის აღების პირველ დღეს 500-მდე მაჰმადიანი ჩამოახრჩობინა. ამის შემდეგ თბილისი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა და მოქალაქეტა წარმომადგენლების, „ქალაქის უხუცესთა“, თვითმართველობა შეკვეცა.

მას შემდეგ რაც ქალაქი იერიშით აღებულ იქნა, მოგვითხრობს არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, დავითმა აღუთქუა მცხოვრებსთ მფარველობა და კარგი მოპყრობა. მან გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადებისაგან. მას მიუნიჭებია მაჰმადიანებისათვის თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება. დაუწესებია ყოველწლიური გადასახადი ქართველებისათვის 5 დინარი, ებრაელებისთვის 4, ხოლო მაჰმადიანთათვის 3 დინარის ოდენობა.

ამგვარივე შეღავათებით სარგებლობდნენ თბილისელი მაჰმადიანები დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე I-ის დროსაც. დემეტრეს დროს თვით ფარიკი შეხვედრია თბილისში მუსლიმანებს, რომელთაც მეფე ისეთი პატივისცემით ექცეოდა თურმე, რომ ასეთს მოპყრობას ისინი ბაღდადშიაც ვერ ეღირსებოდნენო.

ამრიგად, ქართველ მეფეტა მიერ საუკუნეების განმავლობაში წარმოებული ბრძოლა თბილისის გასათავისუფლებლად ,ხოლოდ XII საუკუნის პირველ მეოთხედში დასრულდა. დავითის თანამედროვე ქართველი ისტორიკოსი სიამაყით აღნიშნავს, რომ თბილისი, რომელიც ოთხასი წლის განმავლობაში უცხოელებს ჰქონდათ, მეფემ მტერს ხელიდან გამოგლიჯა და თავის შთამომავალთ საქართველოს დედაქალაქად საუკუნოდ დაუმკვიდრაო.

თბილისის გათავისუფლების შემდეგ საქართველოს მეფემ რეზიდენცია ქუტაისიდან თბილისში გადმოიტანა. ქუთაისმ საქართველოს პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობა დაკარგა. დაეცა ერთიანი საქართველოს მეფეტა მიერ ქართლში სარეზიდენციოდ არჩეული უფლისციხის მნიშვნელობაც. ამრიგად ერთ დროს ქართლის სამეფოს დედაქალაქი, თბილისი, გაერთიანებული საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა.XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან იწყება თბილისის ნამდვილი აყვავების ხანა.

თბილისი XIII-XV საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII-XIII საუკუნის მიჯნაზე შუა აზიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე განვითარებული ფეოდალური ქვეყანა არსებობდა. მას ხვარაზმის სამეფოს უწოდებდნენ. ხვარაზმის უკანასკნელი მეფე, მუჰამედ მეორე, მონღოლებმა დაამარცხეს და მისი მიწაწყალი ცეცხლს მისცეს. დაინგრა და აღიგავა მიწისაგან პირისა ათასობით სოფელი და ქალაქი. მუჰამედი და მისი ოჯახის წევრები დასავლეთისკენ გამოიქცნენ. თვით მუჰამედი კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაიმალა და მალე იქვე გარდაიცვალა. მისი შვილი ჯალალედინი ჯერ ირანში იყო, სადაც შეეცადა შეედგინა კოალიცია მონღოლების წინააღმდეგ. ჯალალედინმა ადერბაიჯანი დაიპყრო, სხვადასხვა მაჰმადიან სამეფო-სახანოებში ელჩები გაგზავნა და მაჰმადის რჯულის დასაცავად წმინდა ომისკენ მოუწოდა. ეს წმინდა ომი ჯერ ქრისტიან საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, ხოლო, როცა საქართველოს დაიმორჩილებდა, მაშინ, მისი აზრით, თავის მთავარ მტერს მონღოლებს შეებრძოლებოდა.

თბილისი ხვარაზმელთა ბატონობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1225 წლის აგვისტოში ჯალალედინი საქართველოს შემოესია. მაშინდელი ცნობებით ჯალალედინის ლაშქარი 150-200 ათასი კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ქართველთა — 60-70 ათასი. ბრძოლა გარნისის მახლობლად მოხდა, რომელიც ქართველთა დამარცხებით დამთავრდა.

1226 წელს ჯალალედინი მცირე დაყოვნების შემდეგ თბილისისკენ დაიძრა და დიდი ბრძოლის შემდეგ მოადგა თბილისს. იგი სოღანლუღის მიდამოებში დაბანაკდა.

ჯალალედინი ფრთხილად იქცეოდა. მან იცოდა, რომ ქართველები ადვილად არ დათმობდნენ ქალაქს, ამიტომ ჯალალედინი ქალაქის მისასვლელებს გულდასმით სწავლობდა. მისი ისტორიკოსი ნესევი აღნიშნავს, რომ ჯალალედინმა სამი ათასი კაცი შეარჩია, თვითონ ჩაუდგა სათავეში და თბილისის ზღუდეები დაათვალიერაო. ქალაქის დათვალიერებამ ჯალალედინი დაარწმუნა, რომ თბილისი იოლი ასაღები არ იყო. გარდა ხელოვნური სიმაგრეებისა ქალაქი მოხერხებულ ბუნებრივ სიმაგრეებით იყო მოზღუდული. მდინარე მტკვარი თბილისს ორ ნაწილად ჰყოფდა, ერთ ნაპირზე ქალაქი იყო, ხოლო მეორეზე უზარმაზარი შიდა ციხე — სამეფო ხელისუფლების საჯდომი. ქალაქის ამ ორ ნაწილს ხიდი აერტებდა. როგორც ჩანს, როცა მტერი ქალაქს მიუახლოვდა, თბილისში დარბაზი მოიწვიეს, დარბაზს მიუღია გადაწყვეტილება სამეფო ხელისუფლების ქუთაისში გადასვლის შესახებ.

ქართველი ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ

ვიკიციტატა
„ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტანისა, აიყარა და წავიდა ქუთაისს, ხოლო თბილისის მცველად დაუტევა ლაშქარნი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი მემნა და ბოცო.“

სათანადო წყაროებიდან ირკვევა რომ თბილისის მცხოვრებთა მაჰმადიანი ნაწილი მტრის მხარეზე გადავიდა. თვით რუსუდანის ქმარმა მოღისედინმაც ცოლ-შვილი მიატოვა და ჯალალედინს ეახლა. შინაგამცემლობამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომ ქალაქის დამცველთა ერთ-ერთ ხელმძღვანელს მემნა ბოცოს ძეს ერთმა სპარსელმა ქურდულად აფთი დაჰკრა და თავი სასიკვდილოდ გაუხეთქა. ნელ-ნელა ჯალალედინის მომხრეთა რაოდენობამ დახშულ ქალაქში იმატა.

ჯალალედინის პირველი შეტევა თბილისზე მარცხით დამთავრდა. იგი იძულებული გახდა უკან დაეხია. ბრძოლა გარიჟრაჟიდან მწუხრამდე მიმდინარეობდა. მებრძოლები ბინდმა გააშორა. მეორე დღეს დილით ადრე ჯალალედინი კვლავ შეტევაზე გადმოვიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ სპარსელები დაეხმარებოდნენ შიგნიდან. ჯაჯალედინმა განჯისკარზე მიიტანა იერიში. ამ დროს თბილისელმა სპარსელებმა თავს დაესხნენ მეციხეებს და შიგნიდან გააღეს კარი. ჯალალედინი ჯარით თბილისში შემოიჭრა ხოლო ბოცო ბოცოს ძე ისანში გამაგრდა.

თბილისის მრავალსაუკოვან ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა. ჟამთააღმწერელი გულისტკივილით აღნიშნავს,

ვიკიციტატა
„რომ ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსვრად, ვიტარ ჩვილიცა ძუძუთაგან დედისატა აღიტაცნიან და წინაშე დედის ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თვალნი წარსცვივდიან და რომელსა ტვინნი და უკანის დედანი მოიკვლიან. ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნოდეს, ჭაბუკნი ეკვეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს.“

ქუჩები გვამებით აივსო, დაჭრილთა საზარელი კვნესა და ყვირილი იყო ქალაქის ყველა კუთხეში. მათი კვნესა-ვაებით იძვროდა ქალაქი. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ისანიც დაეცა. ბოცო ბოცოს ძემ მეფის თანხმობით ისანი დაცალა. სისხლიანი ჯალალედინი მთელს ქალაქს დაეუფლა.

მტრის მძლავრობა ამიერიდან კიდევ უფრო საშინელი გახდა. ჯალალედინმა მთელი მოსახლეობა ორად გაჰყო — ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. ქრისტიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. მას შემდეგ რაც ისანიც აიღო,

ვიკიციტატა
„კვლავ იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტენეთა ზედა. ესოდენ მძვინვარედ მოსვრიდა რომელ სავსე იყუნეს ფოლოცნი, ხრამნი და ხნარცვი მოკლულთა მიერ.“

რათა ქართველთა მოდგმა კიდევ უფრო შეურაცხეყო, ჯალალედინმა

ვიკიციტატა
„იწყო რღვევად ეკლესიათა. მან იკადრა და ხელყო სიონისა გუმბათსა შემუსვრად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად.“

რაღაცა უცნაური კიბე მიადგა და გადმოსახედი დაიდგა. სიონის ეკლესიიდან ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები გაამოატანინდა და მეტეხის ხიდზე პირაღმა დააწყობინა. აქ, ამ ხიდის ყურეზე, ცხვრის ჯოგივიტ მორეკეს ქრისტიანი მოსახლეობა. მათ უბრძანეს უარეყოთ ქრისტიანობა, ეღიარებინათ მაჰმადიანობა და ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატებს ფეხით შედგმოდნენ. იმ დღეებში ზეციურ საქართველოს 100 ათასი თბილისში ნაწამები ქრისტიანი შეემატა.

ქრისტიანთა ამოჟლეტვის შემდეგ ჯალალედინმა ქალაქი გაძარცვა. ნესევის სიტყვით, ჯალალედინს თბილისში იმდენი სიმდიდრე ჩავარდნია ხელში, რომ მათი აღსაწერი ქაღალდის გრაგნილებისაგან მთელი გორები დადგაო. კირაკზ გარძაკნელის თქმით თბილისის აღებისა და ქალაქის სიმდიდრის ხელთგდების შემდეგ ჯალალედინს განცხადებია: მე რომ აქ მარტო სიმდიდრისათვის მოვსულიყავი, ამისთვის თბილისის სიმდიდრე სრულიად საკმარისი იქნებოდაო.

თბილისის დაცემას მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ამბავმა მაშინდელი აღმოსავლეთი ფეხზე დააყენა. მაჰმადიანური სამყაროსაქრისტიანოს მარცხს ხედავდა თბილისსის განადგურებაში.

არაბი ისტორიკოსი იბნ-ალასირი დიდი სიხარულით აგვიღწერს ჯალალედინის გამარჯვებას და ქართველთა დამარცხებას. მანამდეო, ამბობს იბნ-ალასირი, ქართველები მაჰმადიანებს მეტად მედიდურად ეპყრობოდნენ და რაც უნდოდათ იმას სჩადიოდნენ. ადარბადაგანის თითოეული ქალაქის წინააღმდეგ მათ გალაშქრება შეეძლოთ და ვერც ერთი მოწინააღმდეგე მათ ვერ შეაჩერებდათ და ვერც ერთი დამცველი მათ ვერ უკუაქცევდათ. ქართველები არზრუმის წინააღმდეგაც ამნაირადვე იქცეოდნენ, ისე რომ არზრუმის მპყრობელი ქართველი მეფის ნაწყალობევ საპატიო სამოსლით იმოსებოდა და მას ისეთი დროშაც კი ააფრიალებინეს, რომელსაც თავზე ჯვარი ჰქონდა გაკეთებულიო.

იბნ-ალასარის სიტყვებით: „მთელ მცირე აზიაში მაშინ ქართველთა ძლიერების წინააღმდეგი არავინ იყო და ჯალალედინმა ახლა გამოიჩინა ის გულადობა, რომელიც ადარბადაგანელთ და სპარსელ ამირებს, მთავრებსა და სულტანებს აკლდათო“.

ჯალალედინი თბილისის აოხრებით არ დაკმაყოფილებულა. მან აქ სამხედრო პლაცდარმი შექმნა და იწყო ქართული პროვინციების რბევა-აწიოკება. ჟამთაათმწერელს აღნიშნული აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჯალალედინმა თბილისი მოაოხრა, ხვარაზმელებმა „იწყეს რბევად, ტყუენვად, ხოცვად და კვლად“.

მას შემდეგ, რაც თბილისი ააოხრა და აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი რაიონები დაარბია, ჯალალედინა აქ მეციხოვნე ჯარი დატოვა და თვითონ ქერმანს გაემგზავრა. თბილისში დარჩენილი ხვარაზმელთა ნაწილების უფროსად ჯალალედინმა შერეფ ელმუკი დანიშნა. მას ევალებოდა ქართველ პარტიზანთა ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა.

სექტემბრის ბოლოს ჯალალედინი კვლავ საქართველოშიდაბრუნდა და თბილისში მოვიდა. მცირე შესვენების შემდეგ თბილისიდან ხვარაზმელთა დიდი ჯგუებით ანისზე და კარზე გაილაშქრა. აქ ქართველებმა მედგარი ბრძოლა გაუმართეს მტერს და დიდი ვნება მიაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯალალედინმა დასახელებულ ქალაქების წინააღმდეგ საბრძოლველი მანქანებიც კი გამიყენა, მაინც ვერაფერს გახდა და სირცხვილეული დაბრუნდა თბილისში.

ნესევის გადმოცემით, ანისიდან დაბრუნებული ჯალალედინი თბილისში მცირე ხანს დარჩა, შემდეგ საქართველოს სხვა პროვინციებს შეესია და დიდი ალაფითა და ტყვეებით კვლავ თბილისში დაბრუნდა.

ნესევის ცნობით თბილისის ქრისტიანული მოსახლეობის ძარცვის შემდეგ ჯალალედინმა ხელი მიჰყო თბილისის მაჰმადიანი მოსახლეობის ძარცვა შევიწროვებას. ძალზედ შევიწროვებულმა მუსლიმებმა საიდუმლო მოციქულები მიავლინეს ქრისტიანებთან, მათ შორის ერთ-ერთი მოღისედინი ყოფილა. იგი ქართველებთან წავიდა და თბილისში მყოფ ხვარაზმელთა სიმცირე აცნობა.

ქართველებმა მომენტით ისარგებლეს, შეკრიბეს ჯარი, მოულოდნელად თავს დაესხნენ თბილისში მყოფ ხვარაზმელთა გარნიზონებს, ერთიანად ამოსწყვიტეს ისინი და ქალაქი გაათავისუფლეს. ეს მოხდა 1226 წლის მიწურულს.

1227 წელს ჯალალედინი ბრუნდება თბილისის ასაღებად, ქართველებმა კი მასთან შებრძოლებას თავი აარიდეს და მომხდურს გადამწვარი თბილისი შეატოვეს.

ჯალალედინის თარეში 1231 წლამდე გაგრძელდა სანამ ქურთი კაცის ხელით არ მოიკლა ბასიანის მთებში. მისი სიკვდილის შემდეგ მის მიერ შეკოწიწებული სახელმწიფო დაიშალა და საქართველოც გათავისუფლდა ხვარაზმელთა ბატონობისაგან. სამეფო ხელისუფლება ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოვიდა. დაბრუნდნენ მთებში გახიზნული მოქალაქეებიც, ქალაქმა თანდათან იწყო მოშენება, მაგრამ ხვარაზმელთაგან მიყენებული ჭრილობა თბილისს ჯერ არ ჰქონდა მოშუშებული, რომ მას ახალი დამპყრობლები — მონღოლები მოადგნენ.

თბილისი მონღოლთა ბატონობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIII საუკუნის დასაწყისში მონღო-თათართა ტომები გაერთიანდნენ და უზარმაზარი სახელმწიფო შექმნეს. მონღოლ-თათართა სახელმწიფო, განვითარების მხრივ, ადრინდელ ფეოდალურ უღტიერთობის საფეხურზე იდგა და გვაროვნული წყობილების გადმონაშთი მასში ჯერ კიდევ ძლიერი იყო. მონღოლთა სახელმწიფოს შექმნა-გაძლიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინგის-ხანს. ჩინგიზ-ხანმა მთელი რიგი რეფორმები ჩაატარა, შექმნა სამხედრო ორგანიზაცია და XIII საუკუნის ათიან წლებში იწყო სხვისი ქვეყნების დაპყრობა.

პირველად მონღოლები საქართველოში 1220 წელს გამოჩნდნენ. მათ შესახებ ქართველებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. იმდროინდელი მატიანე მათ „უცხო თესლს“ უწოდებს.

მონღოლთა ე პირველი ტალღა ჩვენი ქვეყნის დაპყრობას არ ისახავდა მიზნად. მას შემდეგ რაც ჩინგიზ-ხანმა ხვარაზმელები დაამარცხა, მის სარდლებს ჯებეს და სუბუდაის დაევალათ გასცნობოდნენ კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს.

მონღოლთა ამ პირველ ტალღას თბილისამდე არ მოუღწევია. ისინი საქართველოს სამეფოს სამხრეთ პროვინციებში შემოიჭრნენ. საქართველოს მეფე ლაშა-გიორგიმ ჯარი შეჰყარა და მდინარე ბერდუჯის ნაპირზე საგიმის ველზე გაუმართა ბრძოლა. ბრძოლა ქართველთა მარცხით დამთავრდა თუმცა თბილისამდე არ მოსულან და სამშვილდიდან დარუბანდის გზით ყივჩაღეთს გასწიეს.

მეორედ მონღოლები XIII საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდნენ, აიღეს ადერბაიჯანი და შემდეგ საქართველოს მოადგნენ. მათ აიღეს განჯა, შამქორი, ლორე, დმანისი, სამშვილდე და ბოლოს თბილისსაც მოადგნენ. სამეფო კარი მონღოლების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე ქაუთაისში გადავიდა და რუსუდან მეფემ, ქალაქის დაცვა მუხაიძეს დაავალა. მისთვის ნაბრძანაბი იყო რომ თბილისი გადაეწვათ მონღოლთა შესვლისთანავე. მონღოლებმა თბილისი სრულად დაიპყრეს და შეუდგნენ მოსახლეობის ძარცვა აწიოკებას.

რუსუდანმა მონღოლთა უმაღლეს ხელისუფლებას ელჩები გაუგზავნა, რომელთც ევალებოდათ გაერკვიათ ის პირობები რომლებსაც მონღოლების მხარე სთავაზობდა. ელჩებმა შანშემ, ავაგმა, ვარამ გაგელმა და შოთა კუპრმა როგორც ჩანს, მოაგვარეს მონღოლებთან საქმე და მას შემდეგ მონღოლთა უზენაესმა ხელისუფალმა საქართველოში

ვიკიციტატა
„წარუვლინა მუციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას შორის მათსა და მისცეს ძე მისი დავით და მისცენ მეფობა და ტფილისი და ყოველი საქართველო.“

რუსუდანი დათანხმდა ამ პირობას და შვილითურთ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან თუმცა მონღოლთა ბატონობის ქვეშ, მაგრამ მაინც კვლავ თბილისი საქართველოს დედაქალაქი გახდა.

მონღოლებთან შეთანხმების პირობა ითვალისწინებდა, რომ ქართველები აღიარებდნენ მონღოლთა უზენაესობას და ხარკს გადაიხდიდნენ, მონღოლები ჰპირდებოდნენ, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ ქართველთა შინაურ საქმეებში და რუსუდანის ძეს, დავითს დაუმტკიცებდნენ მეფობას. რადგან მონღოლთა წესის თანახმად მათ მიერ დამორჩილებული ქვეყნის მეფე დიდ ყაენს უნდა დაემტკიცებინა, ამიტომ დავით რუსუდანის ძე ყარა-ყუმს უნდა წასულიყო.

დავითი მხლებლებითურთ მონღოლეთს გაემგზავრა. რუსუდანი თბილისში დაჯდა და აქედან განაგებდა საქვეყნო საქმეებს. დრო გადიოდა, დავითი კი არსად ჩანდა. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა.

ამით ისარგებლეს მონღოლებმა და საქართველოში მმართველობის მონღოლური წესი შემოიღეს. საქართველოს მთელი მიწა-წყალი ცალკეულ სამხედრო ადმინისტრაციულ ოლქებად — დუმანებად დაჰყვეს, რომლის სათავეში ერისთავები ჩააყენეს.

დუმანის ერისთავ-მესვეურთა შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა ჰერეთ-კახეთის დუმანის მეთაური ეგარსლან ბაკურციხელი. ის „ეგზომ განდიდნა, რომელ კნინღა სახელის დებადცა მეფისა იკადრა“. მისმა ასეთმა საქციელმა ქართველი ფეოდალები დააფიქრა და რადგანაც უკვე გაგზავნილ დავითს უკან ცოცხლად დაბრუნებულს აღარავინ ელოდა ყარა-ყუმში გაგზავნეს დავითი ლაშას ძე. ადგილზე ჩასულ უფლისწულს დავითი ცოცხალი დახვედრია. მონღოლეთში ჩასულ ქართველ ფეოდალთა შორის ბრძოლა გაიმართა თუ რომელი დავითუ უნდა გამხდარიყო მეფე. საქმე ისე წარმიმართა რომ მონღოლთა მბრძანებელმა ორივე კანონიერ მეფედ აღიარა და თბილისში გამოისტუმრა.

1248 წლის ახლო ხანებში ორივე მეფე თბილისში ჩამოვიდა.

ვიკიციტატა
„მოვიდეს ტფილისს სიხარულითა და შეკრბეს კათალიკოზი და ყოველნი ეფისკოპოზნი და ყოველნი მთავარნი და ერისმთავარნი, დასხდეს ტახტსა მამათა მათსა ტფილისს დავით და დავით ორნივე.“

აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო რეზიდენცია თბილისში იყო. იქვე არსებობდა დარბაზი და სავარაუდოდ სავაზიროც. ასე რომ, ქვეყნის პოლიტიკური მაჯის ცემა, თუმცა საკმაოდ შესუსტებული, თბილისში იწყებოდა. როდესაც მონღოლთა ბატონობა აუტანელი გახდა, თბილისში, ულუ დავითის მეტაურობით, საქართველოს თავკაცები შეიკრიბნენ. მატი შეკრების მთავარი მიზანი ყოფილა დაესახათ ღონისძიებები მონღოლთა უღლისაგან თავის დასაღწევად. კირაკოზ გრანელი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს:

საქართველოს ყველა მთავარი თავისი ჯარით გამოცხადდა თბილისში დავით მეფესთან. ზოგი მათგანი შეკრებილთა წინაშე ასეთ სიტყვას ამბობდა: რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ თათრებს როდესაც ამდენი ჯარი გვყავს? მოდით, მოულოდნელად დავატყდეთ თავს, ამოვხოცოთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანაო. მაგრამ ასეთ მოსაზრებას წინ აღუდგა ავაგი... კირაკოზი განაგრძობს: ამ შეკრებულობის შესახებ ვიღაცამ აცნობა თათართა სარდალს, რომელიც თბილისთან ახლოს იყო. მან მაშინვე მიიღო ზომები, მთავართაგან ნაწილი, რომელთაც მოუსწრო, დააპატიმრა და ხელხუნდი დაადო, ხოლო იმათ, ვინც გაასწრო, მდევრები დაადევნა. ყველას უბედურება მოელოდა, რომ ერთ შემთხვევას არ ეშველაო, გვარწმუნებს კირაკოზი. მონღოლთა ერთი მხედართმთავარი ჩაღთაი, რომელიც ავაგის მეგობარი იყო, საქმეში ჩაერია და რაზმის უფროსს უთხრა: ჩვენ ყაენისაგან რწმუნება არ გვაქვს დავხოცოთ ისინი, ვინც გვემორჩილებიან და ხარკს უხდიან ყაენს. მათი შეთქმულება ჯერ გამოსარკვევია; თუ თქვენ მათ უმიზეზოდ დახოცავთ, იცოდეთ, პასუხს აგებთ ყაენის წინაშეო. ამით შეშინებულმა მონღოლთა სარდალმა ხელი აიღო შურისძიებაზე...

კირაკოზი ირწმუნება, რომ სწორედ იმ დროს, როცა თბილისში მყოფი პატიმრები ამ დღეში იყვნენ, აქ მოვიდა მეფე დავითი, ავაგი და სხვა ქართველი მთავრები. მონღოლებმა, თავიანთ ჩვეულების მიხედვით, მეფეს და მის მხლებლებს ხელ-ფეხი შეუკრეს და ასე ამყოფეს სამი დღის მანძილზე. ხელ-ფეხშეკრულებს სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ, რის შემდეგაც გამოსასყიდი გამოართვეს და გაუშვეს. ამის შემდეგ მონღოლები დაესივნენ საქართველოს კუთხეების მოსახლეობას და ააწიოკეს ისინი, ბევრი ქალი და კაცი დაატყვევეს, ხოლო ბავშვები წყალში გადაყარესო.

თბილისელთა ეს აჯანყება XIII საუკუნის 50-იან წლებში მომხდარა. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებები გრძელდებოდა.

1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყება, რომელსაც დავით ნარინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც იმდენად სერიოზული ხასიათი მიეღო რომ აჯანყების ჩასახშობად საქართველოში მყოფი მონღოლთა ჯარი საკმარისი არ ყოფილა და არღუნ ნოინი ჰულაგუ ყაენტან წასულა დამატებითი ჯარის გამოსათხოვად. ერთი წლის შემდეგ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო დავით ულუმ, თუმცა დამარცხდა და მესხეთს შეაფარა თავი. ამით ისარგებლეს მონღოლებმა და თბილისი და მთელი აღმოსავლეთი საქართველო ერთ სომეხ ვაჭარს, შადინს ჩააბარეს.

XIII საუკინის 60-იანი წლების ბოლოდან მონღოლთა სახელმწიფოში ფეოდალური ომები დაიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა თბილისი მაინც რჩებოდა მომხდურის ხელში. დავით ულუ რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა გარდაიცვალა „მუცლის სალმობით“.

თბილისი XVI-XVII საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი XVIII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი XIX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი XX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი XXI საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]